გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.10.2018
საქმის ნომერი
140310018002560498
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002560498

საქმე № 3/196-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ბ-–-- ხ---–---–ი

წარმომადგენელი: გ------- ა-----–---–-

 

მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი: მ------ ბ---–----------

 

მესამე პირი: რ--------- ხ---–---–ი

წარმომადგენელი: მ-----–- გ------–---

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

რ--------- ხ---–---–ისათვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 344 მ2 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია 55,10 მ2 საცხოვრებელი შენობა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 თებერვლის № 9 განკარგულებისა და 2018 წლის 27 თებერვლის № 6 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ბ-–-- ხ---–---–ისა (პირ. № 5----------) და რ--------- ხ---–---–ის (პირ. № 5----------) მამამ - პ------ ხ---–---–მა 1980-იან წლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე ააშენა სახლი, რაშიც ფიზიკურად ეხმარებოდნენ შვილები - ბ-–--ი და რ---------ი. მათი მამა ისე გარდაიცვალა, რომ მითითებული სახლი საცხოვრებლად გამართული არ იყო, თუმცა ოჯახის წევრები პერიოდულად მიდიოდნენ იქ.

 

მოპასუხემ უკანონოდ უღიარა ერთპიროვნული საკუთრების უფლება რ--------- ხ---–---–ს, რადგან ეს ქონება იყო მათი მამის სამკვიდრო ქონება და კანონმდებლობით თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრების მოთხოვნის უფლება აქვთ მემკვიდრეებს.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ რ--------- ხ---–---–ის მიერ კომისიაში წარდგენილი იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილები, რომლითაც სოფელ ტ-------ში მცხოვრები 3 პირი ადასტურებდა, რომ სადავო ნაკვეთს თვითნებურად დაეუფლა რ--------- ხ---–---–ი და მან ააშენა სახლი, რაც საკმარისი იყო მისთვის საკუთრების უფლების ასაღიარებლად.

 

მესამე პირის მითითებით, სადავო სახლი მთლიანად მისი პირადი და მისი ოჯახის ერთიანი ფიზიკური შრომით და დანაზოგით იქნა აშენებული; არც ბ-–-- ხ---–---–სა და არც მის მშობლებს რაიმე სახის მატერიალური სახსრები ან ფიზიკური შრომა გაწეული არ აქვთ. მამა - პ------ ხ---–---–ი 1952 წლიდან იყო შრომისუუნარო, სამხედრო ინვალიდი, ფიქიკურად დაავადებული და ალკოჰოლდამოკიდებული; მას არ შეეძლო სახლის აშენება და არ გააჩნდა სათანადო მატერიალური სახსრები, ხოლო დედა - ფ----- ხ---–---–ი იყო დიასახლისი, ცხოვრობდა სოფელ ო-----–--ში, და სოფელ ტ-------ში ნამყოფია მხოლოდ 1-2-ჯერ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 თებერვლის № 9 განკარგულებით აღიარებული იქნა რ--------- ხ---–---–ის საკუთრების უფლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 344 მ2 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია 55,10 მ2 საცხოვრებელი შენობა, რის საფუძველზეც 2018 წლის 27 თებერვალს გაიცა № 6 საკუთრების უფლების მოწმობა.

 

მტკიცებულება: 2018 წლის 16 თებერვლის № 9 განკარგულება, 2018 წლის 27 თებერვლის № 6 საკუთრების უფლების მოწმობა.

 

3.2.2. მითითებული ადმინისტრაციული წარმოებისას რ--------- ხ---–---–ის მიერ წარდგენილი იქნა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მცხოვრებ მ------ კ-----–-–---–ის, ი--------–----–---–ისა და ბ-----–-- ქ---------ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი, რომლებიც ადასტურებენ, რომ რ--------- ხ---–---–ი ფლობს 344 მ2 მიწის ნაკვეთს, რომელზეც დგას მის მიერვე 1980 წელს აშენებული 1 საცხოვრებელი შენობა;

 

მტკიცებულება: 2017 წლის 1 ნოემბრის სანოტარო წესით ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებული აქტი.

 

3.2.3. 2018 წლის 27 თებერვლის № 6 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რ--------- ხ---–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 344 მ2 მიწის ნაკვეთი და 55,10 მ2 საცხოვრებელი შენობა № 6--6--0--2-- საკადასტრო კოდით;

 

მტკიცებულება: 2018 წლის 13 მარტის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.4. ფ----- ზ-----ე და პ------ ხ---–---–ი რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 1955 წელს (ცოლს მიენიჭა ქმრის გვარი), რომელთა შვილებიც არიან რ--------- და ბ-–-- ხ---–---–ები;

 

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა, ბ-–-- ხ---–---–ის დაბადების მოწმობა, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.5. პ------ ხ---–---–ი 195 წლიდან იყო მე-2 ჯგუფის ინვალიდი უვადოდ, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს;

 

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა, სამამულო ომის ინვალიდის, საპენსიო წიგნაკები, პენსიონერის მოწმობა, საპენსიო მოწმობა.

 

3.2.6. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 9 სექტემბერს გაიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რომლითაც მოძალადედ ჩაითვალა ბ-–-- ხ---–---–ი, რომელსაც, ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, აეკრძალა მსხვერპლთან - ფ----- ხ---–---–თან მიახლოება;

 

მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი.

 

3.2.7. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოში შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მიცემულ ახსნა-განმარტებაში ფ----- ხ---–---–მა მიუთითა, რომ ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-----–--ში, შვილთან - ბ-–-- ხ---–---–თან ერთად; მეორე შვილმა - რ--------- ხ---–---–მა სოფელ ტ-------ში აიშენა საცხოვრებელი ბინა თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთში; ბ-–--ი ითხოვს დედისაგან, რომ თქვას, თითქოს, ეს მიწა და სახლი ეკუთვნოდა მის მეუღლეს - პ------ ხ---–---–ს და არის მამა-პაპეული, რათა შემდგომ მოხდეს ქონების გაყოფა მემკვიდრეებს შორის; ფ----- ხ---–---–მა მიუთითა, რომ ის, რასაც მისგან მოითხოვს ბ-–--ი, არის სიცრუე, რადგან სოფელ ტ-------ში ბინა ააშენა რ---------მა თავისი ხარჯებით, მის აშენებაში მშობლებს (პ------სა და ფ-----ს) მონაწილეობა არ მიუღიათ, რის გამოც იგი ტყუილს არ იტყვის;

 

მტკიცებულება: 2018 წლის 8 სექტემბრის გასაუბრების ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებით) დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებას თვითნებურად დაეუფლა რ--------- ხ---–---–ი და არა მათი მამა - პ------ ხ---–---–ი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე დაინტერესებულ პირს წარმოადგენს ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

 

აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიზნებისათვის, თვითნებურად დაკავებული მიწის საკუთრებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს პირი, რომელიც უშუალოდ დაეუფლა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ან მისი სავაურაუდო მემკვიდრე, ან უფლებამონაცვლე.

 

მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, ვინ წარმოადგენდა სადავო მიწის თვითნებურად დამკავებელ პირს: რ--------- და ბ-–-- ხ---–---–ების მამა - პ------ ხ---–---–ი, თუ უშუალოდ რ--------- ხ---–---–ი.

 

ამ საკითხის გარკვევას მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ, თუ თვითნებურად დამკავებელ პირად ჩაითვლება პ------ ხ---–---–ი, მაშინ სადავო ფართზე პრეტენზიის გაცხადების უფლება აქვთ მის სავარაუდო მემკვიდრეებს, მათ შორის რ--------- და ბ-–-- ხ---–---–ებს, ხოლო, თუ დადგინდა, რომ თვითნებურად დამკავებელი პირი რ--------- ხ---–---–ია, მაშინ სადავო ფართზე უფლებამოსილ პირად მხოლოდ ეს უკანასკნელი მიიჩნევა.

 

მითითებული კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა ერთ-ერთ მტკიცებულებად უნდა წარადგინოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დასახელებული საკანონმდებლო ჩანაწერით მიწის თვითნებურად დაუფლების ერთ-ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება მოწმეთა ჩვენებაა.

 

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ამგვარ საქმეებში მიწის თვითნებურად დაუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, როგორც წესი, მოწმეთა ჩვენებაა.

 

ამგვარი პრაქტიკა არსებითად განპირობებულია იმით, რომ რაიმე სახის დოკუმენტი თვითნებურად (ანუ არამართლზომიერად) დაკავებულ მიწაზე ხშირად არც არსებობს.

 

ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, რაც, როგორც აღინიშნა, მითითებული კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს მტკიცებულებას.

 

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას რ--------- ხ---–---–ის მიერ კომისიაში წარდგენილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მცხოვრებ მ------ კ-----–-–---–ის, ი--------–----–---–ისა და ბ-----–-- ქ---------ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი, რომლებიც ადასტურებენ, რომ რ--------- ხ---–---–ი ფლობს 344 მ2 მიწის ნაკვეთს, რომელზეც დგას მის მიერვე 1980 წელს აშენებული 1 საცხოვრებელი შენობა.

 

ამ პირებმა იგივე შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზეც;

 

ბ-----–-- ქ---------ის მითითებით, რ--------- და ბ-–-- ხ---–---–ები მისი მეუღლის ბიძაშვილები არიან; 1981 წელს ბ-----–-- ქ---------ემ და მისმა მეუღლემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში ააშენეს საცხოვრებელი სახლი, ხოლო რ--------- ხ---–---–მა - 1984 წელს. რ---------ის სახლის მშენებლობისას, ბ-----–-- ქ---------ე ეხმარებოდა მას: მის სახლში უმზადებდნენ საკვებს მუშებს, ღამით იქ ეძინა რ---------სა და მის მეუღლეს; იგი უშუალოდ ესწრებოდა რ---------ის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს - სახლის საძირკვლისათვის მიწის გაჭრისა და საძირკვლის ჩასხმიდან სახლის გადახურვამდე. მშენებლობისას იქ პ------ ხ---–---–ი მხოლოდ 1-2-ჯერ ყავს ნანახი, ხოლო ამ პერიოდში ბ-–-- ხ---–---–ი იქ საერთოდ არ უნახავს. რ---------ს იატაკის დაგებაში ეხმარებოდა ბ-----–-- ქ---------ის მეუღლეც.

 

მ------ კ-----–-–---–ის მითითებით, რ---------ი და ბ-–--ი მისი მეუღლის ბიძაშვილები არიან; დაოჯახებიდან, ანუ 1974 წლიდან მყარი კავშირი აქვს სოფელ ტ-------თან (მისი მეუღლის სოფელი, სადაც აქვთ აგრეთვე სახლიც); სადავო ფართზე სახლის მშენებლობას ახორციელბდა მხოლოდ რ---------ი დაახლოებით 1980 წლიდან; მშენებლობისას იქ პ------, ფ----- და ბ-–-- ხ---–---–ები საერთოდ არ უნახავს; მისი ინფორმაციით, რ---------ს სახლის აშენება ესაჭიროებოდა იმის გამო, რომ იყო ბ-–--ზე უფროსი; დედ-მამის სახლში საცხოვრებლად და მის საკუთრებად დარჩა ბ-–--ი სოფელ ო-----–--ში; სახლის გადახურვაში რ---------ს ეხმარებოდა მ------ კ-----–-–---–ის მეუღლეც.

 

ი--------–----–---–ის ჩვენებით, რ--------- ხ---–---–ი მისი მეუღლის ბიძაშვილია, ბ-–--ს საერთოდ არ იცნობს. დაოჯახების შემდეგ, 1985 წლიდან მყარი ურთიერთობა აქვს სოფელ ტ-------თან (მისი მეუღლის სოფელი, სადაც აქვთ აგრეთვე სახლიც); სადავო ფართზე სახლის მშენებლობას ახორციელბდა რ---------ი, რისთვისაც ი--------–----–---–ის მეუღლემ ათხოვა ფიცრებიც.

 

მ------ ხ---–---–ის მითითებით, რ---------ი მისი მეუღლეა; ოფიციალურ ქორწინებაში ისინი გატარდნენ 1992 წელს. დაქორწინებამდე მისთვის ცნობილი იყო, რომ სოფელ ტ-------ში ორმა პირმა გაინაწილა კალოსთვის განკუთვნილი ტერიტორია და ააშენეს სახლები; როდესაც რ---------თან შექმნა ოჯახი, სოფელ ტ-------ში სახლის კედლები უკვე ამოყვანილი იყო, სახლის გადახურვა, შეღებვა მათ ერთად აწარმოეს; მუშები მის მეუღლეს აყავდა, თავისი ხარჯით აწარმოებდა ყოველგვარ სამშენებლო სამუშაოს, ღამით რჩებოდნენ სოფელში. ამ სახლის გასაღები მათ ჰქონდა და დღესაც მათ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მამის დანატოვარი სახლი სოფელ ო-----–--ში ბ-–--ს დარჩა საკუთრებაში, რ---------მა კი თვითონ შეიძინა იქ სახლი, ბ-–--ი მაინც ედავებოდა ყველაფერზე, რომ, თითქოს, სახლი და ავტომობილი პ------მ უყიდა რ---------ს.

 

მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის - ა------ დ-------–ის მითითებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-----–--ში ცხოვრობს რ--------- და ბ-–-- ხ---–---–ების მეზობლად; პ------ ხ---–---–ისგან გადმოცემით იცოდა, რომ იგი სოფელ ტ-------ში სახლს აშენებდა და გადასახლება უნდოდა; ეუბნებოდა, რომ ფ-----მ (პ------ს მეუღლემ) ხელფასი აიღო და სამშენებლო აგური უნდა აეტანა; სოფელ ტ-------ში ა------ დ-------–ი საერთოდ არ ყოფილა; პ------ს მშენებლობაში რომ ბ-–--ი ეხმარებოდა, იცის პ------სგან გადმოცემით; პ------სა და რ---------ს ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ.

 

მ------ გ-------ის მითითებით, ცხოვრობს სოფელ ო-----–--ში; რ---------ი და ბ-–--ი მისი ბიძაშვილები არიან; მისი ინფორმაციით, სადავო სახლს აშენებდა პ------ ხ---–---–ი, ხოლო შვილები ეხმარებოდნენ მშენებლობაში; ბ-–--ის თხოვნით, თვითონ 2 დღით უშუალოდ მიეხმარა ფანჯრის ჩასმასა და შელესვაში მაშინ, როდესაც სახლი უკვე აშენებული იყო, რა დროსაც იქ რ---------ი არ დაუნახავს.

 

გ--- ჯ-----–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-----–--ში; რ--------- და ბ-–-- ხ---–---–ები მისი პაპიდაშვილები არიან; სადავო სახლის მშენებლობის შესახებ რაიმე ფაქტი მისთვის უცნობია.

 

ზემოთ მითითებულ მოწმეთა ჩვენებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიდის დაკვნამდე, რომ რ--------- ხ---–---–ის მიერ დასახელებული მოწმეები დამაჯერებლად და სარწმუნოდ მიუთითებენ მათ მიერ გადმოცემულ ფაქტებსა და გარემოებებზე; ისინი არიან სოფელ ტ-------ის მაცხოვრებლები, რომლებიც უშუალოდ ხედავდნენ მშენებლობის პროცესს და დახმარებას უწევდნენ რ--------- ხ---–---–ს, ხოლო ბ-–-- ხ---–---–ის მიერ დასახელებულ მოწმეებს საქმესთან მიმართებაში ღირებული ინფორმაცია არ გააჩნიათ, ძირითადად, ამ ინფორმაციას ისინი გადმოცემით ფლობენ და არ არიან უშუალო თვითმხილველები.

 

ამ თვალსაზრისით, დავის გადაწყვეტისათვის ღირებული და მნიშვნელობის მქონეა რ--------- და ბ-–-- ხ---–---–ების დედის - ფ----- ხ---–---–ის ჩვენება, რომლის მოწმედ დაკითხვაც იშუამდგომლა თვით მოსარჩელე მხარემ;

 

ფ----- ხ---–---–ის მითითებით, ბ-–--თან 21 წელია, ცუდი ურთიერთობა აქვს; სოფელ ტ-------ში სახლი რ---------ის აშენებულია თავისივე ხარჯებით; საშენი მასალაც მისი მიტანილია; მშენებლობის პერიოდში მისი მეუღლე - პ------ ძირითადად სახლში (სოფელ ო-----–--ში) იყო და გარეთ იშვიათად გადიოდა, რადგან ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

 

ამგვარი შინაარსის განმარტება მისცა მან საქართველოს შსს გორის რაიონულ სამმართველოშიც 2018 წლის 8 სექტემბერს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ სადავო მიწის თვითნებურად დამკავებელი და, შესაბამისად, უფლებამოსილი პირიც რ--------- ხ---–---–ია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ უტყუარი სახის მტკიცებულებები, თუნდაც მოწმეები, რომლებიც მეტი დამაჯერებლობით და ფაქტებზე მითითებით დაადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ პ------ ხ---–---–ი დაეუფლა თვითნებურად სადავო მიწას, წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

როგორც აღინიშნა, ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს მიწის თვითნებურად დაუფლების დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი, სასამართლო მთლიანად ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებას; ამასთან, დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო მიწის თვითნებური მფლობელი რ--------- ხ---–---–ია, ეფუძნება სასამართლო სხდომაზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშედარებასა და ანალიზს; შესაბამისად, იზიარებს რ--------- ხ---–---–ის მიერ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც მშენებლობის პროცესის უშუალო შემსწრე და თვითმხილველები იყვნენ;

 

მათი მითითებით კი, სადავო მიწას მთლიანად რ--------- ხ---–---–ი დაეუფლა 1980-იან წლებში.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე (ანუ 2007 წლამდე) ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

 

დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 1980-იან წლებში თვითნებურად დაეუფლა რ--------- ხ---–---–ი, სადაც იმავე წლებში აწარმოა სახლის მშენებლობა; პ------ ხ---–---–ის მხრიდან თვითნებურად დაკავების ფაქტი კი არ დასტურდება.

 

აქედან გამომდინარე, რ--------- ხ---–---–ი არის ამ ფართზე უფლებამოსილი პირი, რაზეც რაიმე სახის უფლება ბ-–-- ხ---–---–ს არ გააჩნია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

იმავე კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი განკარგულების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას კანონმდებლობის მოთხოვნების იმგვარი სახის დარღვევას ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას, ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ სადავო მიწის თვითნებურად დამკავებელი რ--------- ხ---–---–ია, რაც აღიარა კიდეც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, და შესაბამისად, კომისიის სადავო აქტი კანონიერია.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირის მიერ წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს იგი.

 

იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ბ-–-- ხ---–---–ს მის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ეს თანხა, რაც, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გონივრულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბ-–-- ხ---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბ-–-- ხ---–---–ის სარჩელი რ--------- ხ---–---–ისათვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტ-------ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 344 მ2 მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია 55,10 მ2 საცხოვრებელი შენობა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 თებერვლის № 9 განკარგულებისა და 2018 წლის 27 თებერვლის № 6 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბ-–-- ხ---–---–ს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანგარიშში რ--------- ხ---–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 400 (ოთხასი) ლარი.

 

3. ბ-–-- ხ---–---–ი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი