გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2217-18
საქმე №(190210018002564217)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი - ნატო ძლიერიშვილი
მოსარჩელე - ს---–---- ბ--–----ე
მოპასუხე - ა------ მ------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - ა------ მ------–---–ს მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ეს სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხის 1900 ლარის და ასევე პროცენტის 2280 ლარის გადახდა 36 თვეზე (82 080 ლარი), რაც საბოლოოდ შეადგენს 83 980 ლარი გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - ა------ მ------–---–მა, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობისა, იგი თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირი თანხა 1900 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი შეუსაბამოა და არ იყო გათვალისწინებული ხელწერილით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოპასუხე ა------ მ------–---–მა 2015 წლის 30 მარტს, 2015 წლის 01 მაისს და 2015 წლის 01 ივნისს ისესხა მოსარჩელისგან თანხა, რამაც მთლიანობაში შეადგინა 1900 ლარი, სესხი იყო სარგებლიანი, რომელიც შეადგენდა 20%-ს.
მტკიცებულება: ხელწერილები
3.1.2. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2015 წლის 30 მარტს ა------ მ------–---–მა ს---–---- ბ--–----ისგან ისესხა 200 ლარი 20 %- ის სარგებლით, ერთი თვით, სულ უნდა დაებრუნებინა 240 ლარი.
მტკიცებულება : 2015 წლის 30 მარტის ხელწერილი.
3.2.2. 2015 წლის 01 მაისს ა------ მ------–---–მა ს---–---- ბ--–----ისგან ისესხა 500 ლარი , 1 თვით , ამ ხელწერილით არ ყოფილა გათვალისწინებული სარგებელი - პროცენტი .
მტკიცებულება: 2015 წლის 01 მაისის ხელწერილი .
3.2.3. იმავე დღეს - 2015 წლის 01 მაისს ა------ მ------–---–მა ს---–---- ბ--–----ისგან ისესხა 620 ლარი , რაც უნდა დაებრუნებინა 01 ივნისამდე , 1 თვით , სარგებელი , პროცენტი გათვალისწინებული არ არის .
მტკიცებულება: 2015 წლის 01 მაისის ხელწერილი .
3.2.4. 2015 წლის 01 ივნისს ა------ მ------–---–მა ს---–---- ბ--–----ისგან ისესხა 1900 ლარი, რაც უნდა დაებრუნებინა 1 თვის ვადაში , 01 ივლისს.
ხელწერილით პროცენტი გათვალისწინებული არ არის, ხელწერილის ბოლოში არსებული მინაწერი ,, 1900 ლარი 20%’’ - მოპასუხის განმარტებით, ნიშნავს , რომ სარგებელი პროცენტი უკვე გათვალისწინებულია 1900 ლარის ოდენობაში.
3.2.5 მოპასუხის განმარტებით 2015 წლის 01 მაისს მის მიერ შედგენილი 2 ხელწერილი ეხება ერთი და იგივე სესხის თანხას, რომელიც მან მიიღო ს---–---- ბ--–----ისგან 500 ლარის ოდენობით , იმავე დღეს მეორე ხელწერილით უკვე ამ 500 ლარს, დაემატა პროცენტი და ჯამში შეადგინა 620 ლარი , ამიტომაა რომ არცერთ ხელწერილში პროცენტზე მითითებული არ არის.
3.2.6. 2015 წლის 01 ივნისის ხელწერილი შედგენილია წინა ხელწერილებიდან გამომდინარე და აერთიანებს ყველა იმ თანხას, რაც მას ჰქონდა მიღებული და დასაბრუნებელი 20 %- ის გათვალისწინებით, ე.ი სულ 1900 ლარი უნდა დაებრუნებინა ს---–---- ბ--–----ისთვის 2015 წლის 01 ივლისს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებით და წარმოდგენილი ხელწერილებით დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 1 ივნისის ხელწერილი (ბოლოს გაფორმებული) მოიცავდა წინა თვეებში გაფორმებულ ხელწერილებში დაფიქსირებულ თანხების ჯამს და სულ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1900 ლარი, რაც მოიცავს ძირ თანხასაც და პროცენტსაც.
მოსარჩლე ს---–---- ბ--–----ემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა, რომ მასსა და ა------ მ------–---–ს შორის დაიდო უვადოდ ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, რომ მ------–---–ს მისთვის უნდა გადაეხადა 380 ლარი ყოველთვიურად.
სასამართლო გამარტავს რომ , აღნიშნული ხელწერილი არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელწერილს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე , როცა მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას , ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ.
ამდენად, ვალის აღიარება არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელწერილები წარმოადგენს სესხის თაობაზე მათ შორის არსებული ვალდებულებების დადასტურებას და არა ვალის აღიარებას.
სასამართლოს მიერ დასადგენ გარემოებებს წარმოადგენდა :
1. არის თუ არა მხარეთა შორის დადებული ხელწერილი უვადო და
2. ითვალისწინებდა თუ არა 20 % - ის სარგებლის სახით ყოველთვიურად 380 ლარის გადახდას ვალდებულების შესრულებამდე, ასევე უვადოდ.
წარმოდგენილი ხელწერილები კონკრეტულად მიუთითებენ ვალდებულების შესრულების ვადას - 2015 წლის 30 მარტის ხელწერილით ა------ მ------–---–ს ვალი უნდა დაებრუნებინა 1 თვეში, ასევე 1 თვის ვადებია გათვალისწინებული 2015 წლის 01 მაისს თარიღით შედგენილ ორივე ხელწერილში და 2015 წლის 01 ივნისს შედგენილ ხელწერილშიც.
შესაბამისად, მოპასუხეს პროცენტის გადახდა განსაზღვრული დროის განმავლობაში ეკისრება და არა ვალდებულების შესრულებამდე. ამასთან, წარმოდგენილი ხელწერილით , რომელიც 2015 წლის 01 ივნისს არის შედგენილი , უკვე მთელი წინა პერიოდის განმავლობაში არსებული დავალიანება გაერთიანებული 20%- ის დამატებით ( ჩათვლით) და საბოლოოდ 1900 ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრება ა------ მ------–---–ს ს---–---- ბ--–----ის სასარგებლოდ, გადახდის ვადაა ერთი თვე - 2015 წლის 01 ივლისს.
სასამართლომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე აღარ იმსჯელა, რადგან მოპასუხემ სარჩელი ცნო 1900 ლარის გადახდევინების ნაწილში.
ამასთან, ვინაიდან ს---–---- ბ--–----ის მხრიდან ა------ მ------–---–ისგან 1900 ლარის ყოველთვიურად 20 %-ის პროცენტის მოთხოვნა არ წარმოშობილა, შესაბამისად, ამ ნაწილში ხანდაზმულობის საკითხიც არარელევანტურია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ა------ მ------–---–მა ს---–---- ბ--–----ისაგან ისესხა 1900 ლარი, რომელსაც თვეში დაერიცხებოდა 20%, აკისრია, თავად მოსარჩელე მხარეს. მან კი სასამართლოს ვერ დაუდასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები, პირიქით სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 1900 ლარი იყო ის თანხა, რაც მოპასუხეს აქვს გადასახდელი, მაგრამ მან ვერ დაადასტურა, რომ სესხი გაცემული იყო უვადოდ და რომ პროცენტი უნდა დარიცხვოდა 1900 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ და ასევე მთავარ სხდომაზე დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა- 1900 ლარის ოდენობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ს---–---- ბ--–----ესა და ა------ მ------–---–ს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 30 მარტს, 2015 წლის 01 მაისსა და 2015 წლის 01 ივნისს ა------ მ------–---–ის მიერ გაფორმებულ იქნა სესხის ხელწერილები, რომლის თანახმადაც მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 1900 ლარს, რომელიც მოიცავს ასევე პროცენტის სახით გადასახდელ თანხასაც.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ს---–---- ბ--–----ის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არ არის.
ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე ცნო დავალიანების ძირითადი თანხა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა 1900 ლარის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში - 82 080 ლარის პროცენტის სახით დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა იქნეს უარყოფილი, რადგან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელწერილები იყო უვადო და რომ ვალდებულების შესრულებამდე ყოველთვიურად 380 ლარი პროცენტის სახით სარგებელი უნდა მიეღო ა------ მ------–---–ისგან.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, ვინაიდან მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ის სარჩელი მოპასუხე ა------ მ------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე ა------ მ------–---–ს მოსარჩელე ს---–---- ბ--–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 1900 ( ათას ცხრაასი) ლარის გადახდა;
3. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი