განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
330100117001669843
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N1/3--17

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----------–-,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--–- გ------ის ძე ბ------ - დაბადებული 19---–-–-------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ------–-----–--------–---–------------ და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------------------------------,ადვოკატი - მ------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლი;

 

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით - სამოტივაციო

ნაწილი :

 

სასამართლომ დადგენილად ცნო:

 

2016 წლის 09 ნოემბერს, ღამით, ქ. თბილისში, ზ-------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--–- ბ------მ, შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - ნ---- ბ-–----–---–ს მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახეში და თავში, რის შედეგადაც ნ---- ბ-–----–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით:

 

ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებაში და განმარტა, რომ მას ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია მეუღლის - ნ---- ბ-–----–---–ის მიმართ.

 

მოწმე დ----- შ-----ს ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ მუშაობს თბილისის საპატრულო პოლიციაში. 2016 წლის 9 ნოემბერს, რიცხვს ზუსტად არ ახსოვს, მეწყვილესთან გ------- ტ------–--–---სთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ზ----------------------- კორპუსიდან მათ შემოესმათ ქალის ყვირილი, რომელიც ითხოვდა დახმარებას. მეორე სართულზე მათ ნახეს ნ---- ბ-–----–---–ი რომელმაც განუცხადათ, რომ მეუღლემ - გ--–- ბ------მ მასზე განახორციელა ძალადობა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ----ს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და დაზარალებული გადაიყვანეს ,,ელ-----------–-----–--“ ჰოსპიტალში.

 

შემთხვევის ადგილზე დაკავებული იქნა გ--–- ბ------ რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ბრალდებული იყო აგრესიული და ისევ ცდილობდა მიეყენებინა მეუღლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ტ------–--–---მ.

 

გ------- ტ------–--–--ის პატაკის მიხედვით დადგენილი გარემოებაა, რომ მის მეწყვილესთან, დ----- შ-----სთან ერთად მორიგობდა და მოძრაობდა ზ--------ის ქუჩაზე, რა დროსაც ერთ-ერთი სადარბაზოდან გაიგონა ქალის ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. სადარბაზოში შესვლისას მათ დახვდათ ნ---- ბ-–----–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და მიუთითა იქვე მყოფ გ--–- ბ------ზე.

 

მ-----– ფ--–-------მ განმარტა, რომ გვიან ღამით გააღვიძა კაკუნმა და როდესაც გააღო კარი დახვდა მისი მეზობელი ნ---- ბ-–----–---–ი და პატრული. ნ---- ბ-–----–---–ის მონაყოლით იცის, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი მ-----– გ-----–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული და შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. ამავე ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---- ბ-–----–---–ის მოწმის სახით გამოკითხვა მოხდა საავადმყოფოში შესაბამისი მანიპულაციების დასრულების შემდეგ, როცა მოწმე მზად იყო გამოძიებისათვის ეპასუხა დასმულ კითხვებზე.

 

,,ე-–-----------–-----–ის“ ჰოსპიტალის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 2016 წლის 09 ნოემბერს მოქალაქე ნ---- ბ-–----–---–ს აღენიშნებოდა: მარცხენა ბეჭის მიდამოს დაჟეჟილობა, თავის ღია ჭრილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბეჭის მიდამოს დაჟეჟილობა.

 

ამავე დაწესებულების ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციის ჩანაწერის მიხედვით პაციენტი მიყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ამავე სამედიცინო ბარათით ნ---- ბ-–----–---–ს აღენიშნებოდა ცხვირის-რბილი ქსოვილების შესიება და შესაბამისი კვლევებით დაუდგინდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის გადმოცემით ტრავმა მიიღო ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად.

 

მოწმედ დაკითხვისას ექსპერტმა - ე-- ჩ---–--–---–მა დაადასტურა მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ამავე სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნ---- ბ-–----–---–ს 2016 წლის 09 ნოემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაესვა დიაგნოზი მარცხენა ბეჭის მიდამოს დაჟეჟილობა, თავის ღია ჭრილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა ნ---- ბ-–----–---–მა განმარტა, რომ გ--–- ბ------ს იგი არ უცემია. ამავე ჩვენებით, 2016 წლის 09 ნოემბერს გ--–- ბ------ სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, რის გამოც მას შელაპარაკება მოუხდა მეუღლესთან. როცა ცდილობდა ბრალდებული სააბაზანოში შეეყვანა თავად აუცურდა ფეხი წყლიან იატაკზე, თავი ვერ შეიკავა და წარბი გაუსკდა. სისხლის დანახვაზე დაიწყო ყვირილი და საშველად მივიდა მეზობელთან. მის ყვირილზე მისულ პოლიციელებს განუმარტა სიცრუე, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ - გ--–- ბ------მ.

 

სასამართლო ვერ გაიზარებს დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, რადგან ზემოაღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის გამოკვლეულ მტკიცებულებებთან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ნ---- ბ-–----–---–ი განმარტავს, რომ 2016 წლის 09 ნოემბერს გ--–- ბ------ სახლში ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა, რის გამოც მათ შორის მოხდა ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო შემდეგ ბრალდებულმა დაუწყო ცემა. კერძოდ, ნ---- ბ-–----–---–ს თავისა და სახის არეში ურტყმდა მუშტებს რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ინციდენტის დროს ის დაუსხლტა ხელიდან მეუღლეს და გაიქცა მეზობელთან საშველად. იგივე მოუთხრო მის საშველად მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

 

მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციას ნ---- ბ-–----–---–ი ეთანხმება დაზარალებულად გამოკითხვის დროსაც და დამატებით განმარტავს, რომ გ--–- ბ------ს ქმედების შედეგად მოადგა, როგორც ფიზიკური ასევე მორალური ზიანი. ამავე გამოკითხვის ოქმით, ბოლო წლების განმავლობაში გ--–- ბ------ ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ნ---- ბ-–----–---–ი თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

 

მართალია გამოძიების ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულ ფაქტებს სასამართლო მტკიცებულებად არ იყენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია შეფასდეს ისინი მოწმის ჩვენების სანდოობის კუთხით.

 

მოცემულ შემთხვევაში ნ---- ბ-–----–---–ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, წინააღმდეგობაში მოვიდა არა მარტო პატრულ ინსპექტორების ჩვენებებთან, რომლებმაც ფაქტობრივად დანაშაულის ჩადენისთანავე ნახეს დაზარალებული და სწორედ ამ უკანასკნელის განმარტებისა და მითითების საფუძველზე დააკავეს გ--–- ბ------, ასევე მეზობლის მ-----– ფ--–-------ს ჩვენებასთან, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელმა თავად ნ---- ბ-–----–---–ისაგან გაიგო, რომ დაზარალებულს მეუღლესთან - გ--–- ბ------სათან ჰქონდა კონფლიქტი და სთხოვა დახმარება. მნიშვნელოვანია ნ---- ბ-–----–---–ის სამედიცინო ბარათიც სადაც შეტანილია დაზარალებულის განმარტება მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, რომ მიაყენა მეუღლემ. ის გარემოება, რომ მეუღლეებს ჰქონდათ არაჯანსაღი ურთიერთობა, დასტურდება ასევე საქმეზე დართული შემაკავებელი ორდერით, რაც თავის მხრივ თავსებადია ზემოთმოყვანილ გამოკითხვის ოქმებთან.

 

ამდენად, ნ---- ბ-–----–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხვის დროს გადმოცემული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს ემსახურება მიზანს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ააცილოს გ--–- ბ------ს.

 

სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ--–- ბ------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-ე, 120-ე მუხლით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქმის მასალებით გ--–- ბ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--–- ბ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 8 400 (რვა ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და გ--–- ბ------ს საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გუქმდეს გ--–- ბ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა; გაუქმდეს საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად გირაოს შეფარდებასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------რის გადაწყვეტილებით გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულება 1(ერთი) ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/