გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18593-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე
მოსარჩელე სს ''თი----------''
წარმომადგენელი თ------------ძე
მოპასუხე ნ---- ჯი-------ე
წარმომადგენელი თ-------ძე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 05 აგვისტოს განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3349.72 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1499.39 ლარი, პროცენტი - 398.69 ლარი და ჯარიმა - 1451.64 ლარი.
1.2. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 მაისიდან) 2014 წლის 05 აგვისტოს განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1499.39 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 34% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 42.48 ლარს.
1.3. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 20 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 493.64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 280.75 ლარი, პროცენტი - 30.3 ლარი, ჯარიმა - 181.94 ლარი და დაზღვევა - 0.65 ლარი.
1.4. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 მაისიდან) 2016 წლის 20 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 280.75 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 17.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 4.09 ლარს.
1.5. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 04 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 911.34 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 642.99 ლარი, პროცენტი - 53.24 ლარი, ჯარიმა - 213.62 ლარი და დაზღვევა - 1.49 ლარი.
1.6. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 მაისიდან) 2016 წლის 04 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 642.99 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 7.5 ლარს.
1.7. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 02 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 425.93 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 342.24 ლარი, პროცენტი - 32.61 ლარი, ჯარიმა - 50.27 ლარი და დაზღვევა - 0.81 ლარი.
1.8. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 მაისიდან) 2017 წლის 02 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 342.24 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 4.42 ლარს.
1.9. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2494.63 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1447.31 ლარი, პროცენტი - 263.73 ლარი და ჯარიმა - 783.59 ლარი.
1.10. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 მაისიდან) 2014 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1447.31 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 43.41 ლარს.
1.11. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 14 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1389.05 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 798.73 ლარი, პროცენტი - 167.74 ლარი და ჯარიმა - 422.58 ლარი.
1.12. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 მაისიდან) 2017 წლის 14 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 798.73 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 23.96 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ---- ჯი-------ემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ყველა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის, დაზღვევის თანხის და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნები არ ცნო.
(11.09.2018წ, სხდომის ოქმი 16:22:22 წთ)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ-----------ა“ და ნ---- ჯი-------ეს შორის 2014 წლის 05 აგვისტოს დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 2016 წლის 26 თებერვალს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1499.39 ლარი.
კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 34% კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში წინა თვის ბოლო კალენდრული რიცხვის ჩათვლით ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 20)
- განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 21-23)
3.1.2. დადგენილია, რომ ნ---- ჯი-------ის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ნაკისრი ვალდებულებები და სრულყოფილად არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2014 წლის 05 აგვისტოს განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3349.72 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1499.39 ლარი, პროცენტია - 398.69 ლარი და ჯარიმა - 1451.64 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 80)
- გადახდების ისტორია (ს.ფ 63-66)
3.1.3. სს „თ-----------ა“ და ნ---- ჯი-------ეს შორის 2016 წლის 20 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 400 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 15 აპრილამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სა--------–-----------------------------------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 24)
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 25-29)
- დანართი #1/პოლისი #-----------------ს.ფ 30-32)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 33-34)
3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 15 ნოემბერს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 254.83 ლარი, საიდანაც 119.25 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 90.02 ლარით - პროცენტი, 41.85 ლარით - ჯარიმა და 3.71 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია.
2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 493.64 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 280.75 ლარი, პროცენტი - 30.3 ლარი, ჯარიმა - 181.94 ლარი და დაზღვევა - 0.65 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 80)
- გადახდების ისტორია (ს.ფ 67-68)
3.1.5. სს „თ-----------ა“ და ნ---- ჯი-------ეს შორის 2016 წლის 04 დეკემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 800 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 24 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 24 რიცხვში.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს “თი----------ს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული “ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” ხელშეკრულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა 2016 წლის 04 დეკემბრის ხელშეკრულების პირობების შესახებ (ს.ფ 35)
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ;(46-62)
3.1.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 04 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 338.34 ლარი, საიდანაც 157.01 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 90.59 ლარით - პროცენტი, 86.11 ლარით - ჯარიმა და 4.63 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია.
2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 911.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 642.99 ლარი, პროცენტი - 53.24 ლარი, ჯარიმა - 213.62 ლარი და დაზღვევის ხელშეკრულების მიზნებისთვის გასახდელი - 1.49 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 80)
- გადახდების ისტორია (ს.ფ 69-70)
3.1.7. სს „თ-----------ა“ და ნ---- ჯი-------ეს შორის 2017 წლის 02 მარტს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 400 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 15 ნოემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს “თიბისი აბნკის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული “ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” ხელშეკრულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა 2016 წლის 2 მარტის ხელშეკრულების პირობების შესახებ (ს.ფ 36)
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ;(46-62)
3.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 02 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 15 ნოემბერს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 99.99 ლარი, საიდანაც 57.76 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 35.93 ლარით - პროცენტი, 4.63 ლარით - ჯარიმა და 1.67 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია.
2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 425.93 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 342.24 ლარი, პროცენტი - 32.61 ლარი, ჯარიმა - 50.27 ლარი და დაზღვევა - 0.81 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 80)
- გადახდების ისტორია (ს.ფ 71)
3.1.9. სს „თ-----------ა“ და ნ---- ჯი-------ეს შორის 2014 წლის 06 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card, 1430 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. 2017 წლის 09 ოქტომბერს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1447.31 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თი----------ს“ ბანკომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 03 რიცხვი.
ამასთან, 2014 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ მასზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ. ხელმოწერით კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 38-40)
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (46-62)
3.1.10. დადგენილია, რომ ნ---- ჯი-------ის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის თებერვლის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2014 წლის 06 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2494.63 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1447.31 ლარი, პროცენტი - 263.73 ლარი და ჯარიმა - 783.59 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 80)
3.1.11. სს „თ-----------ა“ და ნ---- ჯი-------ეს შორის 2017 წლის 14 მარტს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თი----------ს“ ბანკომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 13 რიცხვი. ამასთან, 2017 წლის 14 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითიც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 41-45)
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (46-62)
3.1.12. დადგენილია, რომ ნ---- ჯი-------ის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 14 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1389.05 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 798.73 ლარი, პროცენტი - 167.74 ლარი და ჯარიმა - 422.58 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 80)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''თი----------ს'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე, 417-ე- 418-ე, 420-ე, 868-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოპასუხე ნ---- ჯი-------ეს სარჩელი ცნო ნაწილობრივ, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, ჯამში - 5011.41 ლარის ფარგლებში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების სრულყოფილი შესრულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის, ჯამში 946.31 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის სარგებლის გადახდის ვალდებულებაც, რომლის გადახდაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საქმეში არსებული მასალებიდან ასევე დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით ს----------------------- G----ში. დადგენილია, რომ სადაზღვევო თანხის ანაზღაურება წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულებას სს თი----------ს მიმართ, რომელიც ნ---- ჯი-------ის მიერ სრულყოფილად შესრულებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დაზღვევის თანხის - ჯამში 2.95 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.
როგორც უკვე აღინიშნა საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად და მხარეთა შორის გაფორმებულ გარიგებაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დანაწესით, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მთლიანობაში 3 103.61 ლარი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, სს თი----------ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს მხოლოდ - 50 ლარის გადახდა.
სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე სარგებლის დაკისრებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლოს მოსაზრებით საბანკო დაწესებულების მხრიდან მოვალის მიერ საკრედიტო ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით სარგებლის და პირგასამტეხლოს გარდა, დამატებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაბუთებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოთხოვნის ავტორმა დაასაბუთოს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება: პირველი - მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მისი ”საკრედიტო პორტფელი” არ იყო საკმარისი ახალი სესხის გაცემისთვის და პოტენციური მსესხებლისთვის სესხის გაცემა დამოკიდებული იყო უშუალოდ მოპასუხე ნ---- ჯი-------ის მიერ მიღებული თანხის დაბრუნებაზე. მეორე - მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ მას შერჩეული ჰყავდა პოტენციური მსესხებელი, რომელიც აკმაყოფილებდა საბანკო კრედიტის მისაღებად სს თი----------ს მიერ განსაზღვრულ ყველა სტანდარტს და ასეთ სუბიექტს სესხი ვერ გადაეცა კონკრეტული მოპასუხის, ამ შემთხვევაში ნ---- ჯი-------ის მიერ საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად.
სასამართლოს მოსაზრებით მხოლოდ დასახელებული ორი გარემოების დადასტურების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რომ სახეზეა უშუალოდ მოპასუხის მოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, როგორც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის დანაწესითაა განსაზღვრული. ამდენად, მარტოოდენ მითითება მოსარჩელის როგორც საბანკო დაწესებულების სტატუსზე, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბანკო კრედიტების გაცემა სასამართლოს მოსაზრებით არ ქმნის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ფარგლებს მიღმა მსესხებლისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სს თიბისი ბანკმა ნ---- ჯი-------ის მოქმედების შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების საფუძვლები ვერ მიუთითა და სასარჩელო მოთხოვნები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს შესაბამისი პროპორციის სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან საქმის მასალებში წარმომადგენლის მომსახურების მიზნით თანხის გადახდა არ დასტურდება ამავე საფუძვლით თანხის გადახდის საფუძველი არ იკვეთება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. სს თი----------ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს - 6 010.67 ლარის გადახდა.
3. სს თი----------ს სარჩელი ნ---- ჯი-------ის მიმართ პირგასამტეხლოს სახით - 3053,61 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. სს თი----------ს სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისთვის დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 მაისი) ძირ თანხაზე - 1499.39 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 34% სარგებლის, ძირ თანხაზე - 280.75 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 17.5% სარგებლის, ძირ თანხაზე - 642.99 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 14% სარგებლის, ძირ თანხაზე - 342.24 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 15.5% სარგებლის, ძირ თანხაზე - 1447.31 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის და ძირ თანხაზე - 798.73 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. სს თ----------- დაუბრუნდეს 01/06/2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (407.85 ლარი) ნაწილი - 75.17 ლარი.
6. ნ---- ჯი-------ეს სს „თი----------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 180,31 ლარი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე