გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/17971-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - ნ----- გ---–---–---–ი
წარმომადგენელი - შ--–-----–---, ს-----------------ა
მოპასუხე - სს ,,თ--–--ი’’
წარმომადგენელი - ვ-–-------- ი-----–---–ი
დავის საგანი - დავალიანების არ არსებობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სარჩელის აღძვრის დროისთვის (2018 წლის 18 ივნისი) მოსარჩელე ნ----- გ---–---–---–ის დავალიანება სს ,,თ--–--ი’’-ს მიმართ, რომელიც გამომდინარეობს 2013 წლის 05 აპრილის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ჩაითვალოს ხანდაზმულად და ნანული გ---–---–---–ი გათავისუფლდეს დავალიანების გადახდისგან.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ნ----- გ---–---–---–ი 2012 წლიდან ცხოვრობს მისამართზე თბილისი, თ----ს დასახლება, მე-11 მ/რ-ნი, მე-2 კვარტალი, ბინა 2---ში. მოსარჩელის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების შეძენამდე კორპუსს ჰქონდა საერთო მრიცხველი, რომელსაც ერიცხებოდა დავალიანება. 2013 წლის აპრილში გამრიცხველიანების შედეგად თითო ოჯახზე გადანაწილდა დავალიანების თანხა თანაბრად, რის შედეგადაც მოსარჩელეს დაერიცხა მოპასუხის მიმართ დავალიანება 2 494.18 ლარი.
მოსარჩელემ 2013 წლის აპრილში მიმართა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დავალიანების გადანაწილების მიზნით. მოსარჩელეს დავალიანება გადაუნაწილდა 120 თვეზე და ყოველთვიურმა გადასახადმა შეადგინა 20.78 ლარი. 2018 წლის 15 მაისის მდგომარეობით მოსარჩელის დავალიანება მოპასუხის მიმართ შეადგენს 1 255.70 ლარს. მოსარჩელემ 2018 წლის 8 მაისს მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აღნიშნული დავალიანების ჩამოწერის თაობაზე განცხადებით. თუმცა მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზით, რომ დავის განხილვა სცილდებოდა კომისიის კომპეტენციას. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის მარტოხელა პენსიონერი, სოციალურად დაუცველი, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მარჩენალ დაკარგული, ამასთანავე აქვს შაქრიანი დიაბეტი, და არ გააჩნია შემოსავალი.
მოსარჩელის განმარტებით მოპასუხის წინაშე არსებული დავალიანება 1 255.70 ლარი, რომელიც გამომდინარეობს 2013 წლის 05 აპრილის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან არის ხანდაზმული და იგი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული დავალიანების გადახდისგან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, საცხოვრებელი კორპუსი სადაც განთავსებულია მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა, წლების განმავლობაში წარმოადგენდა დაუმთავრებელ შენობას, სადაც ცხოვრობდნენ როგორც ლტოლვილები, ისე თვითნებურად შეჭრილი პირები, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით კორპუსი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო გამრიცხველიანებული და მოსახლეობას ელექტრო ენერგია მიეწოდებოდა ჯერ ერთი საერთო მრიცხველის, ხოლო შემდეგ სართულებზე დარიცხული საერთო მრიცხველის მეშვეობით. 2012 წელს ნაძალადევის გამგეობის შუამდგომლობის საფუძველზე განხორციელდა კორპუსში მცხოვრებ პირთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაკავებული ფართების მიხედვით, რის შემდეგაც საერთო მრიცხველზე ფიქსირებული დავალიანება თანაბრად გადანაწილდა თითოეულ სართულზე მცხოვრებ მესაკუთრეებს შორის.
2013 წლის 5 აპრილს სს ,,თ--–--სა’’ და ნ----- გ---–---–---–ს შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს ,,თ--–--ი’’-ს მიმართ არსებული დავალიანება 2 494.18 ლარი გადასახდელად გადაუნაწილდა 120 თვეზე. დღეის მდგომარეობით მოსარჩელეს დავალიანება არ გააჩნია. მას არცერთხელ არ დაურღვევია გადახდის გრაფიკი და ასევე ჯეროვნად იხდის მიმდინარე ვალს. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელის მიერ სადავო დავალინება აღიარებულია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ძალაშია და მოქმედებს. შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა უფლება-მოვალეობები არ არის ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ.თბილისში, თ----ს დასახლება მე-11 მ/რ-ნი, მე-2 კვარტალი, სართული 8, ბინა 2---ში სს ,,თ--–--ი’’-ს აბონენტად #4966380 რეგისტრირებულია მოსარჩელე ნ----- გ---–---–---–ი, რომელსაც აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში ერიცხება 2012 წლის 02 ოქტომბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 18-25);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 103);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ნ----- გ---–---–---–ს და სს ,,თ--–--ს’’ შორის 2013 წლის 05 აპრილს დიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ----- გ---–---–---–ს სს ,,თ--–--ი’’-ს მიმართ არსებული დავალიანების - 2 494.18 ლარის გადახდა გადაუნაწილდა 120 თვეზე. ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური გადასახდელის მინიმალური პორცია განისაზღვრა 20.78 ლარით, ხოლო ბოლო თვის გადასახდელი მინიმალური პორცია განისაზღვრა 21.36 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, გადანაწილებული თანხის გადახდის ვადად განისაზღვრა 05/2013 თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ ნ----- გ---–---–---–ს სარჩელის შემოტანამდე (2018 წლის 18 ივნისი) გადახდილი აქვს როგორც ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარების მიმდინარე გადასახადი, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური პორციები შესაბამისი ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 18-25);
- ცნობა (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. დავალიანების რესტრუტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 15 მაისის მდგომარეობით #4966380 აბონენტის დავალიანება სს ,,თ--–--ი’’-ს მიმართ შეადგენს 1 255.70 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე ნ----- გ---–---–---–ს 05.07.05-დან დადგენილი აქვს მეორე ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ. ამასთანავე, მას მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2017 წლის 04 აგვისტოს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 104240.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საპენსიო მოწმობა (ს.ფ. 26);
- ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 27);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 28)
- ამონაწერი (ს.ფ. 29)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დავალიანების არ არსებობის აღიარების თაობაზე საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე, 130-ე, 137-ე, 144-ე, 341-ე, 54-ე, 115-ე მუხლები;
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. მე-3 პუნქტის თანახმად ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე სს ,,თ--–--ი’’ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მოსარჩელისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფას. ამასთანავე დადგენილია, რომ ნ----- გ---–---–---–ს და სს ,,თ--–--ს’’ შორის 2013 წლის 05 აპრილს დიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ----- გ---–---–---–ს სს ,,თ--–--ი’’-ს მიმართ არსებული დავალიანების - 2 494.18 ლარის გადახდა გადაუნაწილდა 120 თვეზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელე რესტრუქტურიზაციის დადების შემდეგ მიმდინარე პერიოდამდე იხდიდა როგორც ყოველთვიური გადასახადს, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრულ თვიურ პორციას. მხარეთა შორის სადავოა ამჟამად რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანების - 1 255.70 ლარის ხანდაზმულად მიჩნევის საკითხი. მოპასუხის პოზიციით დავალიანება არ არის ხანდაზმული, ვინაიდან იგი გამომდინარეობს 2013 წლის 05 აპრილის ხელშეკრულებიდან, აღნიშნული ხელშეკრულება კი დღემდე ძალაშია.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნონ ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა კი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით - არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუნარიანობას.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ელექტროენერგიის საფასურის გადახდა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს და, შესაბამისად, მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა და მოპასუხეს ნასყიდობის საფასურის - ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოეშვება თითოეულ თვეზე დამოუკიდებლად შესაბამისი პერიოდის დადგომისას.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანების ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე მსჯელობისას შესაფასებელია ის საკითხი, რომ დავალიანების გადახდევინებაზე მხარეთა შორის 2013 წლის 05 აპრილს დადებულია რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, მიუხედავად ამ დროისათვის მოსარჩელის სააბონენტო ბარათზე რიცხული დავალიანების ხანდაზმულობისა მოთხოვნის სამ წლიანი ვადის გასვლის გამო. ამასთან, სამართლებრივი ბუნებით აღნიშნული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება თავისთავად წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ისე - კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (იხ. სუსგ ას-572-531-2017).
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სადავოა სწორედ ის საკითხი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალის აღიარების ხელშეკრულებას გააჩნია თუ არა იურიდიული ძალა. სასამართლო იზიარებს საკასაციო პალატის მოსაზრებას, რომ ამ საკითხის რეგულირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში განიმარტება, კერძოდ, 144.2 მუხლის თანახმად, თუკი მოვალე ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ შეასრულებს ვალდებულებას, იგი შესრულების დაბრუნების მოთხოვნის უფლებას კარგავს, ასეთ შემთხვევაში მისი შესაგებელი არ შეიძლება იყოს მათ შორის იმაზე მითითება, რომ შესრულების მომენტში არ იცოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტი, ანალოგიური ძალის მატარებელია მოვალის მიერ ვალდებულების აღიარება მოთხოვნის იძულებითი განხორციელების ვადის გასვლის შემდეგ, თუკი ეს აღიარება შეიცავს პირის გაცნობიერებულ ნებას, რომ იგი ვალდებულებას შეასრულებს. ეს რეგულაცია ვრცელდება ვალის როგორც მარტივ, ისე - კაუზალურ აღიარებაზე (იხ. სუსგ №ას-383-364-2015). ამასთან, ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა, თუმცა, ამგვარი დამოუკიდებელი ხელშეკრულების ძალმოსილება დამოკიდებულია ნების გამომვლენის ნების ნამდვილობაზე. შესაბამისად, ხანდაზმული მოთხოვნაზე დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულების იურიდიული ძალის მნიშვნელობისთვის შესაფასებელია სწორედ ამ ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის ნება.
დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, თ----ს დასახლება მე-11 მ/რ-ნი, მე-2 კვარტალი, სართული 8, ბინა 2-- აღირიცხა 2012 წლის 02 ოქტომბერს. მხარეთა შორის სადავო არაა ის საკითხი, რომ გამრიცხველიანება კორპუსში განხორციელდა 2012 წელს და დავალიანება 2013 წლის მარტში თანაბრად გადანაწილდა კორპუსში მცხოვრებ ოჯახებზე. შესაბამისად, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით მოხდა ამ პერიოდამდე არსებული დავალიანების გადანაწილება. ამასთანავე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე, მოპასუხის მიერ მიწოდებული ელექტრო ენერგიის მომხმარებელი გახდა მხოლოდ 2012 წლის 02 ოქტომბრიდან, შესაბამისად, დადებული რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე ამ საცხოვრებელ კორპუსის ბალანსზე რიცხულ დავალიანებას.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აღნიშნული მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის გამსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. ამასთანავე, მუხლის ფორმულირება ზოგადია და ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელი ნორმების დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას, ამ გაგებით ითვლება, რომ ნორმა შეიცავს განმარტების წესს კანონის ნორმის დაკონკრეტების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 05 აპრილის ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს ვინაიდან ეწინააღმდეგება ზნეობის პრინციპებს. დაგროვილი დავალიანების გამო მოსარჩელე, როგორც აბონენტი, იყო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფაქტის წინაშე და აღნიშნული ფაქტობრივად დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე (იხ. 2018 წლის 24 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 13:01:28-13:01:38). შესაბამისად, მოსარჩელემ ხელშეკრულების გაფორმებისას ვერ ისარგებლა ხანდაზმულ დავალიანების გადახდაზე უარის თქმის უფლებით. მოპასუხესთან ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელე, როგორც ელექტროენერგიის მიწოდებაზე დამოკიდებული აბონენტი, არ მოქმედებდა თავისუფალი ნების ფარგლებში. მართალია, დადგენილია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი და ხელშეკრულების დადების შემდგომ სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე მას სადავო არ გაუხდია დავალიანების გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული სასამართლოს მოსაზრებით არ განაპირობებს ხელშეკრულების დადებისას მის ნამდვილ ნებას. სასამართლო მოსარჩელის ქმედებების შეფასებისას ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის, როგორც საყოფაცხოვრებო მომსახურების უაღრესად დიდი მნიშვნელობას, და იმ ფაქტსაც, რომ მოპასუხე მხარეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა სრული კანონისმიერი რესურსი ზემოქმედება მოეხდინა მოსარჩელის ელექტრომომარაგებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სააბონენტო ბარათზე რიცხული დავალიანება 1 255.70 ლარი ხანდაზმულია და ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილისა, რაც განაპირობებს მოპასუხის მიმართ დავალიანების არ არსებობის აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს. 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი განსაზღვრულია, რომ მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით ნ----- გ---–---–---–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, და მას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----- გ---–---–---–ის სარჩელი მოპასუხე სს ,,თ--–--ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:
სარჩელის აღძვრის დროისთვის (2018 წლის 18 ივნისი) მოსარჩელე ნ----- გ---–---–---–ის დავალიანება სს ,,თ--–--ი’’-ს მიმართ, რომელიც გამომდინარეობს 2013 წლის 05 აპრილის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ჩაითვალოს ხანდაზმულად და ნანული გ---–---–---–ი გათავისუფლდეს დავალიანების გადახდისგან;
2.მოპასუხე სს ,,თ--–--ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია