განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ნინო ჩინჩალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------–-----–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ-------------ა, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ------–----------------------.
ადვოკატი - ი------------–---–-,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, ს---------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, ბ-------------ამ მუშტი დაარტყა სახის არეში მ----------ას, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ, ბ-------------ამ გააგრძელა წაქცეული მ----------ას ცემა, კერძოდ, თავისა და სხეულის არეში არაერთხელ დაარტყა ფეხები. მ----------ა ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფებოდა ყავარჯნებით და ძალადობის განხორციელების მომენტში ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და რეაგირება თავდაცვის მიზნით. ბ-------------ას ქმედების შედეგად მ----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე 2018 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, ბ-------------ამ მობილურ ტელეფონზე გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება მ----------ას, რომელიც იმყოფებოდა თბილისში, ს---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ბ-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ბ-------------ას აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, მოწმეების: მ----------ას, ა-------------–-----ის, ჯ--–----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულ ბ-------------ას გამოკითხვის ოქმს, დაკავების ოქმს, მ----------ს განცხადებას, თანდართული მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებებით, 2018 წლის 20 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ბ-------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.
ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ბ-------------ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, ს---------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, ბ-------------ამ მუშტი დაარტყა სახის არეში მ----------ას, რომელიც დარტყმის შედეგად წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ, ბ-------------ამ გააგრძელა წაქცეული მ----------ას ცემა, კერძოდ, თავისა და სხეულის არეში არაერთხელ დაარტყა ფეხები. მ----------ა ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფებოდა ყავარჯნებით და ძალადობის განხორციელების მომენტში ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და რეაგირება თავდაცვის მიზნით. ბ-------------ას ქმედების შედეგად მ----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე 2018 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, ბ-------------ამ მობილურ ტელეფონზე გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მ----------ას, რომელიც იმყოფებოდა თბილისში, ს---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას.
საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბ-------------ას დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-------------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ასევე მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ბ-------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნის დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ბ-------------ას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 180-იდან 240 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-იდან 180-ე საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
ბრალდებულ ბ-------------ას მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულმა ბ-------------ამ განახორციელა ძალადობა და მუქარა მისი მეგობრის მიმართ, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში, ამგვარი ქმედება კი მიუთითებს ბრალდებულის ხასიათზე, რომ ის უუნაროა კონტროლი გაუწიოს თავის რისხვას, რომელიც მიმართულია მისივე მეგობრის მიმართ, რაც მიუთითებს ბ-------------ას პიროვნულ მახასიათებლებზე და მის არაკანონმორჩილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ბ-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს, ითვალისწინებს ქმედების ჩადენის სპეციფიკას და ხასიათს, - შესაბამისად მას დაუნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით.
ბ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ-------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ბ-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ბ-------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 მაისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე