გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/14745-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე: ს----------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი: გ---–--------ავა
მოპასუხე: სს „---------------------------------------–-------
წარმომადგენელი: ა------------------ი
დავის საგანი: სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „---------------------------------------–-----ს“ ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაევალოს განადგურებული ავტომანქანების:
„შკოდა ოქტავია სკაუტი“, სახ.N A-------- საბაზრო ღირებულებით 23150,81 ლარი;
„შკოდა ოქტავია“ სახ. N A-------- საბაზრო ღირებულებით - 22111,20 ლარი;
„შკოდა ოქტავია“ სახ. N N------ საბაზრო ღირებულებით - 14478,48 ლარი.
სხვა იგივე მოდელის ავტომანქანებით ჩანაცვლება, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ღირებულების ფარგლებში.
(მოსარჩელემ 24.05.2018 წელს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე თანხმობა განაცხადა ავტომანქანების ჩანაცვლების შემთხვევაში დაზიანებული ავტომანქანების როგორც ჯართის მოპასუხისათვის გადაცემაზე).
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის 21.12.2015 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება შს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტომანქანების დაზღვევის თაობაზე. სადაზღვევო პერიოდში განადგურდა სამი ავტომანქანა. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში დამზღვევის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კონკრეტული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად. შესაბამისად, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შემცირებას.
შ---------------------------ომ მოსთხოვა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც გულისხმობს განადგურებული ავტომანქანის ჩანაცვლებას ნარჩენი ღირებულების შესაბამისად. თუმცა სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე. იგი თანახმაა მხოლოდ ისეთ ანაზღაურებაზე, რა დროსაც დაზღვეული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ნარჩენ ღირებულებასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო თანხას გამოაკლდება უკვე ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ კომპანია მზადყოფნას აცხადებს მოახდინოს ახალი (მსგავსი) ავტომანქანების ჩანაცვლების ნაცვლად ფულადი თანხით ანაზღაურება, ხოლო ანაზღაურებისას სადაზღვევო თანხას დააკლდება როგორც ავტომანქანის ჯართის ღირებულება, ასევე უკვე ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევებით გამოწვეული ზიანის თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------–----–---------------------------ოს და სს „---------------------------------------–-----ს“ შორის 2015 წლის 31 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დანართი N2-ით განსაზღვრული, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა, ხელშეკრულების და დანართი N1, N2, N3, N4, N5 და N6-ის პირობების შესაბამისად (2.1. პუნქტი). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1104193 ლარით (3.1. პუნქტი). ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რაც მხარეთა შორის დადებული 31.01.2017 წლის შეთანხმებით გაგრძელდა 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 31.12.2015 წლის N8-- ხელშეკრულება;
- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 31.01.2017 წლის N21 შეთანხმება.
3.1.2. ხელშეკრულების დანართი N3-ით განისაზღვრა სადაზღვევო რისკები და ტარიფები, რომლის ერთ-ერთ პირობად გათვალისწინებული იქნა: დაზიანება ან მთლიანი განადგურება, რაც გამოწვეულია რაიმე საგნის დაცემით, მოხვედრით. ამასთან, სრულ განადგურებად ჩაითვლებოდა ისეთი შემთხვევა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულება აღემატება დაზღვევის მომენტისთვის სადაზღვევო თანხად განსაზღვრული ღირებულების 65%-ს ან მეტს პროცენტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების დანართი N3.
3.1.3. დანართი N5-ით მხარეები შეთანხმდნენ ზარალის (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ზარალის ანაზღაურების პირობებსა და ინსტრუქციებზე, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად: სატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების ფაქტის დადგომისას, ზიანის ანაზღაურება განხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: „თუკი სერვის-ცენტრის მიერ შედგენილ და მხარეთა წარმომადგენლების მიერ ხელმოწერით დამოწმებულ დეფექტურ აქტში დაფიქსირებული თანხა აღემატება სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომენტისთვის სადაზღვევო თანხად განსაზღვრული ღირებულების 65%-ს, ავტომატურად ფიქსირდება სრული განადგურების შემთხვევა, რის საფუძველზეც დამზღვევი უნდა დაკმაყოფილდეს სხვა (მსგავსი) სატრანსპორტო საშუალებით .... ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში დამზღვევის სატრანსპორტო საშუალებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კონკრეტული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების დანართი N5.
3.1.4. ხელშეკრულების დანართი N2-ით შეთანხმებული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართ კომპანია კისრულობდა ხელშეკრულებით შეთანხმებული დაზღვევების მომსახურებას. დანართში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებიდან სრულად განადგურდა სამი ავტომანქანა: SKODA OCTAVIA SCAUT სახელმწიფო ნომრით - A------, SKODA OCTAVIA, სახელმწიფო ნომრით- A------ , SKODA OQCTAVIA, სახელმწიფო ნომრით - N------. ზიანის შეფასების აქტებში მითითებულია, რომ დასახელებული სატრანსპორტო საშუალებების აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის რეკომენდირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დანართი N2;
- სადაზღვევო კომპანიის 13.10.2016 წლის, 18.11.2016 წლის და 20.02.2017 წლის წერილები.
3.1.5. სახელმწიფო შესყიდვის გაფორმების დროისთვის დასახელებული სამი სატრანსპორტო საშუალების ღირებულება განისაზღვრა:
სახელმწიფო ნომრით - A------ სატრანსპორტო საშუალების - 23150,81 ლარით, სახელმწიფო ნომრით- A------ სატრანსპორტო საშუალების - 22111,20 ლარით და სახელმწიფო ნომრით - N------ სატრანსპორტო საშუალების - 14478,48 ლარით.
ხოლო ზიანის შეფასების აქტების თანახმად, სრული განადგურების შემდგომ სატრანსპორტო საშუალებების ნარჩენი ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად:
სახელმწიფო ნომრით - A------ სატრანსპორტო საშუალების - 2000 აშშ დოლარით, სახელმწიფო ნომრით - A------ სატრანსპორტო საშუალების - 2000 აშშ დოლარით და სახელმწიფო ნომრით - N------ სატრანსპორტო საშუალების - 1000 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დანართი N2;
- შპს „ავტოექსპერტიზის“ 23.12.2016 წლის, 12.10.2016 წლის და 16.06.2017 წლის დასკვნები.
3.1.6. დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სამივე სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მათ სრულად განადგურებამდე, სს „---------------------------------------–-----ის“ მხრიდან განხორციელდა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რამაც შეადგინა:
სახელმწიფო ნომრით- A------ სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - 2376 ლარი, სახელმწიფო ნომრით - N------ სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში- 483 ლარი,სახელმწიფო ნომრით A------ სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში- 660 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტები;
- მიღება-ჩაბარების აქტები;
- საგადახდო დავალებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაზღვევო თანხა (თანხის მაქსიმალური ოდენობა, რაც უნდა გადაიხადოს სადაზღვევო კომპანიამ ზარალის დადგომისას) დაზღვეული ობიექტის ტოლი ღირებულების თანხით განისაზღვრა და შეადგენდა:
სახელმწიფო ნომრით - A------ ავტომანქანის შემთხვევაში 23150,81 ლარს, სახელმწიფო ნომრით - A------ ავტომანქანის შემთხვევაში 22111,20 ლარს და სახელმწიფო ნომრით - N------ ავტომანქანის შემთხვევაში 14478,48 ლარს.
აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა ხელშეკრულების N5 დანართის ერთ-ერთი პირობა, რომლის თანახმად, ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში დამზღვევის სატრანსპორტო საშუალებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს კონკრეტული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად.
სადაზღვევო თანხის ოდენობა ხელშეკრულებით თანხმდება. სამოქალაქო კოდექსის 821-ე და 823-ე ნორმების შინაარსიდან გამოდინარე, ასანაზღაურებელი თანხა, არის თანხა, რაც ქონების დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მზღვეველმა უნდა აანაზღაუროს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. სადაზღვევო ანაზღაურება კი ზოგადი წესების თანახმად, სადაზღვევო თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს. თავის მხრივ, სადაზღვევო თანხა, არის თანხა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველმა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უნდა აუნაზღაუროს დამზღვევს ზიანი და მისი ოდენობა ზოგადი წესებიდან გამომდინარე არ უნდა აღემატებოდეს დაზღვეული ქონების ღირებულებას.
ქონების დაზღვევის არსის გათვალისწინებით, ქონების დაზღვევისას დამზღვევს ეკრძალება დამდგარი ზიანის ზუსტ ოდენობაზე მეტი ანაზღაურების მიღება. ანაზღაურების პრინციპის მიზანია, დამზღვევი ჩააყენოს იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ის ზიანის დადგომამდე იმყოფებოდა, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
სამოქალაქო კოდექსის 821-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სადაზღვევო თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს ყველა იმ დაზღვეული რისკების (სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის) ანაზღაურება, რაც ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება. შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების სრულად განადგურების დროს როდესაც მთლიანი სადაზღვევო თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს ანაზღაურება ასანაზღაურებელ თანხას უნდა გამოაკლდეს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ამ ხელშეკრულების ფარგლებში ცალკეული სადაზღვევო შემთხვევების დროს მანამდე ანაზღაურებული თანხები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით და მისი დანართებით ს----------–----–---------------------------ოს მოთხოვნით დაზღვეული იქნა N2 დანართში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების, ასევე მათი მთლიანად განადგურების რისკები. ამავე დროს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო თანხა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების ტოლი ღირებულების თანხით განისაზღვრა. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ დასახელებული სატრანსპორტო საშუალებების სრულად განადგურებამდე სს „---------------------------------------–-----ის“ მხრიდან განხორციელდა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და მისი ოდენობა შეადგენს 2376 ლარს, 483 ლარს და 660 ლარს. სწორედ ამ თანხით შემცირდა სადაზღვევო თანხის ოდენობა და ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში სადაზღვევო თანხა შეესაბამება დაზღვეული ქონებების ღირებულებას, უკვე ანაზღაურებული ზიანის თანხის ოდენობით შემცირდა ქონებების ღირებულებაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დანართი N5.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 319-ე, 799-ე, 820-ე, 821-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე. ხოლო ხელშეკრულების შეთანხმებული პირობის დადგომის შემთხვევაში კი მხარეებს წარმოეშობათ ვალდებულება შეასრულონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რაც სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას უნდა შესრულდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით, ხოლო 821-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებული იყვნენ დაზღვეული ქონების განადგურების შემთხვევაში მისი მსგავსი ქონებით ჩანაცვლების ვალდებულების შესრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისგან ვალდებულების ნატურით შესრულებას.
დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით და მისი დანართებით ს----------–----–---------------------------ოს მოთხოვნით დაზღვეული იქნა N2 დანართში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების, ასევე მათი მთლიანად განადგურების რისკები, რა დროსაც დაკონკრეტდა, თუ რა შემთხვევა ითვლება სატრანსპორტო საშუალების სრულად განადგურებად და ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს დამზღვევის დაკმაყოფილება. შეთანხმების თანახმად, ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სხვა (მსგავსი მოდელის) სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლებით, განადგურებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების შესაბამისად.
ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა დაზღვეული ქონების სრულად განადგურებით დამდგარი ზიანის სხვა (მსგავსი მოდელის) სატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლებით ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო თანხა მოიცავდა როგორც ქონების მიმდინარე ზიანით ასანაზღაურებელ თანხას, ასევე სრული განადგურების შემთხვევაში დამდგარი ზიანის ოდენობას. ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების სრულად განადგურებამდე სს „---------------------------------------–-----ის“ მხრიდან განხორციელდა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, მათი სრულად განადგურებისას ანაზღაურება უნდა მოხდეს დარჩენილი ლიმიტის ფარგლებში.
ამავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ განადგურების შემდგომ სამივე სატრანსპორტო საშუალებას აქვს ნარჩენი ღირებულება და ისინი ჯართის სახით საკუთრებაში უნდა გადაეცეს სს „---------------------------------------–-----ს“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს განადგურებული სატრანსპორტო საშუალებების ტოლფასი ღირებულების, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლება, რაც მოპასუხემ ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ახალი სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლების ნაცვლად დაადასტურა კომპანიის მზაობა დარჩენილი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში თანხის ანაზღაურების შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და სს „---------------------------------------–-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 3591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი სს „---------------------------------------–-----ის“ წინააღმდეგ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე სს „---------------------------------------–-----ს“ ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაევალოს განადგურებული ავტომანქანების ჩანაცვლება მსგავსი მოდელის ავტომანქანებით, რომელთა საბაზრო ღირებულების ფარგლები განისაზღვროს:
სატრანსპორტო საშუალების -შკოდა ოქტავია სკაუტის“, სახ.N A-------- მსგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 22490,81 ლარით;
სატრანსპორტო საშუალების -„შკოდა ოქტავიას“ სახ. N A-------- მგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში შემთხვევაში - 19735,2 ლარით და
სატრანსპორტო საშუალების- „შკოდა ოქტავიას“ სახ. N N------ მსგავსი მოდელით ჩანაცვლების შემთხვევაში - 13995,48 ლარით.
3. სატრანსპორტო საშუალებების („შკოდა ოქტავია სკაუტი“, სახ.N A--------; „შკოდა ოქტავია“ სახ. N A--------, „შკოდა ოქტავია“ სახ. N N------ ) ნარჩენი ჯართი საკუთრების უფლებით გადაეცეს სს „---------------------------------------–-----ს“;
4. სს „---------------------------------------–-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე