გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210017002231494
N 2/1346-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი 2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა
მოსარჩელე ხობის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები: ჯ------ ბ------- თ----- ტ-------
მოპასუხე შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ი’’
დირექტორი გ---–---- ბ------
წარმომადგენელი ფ-------- ჭ--–---
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ის’’ მიერ 2015 წლის 10 ივნისს N10 იურიდიული დასკვნით დაკისრებული პირგასამტეხლოს 13695.02 ლარის გადახდევინება და ხობის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე განთავსება (სახელმწიფო ხაზინა ანგარიში: 200122900, სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი 300403254).
აღწერილობითი ნაწილი
2. მოსარჩელის პოზიცია:
2014 წლის 11 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ის’’ შორის, შემსყიდველის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა N159/1 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა, სხვა სამუშაოსთან ერთად ქ.ხ---–-, გ--------–-ს ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოს, ასევე შესყიდვის ობიექტის ღირებულება შეადგენდა (დღგ-ის ჩათვლით) 454984.20 ლარს.
ხელშეკრულებას თან ახლდა ხარჯთაღრიცხვა, კალენდარული გრაფიკი და ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფა.
გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოები დაყოფილ იქნა ეტაპებად და თითოეულ ეტაპზე განსაზღვრულ იქნა სამუშაოების დასრულების ვადა და შესაბამისი ღირებულება. მიმწოდებელმა სამუშაოს დასრულებაზე ,,შემსყიდველს’’ მიმართა 2015 წლის 03 აპრილის N01/056 წერილით, რომლითაც განმარტებულია, რომ ქ.ხ---–- გ--------–-ს ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დასრულებულია და სამუშაოსთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი იქნება მისი გაცემისთანავე. 2015 წლის 27 აპრილს მიმწოდებელმა წერილით წარმოადგინა ექსპერტიზის N002287315 დასკვნა. მიმწოდებლის მიერ სამუშაოები დასრულებული იქნა ხელშეკრულებისა და მასზე დართული გეგმა-გრაფიკის ვადების გადაცდენით.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.2 პუნქტის თანახმად, საბოლოო მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ მიერ გაცემული დასკვნა, რითაც დადასტურდება:
1.შესრულებული სამუშაოთა მოცულობის რაოდენობრივი სიზუსტე;
2. შესრულებული სამუშაოთა მოცულობების ხარჯთაღრიცხვის მოცულობებთან შესაბამისობა;
3. შესრულებული სამუშაოთა ხარისხი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი იქნა 2015 წლის 27 აპრილს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დროული შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ,,შემსყიდველისათვის’’ უნდა მიემართა არაუგვიანეს 2015 წლის 11 მარტისა. მიმწოდებელმა ,,შემსყიდველისათვის’’ უნდა მიემართა არაუგვიანეს 2015 წლის 11 მარტისა. მიმწოდებელმა შემსყიდველს მიმართა 2015 წლის 27 აპრილის N01/074 წერილით და წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა N5001975015, დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N2), ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოს შესრულების ვადების გადაცდენისათვის უნდა დაკისრებოდა საურავი ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.07 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს სამუშაოს ღირებულების - 454984.20 ლარის 0.07%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (43 დღე), რაც მთლიანობაში შეადგენს 13.695.02 ლარს. დასკვნა ჩაბარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, 2015 წლის 11 ივნისს. ასევე დამატებით გაიგზავნა შეტყობინება 2016 წლის 22 მარტის N03/700 წერილით, დაკისრებული თანხის გადახდევინების შესახებ, ასევე მიმწოდებელის რაიმე სახის საჩივარი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ შემოუტანია.
3. მოპასუხის პოზიცია:
შპს ,,შ-----გ----–--- პ------–მა’’ ხელშეკრულება 2015 წლის 03 აპრილს შეასრულა, რაც მხარეთა მიერ არის დადასტურებული შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით. თუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ შპს ,,შ-----გ----–--- პ------–მა’’ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და მოსარჩელეს სურდა ხელშეკრულების 10.3 მუხლის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციის განხორციელება, ის ვალდებული იყო 2015 წლის 11 მარტის შემდგომ დაუყოვნებლივ წერილობით მიემართა მისთვის, განესაზღვრა დამატებით ვადა არა უმეტეს 30 დღისა და შემდგომ მხოლოდ 30 დღის პირგასამტეხლო დაეკისრებინა. აღნიშნული გარემოების - დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ მხოლოდ 2015 წლის 11 ივნისს, ვალდებულების დასრულებიდან 2 თვის შემდეგ დაგვიანებით განახორციელა აღნიშნული ქმედება, რაც ნამდვილად არ არის მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. შპს ,,შ-----გ----–--- პ------–მა’’ ხელშეკრულება 2015 წლის 03 აპრილს შეასრულა, რაც მიღება-ჩაბარების აქტით არის დადასტურებული. 2015 წლის 11 მარტამდე შესრულებული იყო სამუშაოების დაახლოებით 85%-მდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადამდე 2015 წლის 11 მარტამდე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
1. 2015 წლის 22 იანვრისათვის - 75327.97 ლარის სამუშაოები:
2. 2015 წლის 05 თებერვლისათვის - 224298.73 ლარის სამუშაოები:
3. 2015 წლის 11 მარტამდე - დაახლოებით 70.000 ლარის ოდენობის სამუშაოები (ამ თარიღისათვის ცალკე შუალედური აქტი არ გაფორმებულა);
4. 2015 წლის 25 მარტისათვის გაფორმდა შუალედური აქტი, რომელშიც გათვალისწინებული იყო 2015 წლის 05 თებერვლიდან აქტის გაფორმებამდე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება - 89847.91 ლარის ოდენობით.
5. 2015 წლის 03 აპრილს დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ შპს ,,შ-----გ----–--- პ------–მა’’ გადაურიცხა დარჩენილი გადასახდელი თანხა - 65342.11 ლარი. ამით მოსარჩელემ აღიარა, რომ შპს ,,შ-----გ----–--- პ------–მა’’ ვალდებულება 2015 წლის 03 აპრილს შეასრულა.
შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ს’’ ვალდებულება მოსარჩელეს მიმართ არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. 2014 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ N159/1, ერთის მხრივ, ხობის მუნიციპალიტეტი (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ, შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ი’’ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’), ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ.ხ---–-, გ--------–-ს ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები და ექსპერტიზა, და ქ.ხ---–-, ბ-------–---–-ს ქუჩის მოასფალტების სამუშაოები და ექსპერტიზა. ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტით, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან განუსაზღვრავს სამუშაოს დასრულებისათვის დამატებით ვადას არაუმეტეს 30 დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით.
3.2.2. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 23 აპრილის N5001975015 დასკვნის თანახმად, შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ის’’ მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ხ---–-, გ--------–-ს ქუჩაზე გზის საფარის მოწყობაზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება მოცემულია დანართი N1-ში და შეადგენს 454816.66 ლარს. ვიზუალური დათვალიერების თანახმად შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაკმაყოფილებულია, გადახრები ნორმაშია.
3.2.3. ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის 2015 წლის 10 ივნისის იურიდიული დასკვნა N10:
3.2.4. ქ. ხ---–-, გ--------–-ს ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარს კაპიტალური შეკეთების სამუშაოების, კონტრაქტით გათვალისწინებული და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შედარებითი სახარჯთაღრიცხვო უწყისი.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ის’’ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით - 1374.25 ლარის ანაზღაურება, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინის ანგარიში: 200 122 900, სახემწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 300 403 254.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ანუ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს სტატუსს.
მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებმა 2014 წლის 11 დეკემბრის N159/1 ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტში განსაზღვრავს თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია განუსაზღვროს სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 დღისა, რაც ვადაშიც მიმწოდებელი ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულა. ამიტომ ,,შემსყიდველს’’ უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს დაკისრება და ოდენობის განსაზღვრა.
სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მხარე ვალდებულია ამტკიცოს სადავო პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა.
დადგინდა, რომ შესყიდვის ობიექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენდა 454984.20 ლარს.
2015 წლის 22 იანვრისათვის შესრულდა - 75 327.91 ლარის სამუშაოები;
2015 წლის 05 თებერვლისათვის შესრულდა - 224 298.73 ლარის სამუშაოები;
2015 წლის 11 მარტამდე შესრულდა - 70000 ლარის სამუშაოები, ანუ სულ (75327.91+224 298.73+70000=369 626.64) 369 626.64 ლარის სამუშაოები.
2015 წლის 11 მარტს მოპასუხის მხრიდან ვადის თვალსაზრისით ვალდებულება დაირღვა.
2015 წლის 11 მარტისათვის შესრულებული იყო 369 626.64 ლარის სამუშაოები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობით. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორს დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.
ამდენად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
როგორც ირკვევა 2015 წლის 11 მარტისათვის დარჩენილი იყო (454984.20-369 626.64)= 85 357.56 ლარის სამუშაო, რომლის ერთი დღის 0.07% შეადგენს 59.75 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
ვალდებულების დარღვევის პერიოდი უნდა განისაზღვროს 2015 წლის 11 მარტიდან ამავე წლის 03 აპრილამდე (მიღება-ჩაბარებისა და თანხის განაღდების პერიოდი) ანუ 23 დღე, რომელიც უნდა გამრავლდეს 59,75 ლარზე, რაც შეადგენს 1374,25 ლარს, სწორედ ეს თანხა წარმოადგენს გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობას.
7. საპროცესო ხარჯები
შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 183 150.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 310-312-ე, 369-ე მუხლებით, 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 426-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ის’’ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით - 1374.25 ლარის ანაზღაურება, რომელიც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინის ანგარიში: 200 122 900, სახემწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლების კოდი: 300 403 254.
3. შპს ,,შ-----გ----–--- პ------–ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის N200 122 900, სახაზინო კოდი 300 183 150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე