გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
080210018002429488
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1492-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

მოსარჩელე - მ--- ლ-------ე

მოპასუხე - რ-----ი ბ---–----ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე რ-----ი ბ---–----ეს (პირადი №-----------) თავისი არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 25 თებერვალს დაბადებული გ------- ბ---–----ისა და 2010 წლის 14 აპრილს დაბადებულ გ-------– ბ---–----ის სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულისთვის ყოველთვიურად - თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მოპასუხე რ-----ი ბ---–----ესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში 2017 წლამდე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, გ------- ბ---–----ე (დაბადებული 2008 წლის 25 თებერვალს) და გ-------– ბ---–----ე (დაბადებული 2010 წლის 14 აპრილს). არასრულწლოვანი შვილები აღსაზრდელად იმყოფებიან მოსარჩელე - მ--- ლ-------ესთან. მოპასუხე რ-----ი ბ---–----ე არის შრომისუნარიანი და ქმედუნარიანი ადამიანი, ის ამჟამად არ არის დასაქმებული, მაგრამ მას შესწევს უნარი მიიღოს მონაწილეობა შვილების აღზრდასა და, ფინანსურ დახმარებაში და ალიმენტის სახით გადაუხადოს ყოველთვიურად თითოეულ შვილს 200-200 ლარი. მოსარჩელე კი ამჟამად არ არის დასაქმებული, რადგან მთელი მისი დრო ხმარდება შვილებზე ზრუნვას.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა 100-100 ლარი თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე დაეთანხმა შემცირებულ მოთხოვნას შვილებისათვის ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. რ-----ი ბ---–----ე და მ--- ლ-------ე ნამდვილად იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. 2017 წლიდან ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განქორწინების მოწმობა (ს/ფ -16);

 

3.1.3. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი გ------- ბ---–----ე, დაბადებული 2008 წლის 25 თებერვალს და გ-------– ბ---–----ე, დაბადებული 2010 წლის 14 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-დაბადების მოწმობები (ს/ფ - 17-18)

 

3.1.4. არასრულწლოვანი გ------- და გ-------– ბ---–----ეები ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე მ--- ლ-------ესთან ერთად მის ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. მოპასუხე რ-----ი ბ---–----ე არის შრომისუნარიანი. ამჟამად დაუსაქმებელია და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ს/ფ 1-14);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.7. მ--- ლ-------ე შრომისუნარიანია, თუმცა დასაქმებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი (ს/ფ 1-14);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1231-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამდენად, არასრულწლოვანი შვილის მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ვინაიდან, მოპასუხე რ-----ი ბ---–----ემ სარჩელი ცნო, მ--- ლ-------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე რ-----ი ბ---–----ეს უნდა დაეკისროს ალიმენტის სახით 100-100 ლარის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ--- ლ-------ე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 49(2)-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე,364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ--- ლ-------ის (პირადი №-----------) სარჩელი რ-----ი ბ---–----ეს (პირადი №-----------) მიმართ ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხე რ-----ი ბ---–----ეს თავისი არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 25 თებერვალს დაბადებული გ------- ბ---–----ისა და 2010 წლის 14 აპრილს დაბადებული გ-------– ბ---–----ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100-100 (ას-ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 03 მაისიდან, მათ სრულწლოვანებამდე;

 

2. მხარეები განთავისუფლებული არიან სახ.ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით(მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11);

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე