გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2018
საქმის ნომერი
330210118002508347
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18718-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე ლ--–- რო---–ე, ვი-–---–მ რო---–ე

წარმომადგენელი გი-----------–---–ი

მოპასუხე მა---ა ს------–---–ი

წარმომადგენელი მა------------–---–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მა---ა ს------–---–ს, ლ--–- რო---–ეს და ვი-–---–მ რო---–ეს სასარგებლოდ დაეკისროს - 85 000 ევროს გადახდა.

 

სარჩელის მიხედვით, ლ--–- რო---–ემ და ვი-–---–მ რო---–ემ, მა---ა ს------–---–ს 2014 წლის 5 აგვისტოს სესხის სახით გადასცეს 85 000 ევრო, რაც დადასტურებული იქნა შესაბამისი ხელწერილით. ამავე ხელწერილით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ ორი თვის ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოსარჩელეებს საკუთრებაში გადასცემდა ქ. ბათუმში, თა---–---–------------–- მდებარე #13 ბინას. 2015 წლიდან მოპასუხე მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება და არ აბრუნებს სესხის თანხას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მა---ა ს------–---–ის წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებების შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ მა---ა ს------–---–ი სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს. შესაგებლის მიხედვით, სარჩელში დასახელებული თანხა გადაცემული იქნა 2012 წლის აგვისტოს თვეში ერთობლივი საქმიანობის დასაწყებად და მოგების მიღების მიზნით. მოპასუხემ სარგებლის გადახდა დაიწყო 2012 წლის სექტემბრიდან 2014 წლამდე თანხის 3%-ის ოდენობით. ხოლო 2015 წლიდან გადახდა ვერ მოხერხდა, რის გამოც მოსარჩელის თხოვნით შპს „ტ------–-“ დაუთმო 51% კუთვნილი წილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 5 აგვისტოს შედგა ვალის აღიარების ხელწერილი, სადაც მა---ა ს------–---–ი ადასტურებს ლ--–- რო---–ეს და ვი-–---–მ რო---–ეს მიმართ ვალის არსებობას 85 000 ევროს ოდენობით და იქვე მიუთითებს, რომ თანხის გადახდა უნდა მოხდეს ორი თვის ვადაში. პირობის დარღვევის შემთხვევაში იგი იღებას ვალდებულებას საკუთრების უფლებით გადასცეს ქ. ბათუმში, თა---–---–------------–- მდებარე #13 ბინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელწერილი (ს.ფ 21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება.

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით მიუთითა რამდენიმე გარემოებაზე: სესხის თანხა გადაცემული იქნა 2012 წლის აგვისტოს თვეში ერთობლივი საქმიანობის დასაწყებად და მოგების მიღების მიზნით. სესხზე დარიცხული სარგებლის 3%-ის გადახდა დაიწყო 2012 წლიდან და აგრძელებდა 2014 წლამდე. ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვალის სანაცვლოდ მოსარჩელის თხოვნით შპს „ტ------–-“ დაუთმო 51% კუთვნილი წილი.

 

დასახელებულ გარემოებათა დადასტურების მიზნით წარმოდგენილია მოპასუხის საბანკო ამონაწერი სს „თი--------------“ და ამონაწერი და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალური ანალიზის შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მათ მოპასუხის დასახელებულ გარემოებებთან შეხება არ გააჩნიათ და ამავე გარემოებებს ვერ ადასტურებენ.

 

უდავო გარემოებაა, რომ ვალის აღიარების ხელწერილი შედგენილია 2014 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო მოპასუხის საბანკო ამონაწერი მოიცავს 2010 წლიდან 2013 წლის 8 ივლისამდე პერიოდს.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას შპს „ტ------–-“ ვალის სანაცვლოდ მისი კუთვნილი წილის მოპასუხისთვის დათმობის შესახებ. წარმოდგენილი ამონაწერის ცხადყოფს, რომ კომპანიაში 51%-იანი წილის პარტნიორად ლ--–- რო---–ე რეგისტრირებულია 2014 წლის 26 ივნისის მდგომარეობით, 2014 წლის 05 აგვისტოს ვალდებულების აღიარების ხელწერილის შედგენამდე. აქედან გამომდინარე ხელწერილში დასახელებული ვალდებულება შპს „ტ------ის“ წილის გადაცემით ვერ შესრულდებოდა.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით მა---ა ს------–---–მა ფულადი ვალდებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და მოსარჩელეების მიმართ არსებული დავალიანება გადახდილად ვერ ჩაითვლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვალის აღიარების ხელწერილი (ს.ფ 21)

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ 98-102)

- ამონაწერი და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 103-104)

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--–- რო---–ეს და ვი-–---–მ რო---–ეს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 319-ე, 341-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. სსკ-ის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება.

 

უპირველეს ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ 2014 წლის 5 აგვისტოს ხელწერილი შეესაბამება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, კერძოდ მასში მითითებულია კონკრეტული დავალიანება 85 000 ევრო, რომელიც მა---ა ს------–---–ს გააჩნია ლ--–- რო---–ეს და ვი-–---–მ რო---–ეს მიმართ ასევე, ამ ვალდებულების მომავალში მხარეთა შეთანხმებული პერიოდით გადახდის ვალდებულება.

 

შესაბამისად, მოსარჩელეებს გააჩნიათ მა---ა ს------–---–ის მიმართ ვალის აღიარების ხელწერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 85000 ევროს ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 3050 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 269-ე, 53-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ--–- რო---–ეს და ვი-–---–მ რო---–ეს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად და მა---ა ს------–---–ს დაეკისროს 85 000 ევროს ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

2. მა---ა ს------–---–ს, ლ--–- რო---–ეს და ვი-–---–მ რო---–ეს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3050 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე