გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2018
საქმის ნომერი
330210018002406572
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/11585-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე: სა---------–-----------–---------------ო

წარმომადგენელი: მე-----------–-–---–ი

მოპასუხე: შპს ,,სო------------ი“

წარმომადგენელი: თო------------–---–ი

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,სო------------ი“-ს სა---------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 1068,12 ლარის ოდენობით.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

თ-----–-ის ს----------ოსა და შპს ,,სო------------ი“-ს შორის 2017 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა N--- ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება თავდაცვის ს----------ოსათვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში 2017 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით მიეწოდებინა 40 ერთეული ალკოტესტი, საერთო ღირებულებით 42 385,60 ლარი.

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 03 იანვრის ჩათვლით. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და თ-----–-ის ს----------ოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის - 2017 წლის 02 ნოემბრის, ნაცვლად 40 ერთეული ალკოტესტი მიაწოდა 14 დღის დაგვიანებით - 2017 წლის 16 ნოემბერს.

 

ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების გამო 03.10.2017 წლის N--- ხელშეკრულების 16.1 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შემსყიდველისათვის ,,საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“, ამავე ხელშეკრულების 16.7 პუნქტის შესაბამისად ,,დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რა გარემოებიდან რომელი უფრო ადრე დადგება“.

 

ვინაიდან მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დადგენილ ვადაში ვერ იქნა მიწოდებული საქონელი, ხოლო აღნიშნული საქონლის მიწოდება განხორციელდა 16.11.2017 წელს ანუ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიმწოდებელს 14.12.2017 წლის N----1 აქტით დაეკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ 14 დღეზე, 0,2%, რამაც შეადგინა 1186,60 ლარი. საიადანაც მოპასუხემ ნებაყოფლობით აანაზღაურა 118,68 ლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 1068,12 ლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შს ,,სო------------ი“-ს წარმომადგენელმა როგორც შესაგებლით, ასევე, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

მოპასუხის განმარტებით, მას არ უნდა დაეკისროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა იმისა, რომ კანონით არის გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება, აღნიშნულის შესახებ ასევე დამკვიდრებულია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. აღნიშნულის გათვალისწინებით თავად შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოიცა რეკომენდაცია, რომ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მათ შორის ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 0,02%-ით, რაც მოპასუხემ გადაიხადა, მაგრამ მოსარჩელე მაინც მოითხოვს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დარიცხვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ-----–-ის ს----------ოსა და შპს ,,სო------------ი“-ს შორის 2017 წლის 03 ოქტომბერს გაფორმდა N--- ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება თ-----–-ის ს----------ოსათვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში 2017 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით მიეწოდებინა 40 ერთეული ალკოტესტი, საერთო ღირებულებით 42 385,60 ლარი.

 

მითითებული ხელშეკრულების 16 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა უფლება-მოვალეობები. 16.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შემსყიდველისათვის ,,საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“. ამავე ხელშეკრულების 16.7 პუნქტის შესაბამისად, ,,დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რა გარემოებიდან რომელი უფრო ადრე დადგება“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 03 ოქტომბრის №592 ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. შპს ,,სო------------მა“ ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და თ-----–-ის ს----------ოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის- 2017 წლის 02 ნოემბრის, ნაცვლად 40 ერთეული ალკოტესტი მიაწოდა 14 დღის დაგვიანებით - 2017 წლის 16 ნოემბერს.

 

საქონლის დაგვიანებით მიწოდებისათვის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 14.12.2017 წლის N----1 აქტის საფუძველზე შპს ,,სო------------ს“ დაერიცხა პირგასამტეხლო მიუწოდებელი ალკოტესტების ღირებულების - 42 385,60 ლარის 0,2% 14 ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც შეადგინა 1 186,80 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტი №592-1 (ს.ფ. 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. შპს ,,სო------------ი“-ს მიერ, 2017 წლის 14 დეკემბრის N----1 აქტით დარიცხული პირგასამტეხლოს თანხიდან 1 186,80 ლარიდან, ანაზღაურდა 118,68 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება N70 (ს.ფ. 30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლო მაღალია, რაც შემცირებას ექვემდებარება.

 

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ შპს ,,სო------------ის“ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული დათქმულ დროს, მოპასუხემ თ-----–-ის ს----------ოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის - 2017 წლის 02 ნოემბრის, ნაცვლად 40 ერთეული ალკოტესტი მიაწოდა 14 დღის დაგვიანებით - 2017 წლის 16 ნოემბერს.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ.საქმე №ას-1220-1480-09).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

3.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა 1186,80 ლარიდან 118,68 ლარამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევიდან პროდუქციის მიწოდებამდე დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 1186,80 ლარს, რომლის დასაფარადაც მიმართა მოსარჩელემ შპს ,,სო------------ი“-ს მიერ პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა 118,68 ლარი;

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა 118,68 ლარი მიმართული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში და სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, გადახდილი პირგასამტეხლოს საფუძველზე მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება ნასყიდობის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

სარჩელით განსაზღვრული მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია.

 

ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427 - ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევიდან პროდუქციის მიწოდებამდე დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 1186,80 ლარს, რომლის დასაფარადაც მიმართა მოსარჩელემ შპს ,,სო------------ი“-ს მიერ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა 118,68 ლარი;

 

სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მითითებულ თანხაზე სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიჩნეულ იქნა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და იგი შემცირდა 118,68 ლარამდე, ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 03 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებდიან გამომდინარე ვალდებულებები მოვალე შპს ,,სო------------ი“-ს შესრულებული აქვს.

 

6.3. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

 

სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და მიუთითებს, რომ, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოვალის მიერ არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი არათანაზომიერია პირგასამტეხლოს ოდენობასთან, შესაბამისად, არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სა---------–-----------–---------------ო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან. წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი შპს ,,სო------------ი“-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი