განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
330100118002370137
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: თ-------- მ-------–---–-

ადვოკატი: დ-------- მ-----–-–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ლ---- კ-----ე

დაბადებული: 2---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ-------–-----------------------–-–-–-–---–--------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------–-–-–-–---–-------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------წ.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ლ---- კ-----ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი: ლ---- კ-----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ---- კ-----ემ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა - 0,0078 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველ ფირფიტას, რაც 2018 წლის 20 თებერვალს თბილისში, მ------–---–-------------ში მდებარე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრის ეზოში ამოღებული იქნა ლ---- კ-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლ---- კ-----ე იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და ინახავდა ნარკოტიკული საშუალებას. ამასთან, ბრალდებული იმყოფებოდა სამსახურში და იმ დროისთვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალება თან ჰქონდა. ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ხ----–--–მა განმარტა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს განყოფილებაში ლ---- კ-----ის მიმართ დაიწყო გამოძიება. მითითებული პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიების შემდეგ საგამოძიებო ჯგუფის წევრები გაემართნენ ბრალდებულის სამსახურის მისამართზე. ლ---- კ-----ის პირადი ჩხრეკის დროს შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული საფულიდან, ამოღებული იქნა სტაფილოსფერი ფირფიტა წარწერით ,,N8”.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----- ზ-----–---–მა განმარტა, რომ თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა ლ---- კ-----ის საცხოვრებელ სახლის და ავტოფარეხის ჩხრეკა, თუმცა არც ბინიდან და არც ავტოფარეხიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული ვერ იქნა.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებზე (მათ შორის: მოწმეების ჩვენებები, ლ---- კ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველი ფირფიტა და სხვა), როგორც უდავო მტკიცებულებაზე, რამაც პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ბრალდებულმა ლ---- კ-----ემ დასკვნითი და საბოლოო სიტყვის ეტაპზე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაადასტურა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ ლ---- კ-----ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, კერძოდ:

მოწმეთა ჩვენებებითა და უდავოდ ცნობილი - 2018 წლის 20 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ლ---- კ-----ის პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული ტყავის საფულიდან ამოღებული იქნა 1 ცალი სტაფილოსფერი ფირფიტა, წარწერით ,,N8“, რაც 2018 წლის 21 თებერვლის საქართველოს შ--------------------------–----------------------------- დასკვნის თანახმად, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს, წონით 0,0078 გრამს.

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ბუპრენორფინი, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,0012 გრამამდე ითვლება მცირე ოდენობად. შესაბამისად, დგინდება, რომ ლ---- კ-----ის მიერ შეძენილი და შენახული - 0,0078 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება მიეკუთვნება მცირე ოდენობას.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ლ---- კ-----ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის უკანონო შეძენა და შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 06 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა - ბრალის აღიარება.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ლ---- კ-----ის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. ამდენად, მის მიმართ საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ---- კ-----ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ---- კ-----ეს დაეწყოს 2018 წლის 02 ოქტომბრის 10 საათი და 30 წუთიდან და ლ---- კ-----ე დაუყონებლივ დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.

ლ---- კ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

ლ---- კ-----ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ლ---- კ-----ეს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 20 თებერვლიდან 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ლ---- კ-----ეს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ლ---- კ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რომელიც ინახება შ---–--------–---–---- საცავში საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე