განაჩენი

სისხლის სამართლის 23.08.2018
საქმის ნომერი
330100118002508664
თარიღი
23.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--- ბ-------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ-–- რ------- ძე გ--–--ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–---- მ-------- მ--- მ/რ-ნი, კორპუსი #-- ბინა #6--–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 18:10 საათზე, თბილისში, მ-------- მ--- მ/რ-ნის მე-4 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–- გ--–--ემ რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი გ--- ა-------ს, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ლ-–- გ--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობას: დაზარალებულ გ--- ა-------ის და მოწმეების - მ-–------------–-–---–--------------------–---–----------------------------------------ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1.სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა უდავო მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ლ-–- გ--–--ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემული დანაშაულის შემადგენლობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ცემას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებაც კი, ე.ი. ისეთი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: გ--- ა-------ს სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი -ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების და დაჟეჟილობის სახით...., აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მიკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად). დანაშაულებრივი ხელყოფის ობიექტი არის ადამიანის სხეულებრივი ხელშეუხებლობა, თუმცა საბოლოო ჯამში დანაშაული საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასაც.

 

3.3. უდავო მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლ-–- გ--–--ემ, 2018 წლის 25 აპრილს ცემა დაზარალებული გ--- ა-------ი. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.6. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთანხვედრი უდავო მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ-–- გ--–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ-–- გ--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებას, ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი - ნასამართლობის არმქონეა. დასახელებული შემამსუბუქებელი გარემოებები აისახება სასჯელის სახეზე და ზომაზე.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ლ-–- გ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი).

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები 1(ერთი) დისკად - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ლ-–- გ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათი.

 

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები 1(ერთი) დისკად შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა