გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2018
საქმის ნომერი
120210018002332539
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2332539-2/185-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - შპს “ო--–------------ი“

წარმომადგენელი - შ--–-- შ------–-–---–ი

მოპასუხე - ბ--- ო--------–--ე

წარმომადგენელი - ნ-------- ს--------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ბ--- ო--------–--ეს შპს „ო--–------------ის’’ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 2000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1100 ლარი, პროცენტი - 165 ლარი, პირგასამტეხლო - 735 ლარი. მოსარჩელემ იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს „ო--–------------ა“ და ბ--- ო--------–--ეს შორის, 2016 წლის 20 ივნისს ელექტრონული ფორმით დაიდო N83092419_5 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ბ--- ო--------–--ეზე გაიცა სესხი – 1100 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 30 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი - 0.50%, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა - ორ დღემდე - 50 ლარი, ორმოცდაათ დღემდე - 100 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 2.00%.

 

მსესხებელმა რამდენჯერმე გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დამატებითი ვადის პროცენტის თანხის გადახდის საფუძველზე, სესხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 21.08.2016წ.

 

მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნულის გამო, 2018 წლის 18 იანვრის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს - 13043.10 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1100 ლარი, პროცენტი - 165 ლარი, პირგასამტეხლო - 11778.10 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ბ--- ო--------–--ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის მხოლოდ ძირითადი თანხა. ამასთან მიუთითა, რომ არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ო--–------------ა“ და ბ--- ო--------–--ეს შორის, 2016 წლის 20 ივნისს ელექტრონული ფორმით დაიდო N83092419_5 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ბ--- ო--------–--ეზე გაიცა სესხი – 1100 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 30 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი - 0.50%, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა - ორ დღემდე - 50 ლარი, ორმოცდაათ დღემდე - 100 ლარი, ყოველვადაგადაციებულ დღეზე - 2.00%.

 

3.1.2. მოპასუხე ბ--- ო--------–--ემ რამდნჯერმე ისარგებლა სესხის ვადის გარძელების შესაძლებლობით პროცენტის თანხის გადახდის საფუძველზე და სესხის დაბრუნების საბოლოო თარიღად განისაზღვრა - 21.08.2016 წელი.

 

3.1.3. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 22 აგვისტოს.

 

3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20.06.2016წ. N83092419_5 ხელშეკრულება;

- - 18.01.2018წ. საგადახდო ისტორია;

- 18.01.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ო--–------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს „ონლაინ ფაინან“-სა და ბ--- ო--------–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ბ--- ო--------–--ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ბ--- ო--------–--ემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ონლიან ფაინანსი“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი სესხის ძირი თანხა - 1100 ლარის ოდენობით.

 

საქრთველოს სამოქლაქო კოდექსის 625-ე მუხლი 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სესხის დაბრუნება გათვალისწინებული იყო 30 დღის ვადაში, რომელიც რამდენჯერმა გადავადებული იქნა და საბოლოოდ სესხის გადახდის ვადა განისაზღვრა 21.08.2016 წელი. სესხის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 165 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 1100 ლარი, რომლის ნახევარზე მეტია მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მართალია მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია, რადგან თითქმის სესხის თანხის ნახევრის ტოლი ოდენობისა და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 735 ლარი უნდა შემცირდეს 135 ლარამდე.

 

7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 20 ივნისის სესხის ხელშეკრულების 17.2. მუხლში მითითებულია: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე.

 

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

სარჩელის აღძვრისას შპს ,,ონალიან ფაინენსის“ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ბ--- ო--------–--ემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ბ--- ოქროემლიძეს მოსარჩელე შპს ,,ო--–------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ო--–------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ბ--- ო--------–--ეს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე შპს ,,ო--–------------ის“ (ს/ნ 4-------- ) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1400 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1100 ლარი, პროცენტი - 165 ლარი, პირგასამტეხლო - 135 ლარი.

 

3. მოპასუხე ბ--- ო--------–--ეს (პ/ნ4----------) მოსარჩელე შპს ,,ო--–------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი