გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.10.2018
საქმის ნომერი
080310018002602391
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/532-18 2 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

მოსარჩელე - ა-–---- კ---–--ე

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ქ------- მ----–-------ძე

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. (დაზუსტებული) სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოსარჩელე ა-–---- კ---–--ემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ითხოვა დავალიანების - 670,73 ლარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტზე გადასახდელად დაკისრებას.

სარჩელის თანახმად, ა-–---- კ---–--ე 1999 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში. მას მიუღებელი აქვს 1999 - 2003 წლების ხელფასი, ამჟამად მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება შეადგენს 670,73 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა შესაგებელით სარჩელი არ სცნო, მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, რომელზე ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, მოსარჩელე ითხოვს 1999-2003 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, სარჩელი კი სასამართლოში აღძრულია 2018 წელს.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან დასახელებული მუხლის შესაბამისად პოლიციელის ხელფასი შედგება თანამდებობისათვის და წოდებისათვის განსაზღვრული სარგოებიდან, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა 670,73 ლარის ოდენობის დავალიანების არსებობაზე.

მოპასუხის განმარტებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების ოდენობის შესახებ ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და იგი არ შეიძლება განხილული იქნას როგორც ვალის აღიარება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ა-–---- კ---–--ე 1999-2018 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. დადგენილია, რომ ა-–---- კ---–--ეს 1999 წლის ოქტომბერის, ნოემბერის, დეკემბრის; 2000 წლის - მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის; 2003 წლის სექტემბრის თვეების ხელზე გასაცემი ასანაზღაურებელი დავალიანება მთლიანად შეადგენს ჯამში 670,73 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ა-–---- კ---–--ე მუშაობდა რა საქართველოს შსს ორგანოებში, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს;

 

6.2. (სადავო პერიოდში მოქმედი) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს სადავო პერიოდში მოქმედი ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, ხელფასის შემადგენელი კომპონენტების განსაზღვრის მიზნით;

 

ამ მუხლის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულად იქნა განმარტებული ხელფასის შემადგენლობა;

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლში 2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს;

 

ამდენად, წელთა ნამსახურობის დანამატი და დანამატი ულუფისათვის 2000 წლის 28 ივნისის ცვლილებებამდე შედიოდა ხელფასში და წარმოადგენდა მის შემადგენელ ნაწილს;

 

6.4. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის № 139-ე ბრძანებულებით) 55-ე მუხლით (ძვ. რედ.), პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს;

 

პოლიციის თანამშრომელი წარმოადგენდა სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეს, რომელსაც უფლება ჰქონდა, მიეღო ხელფასი კანონით გათვალისწინებულ დანამატებთან ერთად.

 

აღნიშნულის შესაბამისად, 1998-2000 წლის (28 ივნისამდე) პერიოდისათვის ულუფის კომპენსაცია და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა ხელფასს, მის შემადგენელ ნაწილს.

 

6.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ 1999 წლის ოქტომბერის, ნოემბერის, დეკემბრის; 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის; 2003 წლის ნოემბრის (გარდა 2003 წლის ნოემბრის დანამატისა და ულუფისა) მიუღებელ ხელფასზე.

 

მართალია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, დავალიანებად აღიარებულია 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხა, მაგრამ ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სახელფასო დავალიანება ასევე წარმოადგენს აღიარებულ დავალიანებას, რაც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას ხელფასზე გავრცელებას.

 

მითითებული მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2018 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულია ძველი დავალიანებების დაფარვის შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელფასო დავალიანება ძველ ურთიერთობებზე აღიარებულია ,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონითაც. ახალი დავალიანებების დაგროვებაში კი იგულისხმება კანონის მოქმედების დროისათვის საჯარო სამსახურში მყოფ პირთა მიმართ სახელფასო დავალიანებების წარმოშობა იმ მიზეზით, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებებით მოხდა ძველი დავალიანებების დაფარვა, რაზეც კანონი მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს სწორედ საბიუჯეტო დაწესებულებას და არა მუშაკს.

 

6.6. ა-–---- კ---–--ის 1999 წლის ოქტომბერის, ნოემბერის, დეკემბრის; 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის; 2003 წლის ნოემბრის (გარდა 2003 წლის ნოემბრის დანამატისა და ულუფისა) დავალიანება: თანამდებობრივი სარგო - 235,09 ლარი, წოდებრივი სარგო - 41,52 ლარი, ულუფა - 341,6 ლარი, მთლიანად - 618, 21 ლარი წარმოადგენდა ხელფასს.

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლი 2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ახლებურად ჩამოყალიბდა, კერძოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტი ხელფასში მოიაზრებდა თანამდებობრივ სარგოსა და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს, და მასში აღარ შედიოდა დანამატი წელთა ნამსახურობისა და ულუფის კომპენსაციისათვის;

 

ზემოთ მითითებულ ნორმათა საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა დანამატი ულუფისათვის და წელთა ნამსახურობისათვის 2003 წლისათვის - 5,53+46,99=52,52 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ხელფასიდან წელთა ნამსახურობის დანამატისა და კვების კომპენსაციის გამოსვლის შემდეგ, მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას სანივთე ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონებრივი უფლების _ 2003 წლის ნოემბრის დანამატი ულუფისათვის და წელთა ნამსახურობისათვის 52,52 ლარის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია და ამ ნაწილში დაკმაყოფილებული ვერ იქნება;

 

6.7. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელისათვის გასაცემი თანხები ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, სასამართლოს, ზემოთ მითითებული მსჯელობის შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, მით უფრო, რომ მთელი პასუხისმგებლობა ახალი დავალიანების წარმოშობაზე ეკისრება თვით სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს და არა მუშაკს.

 

6.8. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე გადაწყვეტილების დაიყოვნებლივ ანაზღაურება, რის თაობაზეც სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ.

 

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას, ხოლო 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---- კ---–--ის სარჩელი 3 თვის ხელფასის (1999 წლის ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის თვეების) მიკუთვნების შესახებ უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე ა-–---- კ---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელად მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება - 1999-2000 წლების დავალიანება _ 581,35 ლარი და 2003 წლის ნოემბრის თანამდებობრივი სარგო 31,12 ლარი და წოდებრივი სარგო 5,74 ლარი, სულ 618, 21 (ექვსას თვრამეტი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარი.

 

3. მოსარჩელე ა-–---- კ---–--ეს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტზე 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის _ 46,99 ლარის და 2003 წლის ნოემბრის წელთა ნამსახურობის დანამატის 5,53 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვას ხანდაზმულობის გამო.

 

4. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ა-–---- კ---–--ეს აუნაზღაუროს სამი თვის (1999 წლის ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის თვეების) შრომითი გასამრჯელო - 238,07 ლარი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

 

6. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი