განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1493-18
გამოძიების #006050318004
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- ქ--------–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--- ვ-–---------- ასული ქ----–-ილი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაბადებული 1--- წლის 1------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- გ--–-------- ქუჩა #1--–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
ადვოკატი - რ----- ნ---------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში, თ---–--–-- გ------- ლ------ის ქუჩა #1--–- მცხოვრებმა მ--- ქ----–-ილმა, თავისივე საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრს, დისშვილის - მ--- ლ---–----ის მცირეწლოვან შვილს - 7 წლის ე--------- ა-----ს, რომელიც მ--- ლ---–----ემ აღსაზრდელად მიანდო მ--- ქ----–-ილს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც არასრულწლოვნის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
2.1.2018 წლის 16 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ბავშვთა უფლებების ცენტრმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგი წერილით ,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ცხელი ხაზის საშუალებით 2018 წლის 5 თებერვალს შეატყობინეს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ლ------ის ქ.#1--–-, მე-2 სართულზე მცხოვრებ არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობს ქალბატონი ბავშვის მეცადინეობის დროს, თუმცა უცნობია აღნიშნული ქალბატონი არის ბავშვის მშობელი თუ სხვა პირი. მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკური ძალადობის ფაქტს აქვს სისტემატური ხასიათი. საქმისწარმოების ფარგლებში მოგვეწოდა ვიდეო კადრები, რომელშიც ასახულია ძალადობის ფაქტი“.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ძალადობის თვითმხილველი მოწმე ა----- ქ------ა, სწორედ მან დარეკა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე, შეატყობინა არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ და მიაწოდა ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები, რომელიც მოწმემ თავად გადაიღო.
2.3.მოწმე ა----- ქ------ას ჩვენების თანახმად, 2017 წლის ზაფხულიდან, საქმროსთან ერთად ცხოვრობს თბილისში გ------- ლ------ის ქუჩა #8-ში. მათი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოს ფანჯრიდან ჩანს გ--–-------- ქუჩა #1--–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზო და შენობის ფანჯრები. მოწმის განმარტებით, გ--–-------- ქუჩა #1--–- მცხოვრები ბრალდებული სისტემატურად, მეცადინეობის დროს უყვიროდა ბავშვს. 2018 წლის 5 თებერვალს, საღამოს საათებში მოწმე თავის საქმროსთან ერთად იმყოფებოდა სამზარეულოში, როდესაც შემოესმათ ხსენებული სახლიდან ქალის ყვირილის ხმა. ვინაიდან ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მოწმეს სხვა დროსაც ჰქონდა შემჩნეული, რომ აღნიშნული ქალი მეცადინეობის დროს ბავშვს უყვიროდა, გადაწყვიტა რეაგირებისათვის მიემართა შესაბამისი ორგანოებისთვის და ამ მიზნით გადაეღო ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები. საკუთარი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოს ფანჯრიდან, მოწმემ მობილური ტელეფონით გადაიღო ბრალდებულის ბინაში განვითარებული მოვლენები, რაც ჩანდა ფანჯრიდან. მოწმის განმარტებით, ვიდეო კადრების გადაღების პროცესში იგი ხედავდა და ესმოდა თუ როგორ უყვიროდა ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულს. უმეორებდა ერთსა და იმავე ტექსტს რუსულ ენაზე: „თქვი, რომ დებილი ხარ“. ვიდეო კადრების გადაღებისას მოწმემ აშკარად დაინახა, როგორ მოიქნია ბრალდებულმა ხელი რამდენჯერმე არასრულწლოვნის მისამართით, შემდგომ მოქაჩა თმა რამდენჯერმე. ბრალდებულის მიერ მოქნეული ხელი, რომ ნამდვილად ადამიანის სხეულს ხვდებოდა აშკარად ისმოდა. მოწმემ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გადაუგზავნა სახალხო დამცველის ოფისს.
2.4.სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მოწმის მიერ სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილი ვიდეო ჩანაწერი, რაც გადაეცათ სამართალდამცავებს. ვიდეო ჩანაწერში აშკარად და ყოველგვარ ეჭვს გარეშე ჩანს ბრალდებულის მიერ მსხვერპლზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. კერძოდ ჩანაწერში ასახულია, რომ საღამოს საათებში ხელოვნური განათების პირობებში ფანჯარასთან ზის ქალბატონი, რომელიც მაგიდის მეორე მხარეს მჯდომს მიმართავს ყვირილით. შემდგომ წამოდგება და მისი მიმართულებით იქნევს ხელს. აშკარად ისმის ადამიანის სხეულზე დარტყმის ხმა, რის შემდეგაც ბრალდებული რამდენჯერმე მოქაჩავს მის წინ მჯდომს. ასევე ისმის ბავშვის ხმა, რომელიც საუბრობს რუსულ ენაზე. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი ობიექტურ დამკვირვებელსა და ნეიტრალურ პირს ნათლად დაარწმუნებს, რომ კადრებში ასახულია ფიზიკური ძალადობა.
2.5. გამოძიების ეტაპზე არასრულწლოვანი დაზარალებულის დამატებით გამოკითხვას ესწრებოდა ფსიქოლოგი თ------ ბ----–---–ი, რომელიც დაიკითხა სასამართლო სხდომაზე. ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის პროცესში ჰქონდა უშუალო კონტაქტი ე--------- ა-----თან, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა გამოკითხვის პროცესში დაადასტურა, რომ ბებიამ - მ--- ქ----–-ილმა უყვირა და შემდეგ თმაზე მოქაჩა. ფსიქოლოგმა მისი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე სასამართლოს დაუდასტურა, რომ ბავშვი გამოკითხვის დროს იყო აბსოლუტურად გულწრფელი.
2.6.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებულ ე--------- ა-----ის ბაბუა მ--------- ლ---–----ე. მოწმის განმარტებით მისმა შვილმა მ--- ლ---–----ემ მცირეწლოვანი შვილი ე--------- ა-----ი აღსაზრდელად მიანდო დეიდას მ--- ქ----–-ილს. აღნიშნულიდან გამომდინარე ე--------- ა-----ი დაახლოებით 7 წელია ცხოვრობს ბრალდებულთან მ--- ქ----–-ილთან თბილისში ლ------ის ქუჩა #1--–-. მ--- ქ----–-ილი ზრუნავდა ე--------- ა-------ე და მის მეცადინეობასაც იგი მეთვალყურეობდა.
2.7. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ე--------- ა-----მა უარი განაცხადა სასამართლოში ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ძალადობის ფაქტი დამტკიცდა თვითმხილველი მოწმის ა----- ქ------ას და ფსიქოლოგის თ------ ბ----–---–ის ჩვენებებით, ასევე ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრებით.
2.8.ბრალდებულმა მ--- ქ----–-ილმა საბოლოო სიტყვაში უარყო მისი მხრიდან ძალადობის ჩადენა და განმარტა, დისშვილმა მ--- ლ---–----ემ აღსაზრდელად მიანდო არასრულწლოვანი ე--------- ა------. მ--- ქ----–-ილი და ე--------- ა------ წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ თ---–--–-- ლ------ის ქუჩა #1--–-. ბრალდებულის განმარტებით, ძალიან განიცადა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ვიდეო კადრები და თავს კიცხავს კადრებში ასახული ემოციის გამო. 2018 წლის 5 თებერვალს, ისევე როგორც სხვა დროს, ამეცადინებდა ე--------- ა-----ს, ბავშვმა მეცადინეობის დროს საშინაო დავალებასთან დაკავშირებით ტყუილი უთხრა, რამაც იგი გააღიზი---, ვერ მოთოკა ემოციები და ბავშვს დაუყვირა, ასევე მაგიდაზე მდგარ გლობუსს დაარტყა ხელი.
2.9. ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერიდან და ნეიტრალური მოწმის ა----- ქ------ას ჩვენებიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის განმარტება, თითქოსდა მან გაბრაზებისგან ხელი დაარტყა გლობუსს და არა ბავშვს. ვიდეოჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ ბრალდებული ხელს იქნევს მრავალჯერ. ამასთან აშკარად ისმის ადამიანის სხეულზე დარტყმის ხმები. სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მ--- ქ----–-ილის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული გლობუსი. გლობუსი არის იმდენად მცირე ზომის, მსუბუქი და მყიფე, რომ ერთი დარტმის შედეგადაც კი გლობუსი დავარდებოდა მაგიდაზე და იგი ვერ შეინარჩუნებდა მყარ სტატიკურ მდგომარეობას შემდეგი დარტყმების დროს. გარდა ამისა, დაცვის მხარის ვერსიას გამორიცხავს ის გარემოებაც, რომ კადრებში დარტყმებთან ერთად ჩანს ხელის მოძრაობით თმის მოქაჩვის პროცესი, ხელის ამგვარი მოძრაობა გამორიცხავს გლობუსზე მოქაჩვით კონტაქტს.
2.10.დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #2--------------წ, რომლის თანახმად, ე--------- ა-----ის ფსიქოლოგიური კვლევისას არ გამოვლინდა ის სიმპტომატიკა, რაც ზოგადად დამახასიათებელია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, - სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ვერ შეძლო კონკრეტული პასუხის გაცემა კითხვაზე: ერთჯერადი ძალადობის აქტის შემთხვევაში, როგორც ამას ბრალდების მხარე ედავება მ--- ქ----–-ილს, ექნებოდა თუ არა დაზარალებულს მსხვერპლისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური სიმპტომები. ამ კითხვაზე პასუხის გაუცემლობამ სასამართლო დაარწმუნა, რომ ექსპერტიზა არ არის ყოველმხრივი და ობიექტური. დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში დაზარალებული ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული და ბეჯითი მოსწავლე, როგორიც რეალურად არის, - სასამართლოს მიერ გაზიარებული ასევე არ იქნა. სასამართლოს შეფასებით, ერთჯერადი ფიზიკური ძალადობა, როგორც ამას ბრალდების მხარე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ედავება ბრალდებულს, ნეგატიურ ასახვას ვერ ჰპოვებდა ბავშვის აკადემიურ მისწრაფებაზე. სასამართლო ამ შეფასების დროს ეყრდნობა ფსიქოლოგ თ------ ბ----–---–ის ჩვენებას, რომელსაც პროფესიული კუთხით გააჩნია გამოცდილება არასრულწლოვნებთან ურთიერთობის. ფსიქოლოგის განმარტებით, ერთჯერადი ფიზიკური ძალადობის აქტი ვერ ჰპოვებდა მსხვერპლზე იმ ხარისხის ფსიქოლოგიურ გავლენას, რომ ამას ასახვა მოჰყოლოდა მის აკადემიურ მოსწრებასა და წარმატებულობის ხარისხზე.
2.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები ი--- ხ-------–---–ი, ნ-------- გ---–---–ი და ა----–---------ძე. ხსენებული პირები დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში სასამართლოს არ აწვდიან რაიმე მნიშნელოვან ინფორმაციას. მათი ჩვენები მიმართულია მხოლოდ ბრალდებულის, როგორც კარგი ბებიის წარმოსაჩენად. გარდა იმ ფაქტისა, რომ არცერთი ხსენებული მოწმე შესწრებია უშუალოდ დანაშაულებრივ ფაქტს, საგულისხმოა მათი დამოკიდებულება ზოგადად ბავშვზე ძალადობასთან მიმართებაში. მოწმეების ნ-------- გ---–---–ისა და ა----–---------ძის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც თუ უშუალოდ შეესწრებოდნენ ბებიის მხრიდან არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტს, ისინი შეეცდებოდნენ თავად გასაუბრებოდნენ ბრალდებულს და არავითარ შემთხვევაში არ დარეკავდნენ სამართალდამცავ ორგანოებში. რაც შეეხება მოწმე ი--- ხ-------–---–ის დამოკიდებულებას ბრალდებულთან, მისივე განმარტებით იგი თვეების განმავლობაში ცხოვრობდა მ--- ქ----–-ილის ბინაში და მისი მადლიერია, ამ გარემოებამ გამოკვეთა მისი ტენდენციურობა, მოწმე დავალებულად გრძნობს თავს ბრალდებულის წინაშე. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ ხსენებულ პირთა ჩვენებები მოტივირებულია მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილით.
2.12. დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა ბრალდებულის მამხილებელი არსებითი მტკიცებულების - ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობა, რასაც სასამართლო არ იზიარებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. სასამართლო სხდომაზე ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში, დაცვის მხარემ დაკითხა სადავოდ გამხდარი ნივთიერი მტკიცებულების ვიდეო ჩანაწერის შემქმნელი პირი ა----- ქ------ა, რომელმაც დაადასტურა ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობა, ასევე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში თავადვე შეაფასა ვიდეო ჩანაწერი, განაცხადა რომ ჩანაწერში ასახული ემოციის გამო არის განცდებში, იგი ხელს ურტყამს არა დაზარალებულს, არამედ გლობუსს. ბრალდებულმა ამ პოზიციით თავადვე დაადასტურა ჩანაწერის ავთენტიკურობა, უბრალოდ მასში ასახულ მოვლენებს მისცა მისეული ინტერპრეტაცია. დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში ასევე მოითხოვა ვიდეო ჩანაწერის გაუზიარებლობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ჩანაწერზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა (ადვოკატს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის ექსპერტიზაზე აპელირებდა), სასამართლოს მიერ არც ეს არგუმენტი არ იქნა მხედველობაში მიღებული ორი გარემოებიდან გამომდინარე: 1. ვიდეო ჩანაწერი ავთენტიკურია, ვინაიდან ამ ჩანაწერის შექმნელმა თავად დაადასტურა მისი ნამდვილობა. 2. ვიდეო ჩანაწერში ასახული მოვლენები იმდენად მკაფიოა, რომ ძალადობის და მოძალადის იდენტიფიცირების პრობლემა არ დგას.
2.13. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთანალიზისა და შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ 2018 წლის 5 თებერვალს, მ--- ქ----–-ილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან - ე--------- ა-----ს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, მ--- ქ----–-ილის მიმართ ბრალადშერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. რაც შეეხება მ--- ქ----–-ილის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადგინდა, რომ ბრალდებულს ძალადობის ჩადენის დროს შეცნობილი ჰქონდა მსხვერპლის ასაკი, ე--------- ა-----ი დაბადებულია 2010 წლის 4 აპრილს. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირის მიმართ (მინდობით აღსაზრდელი), რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.
3.4. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 5 თებერვალს, არასრულწლოვან ე--------- ა-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ეს უკანასკნელი დასტურდება უშუალოდ ვიდეოჩანაწერით, სადაც ისმის აღელვებული ბავშვის ხმა. ამასთან ობიექტურად შეუძლებელია სრულწლოვანი პირის მიერ შვიდი წლის ბავშვზე განხორციელებულმა მსგავსი ტიპის ფიზიკურმა ძალადობამ მასში არ გამოიწვიოს ტკივილი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედება არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
3.5. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ ავალდებულს ხელშემკვრელ მხარეებს, რომ ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენა მხედველობაში იქნეს მიღებული, როგორც დამამძიმებელი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენა წარმოადგენს დამატებით მაკვალიფიცირებელ გარემოებას და ისჯება უფრო მკაცრად.
3.6. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა მ--- ქ----–-ილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ--- ქ----–-ილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონისმიერი პასუხი ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულებრივი ქმედების შედარებით მცირედ მასშტაბს. ამ მოცემულობაში სასამართლო ვერ ხედავს მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის მიზანს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და იქნება საკმარისი შემაკავებელი ბერკეტი, რაც გამორიცხავს მ--- ქ----–-ილის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე.
5.3. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მ--- ქ----–-ილის სათანადო ქცევას, რათა არ გაგრძელდეს დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. 2 (ორი) ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ უნდა იქნეს მისი შენახვის ვადით.
6.2. მ--- ქ----–-ილის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული გლობუსი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--- ქ----–-ილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მარტის განჩინებით მ--- ქ----–-ილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
მ--- ქ----–-ილის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული გლობუსი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა