გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020212618002599518 (2/1630-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.10.2018 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
განმცხადებელი ლუ-------------ა
მოთხოვნა: სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.10.1996 წ გადაწყვეტილების ბათილობა.
ლუ-------------ას დაბადების ნამდვილი თარიღის განსაზღვრა - 26.09.1949 წ.
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ლუ-------------ა იძულებით გადაადგილებული პირია. მისი რეგისტრაციის მისამართია აფხაზეთი, გალი, ბ. ძნელაძის ქუჩა #25. იგი ამჟამად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე - თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ბაგების დასახლება, კორპ. 4, ბინა 1031 და იღებს საარსებო შემწეობას.
2.2. ლუ-------------ას პირადი ნომერია 62006000397. ის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ფლობს დაბადების თარიღით - 26.09.1952 წელი.
აღნიშნული დაბადების თარიღით მისი დაბადების სააქტო ჩანაწერი რეგისტრირებულია 04.07.1997 წ. სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის ინფორმაციით ამ თარიღით დაბადების აქტის ჩანაწერის (აქტი #916) შესასრულებლად წარდგენილი იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე #10-697). აღნიშნული დოკუმენტის ასლი განმცხადებელმა მოიპოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოდან.
ლუ-------------ას დაბადების სააქტო ჩანაწერის აღდგენა საჭირო გახდა იმის გამო, რომ მისი დაბადების პირველადი რეგისტრაცია განხორციელებული იყო საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში - ქ. გალში და შესაბამისი საარქივო მასალები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ დარჩა არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, საიდანაც მათი ასლების მოპოვება შეუძლებელი იყო, როგორც შესაბამისი ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე სახელმწიფო (ადმინისტრაციული) ორგანოებისთვის.
2.3. ლუ-------------ამ მოიპოვა და სასამართლოს წარმოუდგინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ორგანოს მიერ განმეორებით გაცემული მისი დაბადების მოწმობა, სადაც დაბადების თარიღად მითითებულია - 26.09.1949 წ, დაბადების ადგილი გალი, რაზეც მოხდენილია აქტის ჩაწერა #107, მამა ქარდავა იასონი, დედა ქარდავა ლენა.
ლუ-------------ამ სასამართლოს ასევე წარმოუდგინა სსრკ-ის არსებობის პერიოდში მის შესახებ გაცემული სხვა დოკუმენტის ასლი, კერძოდ სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის შევსებისას გაცემული განცხადება-ანკეტის ასლი, რომელიც დამოწმებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ორგანოს მიერ. ეს განცხადება-ანკეტის ბლანკი შევსებულია 04.10.1977 წ, იგი რუსულენოვანია, თუმცა შესაბამის გრაფებში ინფორმაცია შეტანილია ქართულად. იგი ხელმოწერილია ლუ-------------ას მიერ. ამ დოკუმენტში განმცხადებლის დაბადების თარიღად მითითებულია - 26.09.1949 წ, ადგილი აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მითითებულია სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის გაცემის თარიღი 10.11.1977 წელი.
2.4. საქმის მასალების შესწავლით სასამართლომ დაადგინა, რომ ლუ-------------ას შესახებ არსებობს დაბადების ორი სხვადასხვა სააქტო ჩანაწერი, რომელთაგან პირველი შესრულებულია 26.09.1949 წ, აფხაზეთის ასსრ, გალის რაიონში აქტის #107 და ინახება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო მეორე 04.07.1997 წ. აქტი #916, შესრულებულია გალის მმაჩის განყოფილების მიერ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და ინახება შესაბამის არქივში.
სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე 04.07.1997 წ შესრულებული ლუ-------------ას დაბადების სააქტო ჩანაწერი შეიცავს მცდარ ინფორმაციას, მასში მითითებული დაბადების თარიღი - 26.09.1952 არასწორია.
ლუ-------------ას დაბადების ნამდვილი თარიღია - 26.09.1949 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადება
-პირადობის მოწმობის ასლი
- დევნილის მოწმობის ასლი
-გადაწყვეტილება 10-697
-დაბადების მოწმობები-სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის მისარებად შევსებული განცხადება-ანკეტა
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსმომართვა #01/114500, 10.04.2018 წ
-თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება 001118056243 25.04.2018
-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან
სამოტივაციო ნაწილი
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4221-ე მუხლის მიხედვით 1. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, აგრეთვე დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არსებობს სამოქალაქო აქტის ორი სხვადასხვა ჩანაწერი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია მცდარი მონაცემები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განცხადების წარდგენაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები.
მოცემული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხილვის მიზანია წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი განმცხადებლის დაბადების თარიღის მცდარობა, რაც შეუძლებელია მისი დაბადების ნამდვილი თარიღის დადგენის გარეშე.
აღნიშნული მტკიცების ტვირთი მხარემ სათანადოდ განახორციელა. მართალია, მან წარმოადგინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების მიერ დამოწმებული ასლები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თვითონ დოკუმენტები გაცემულია სსრკ-ში მოქმედი კანონიერი ორგანოების მიერ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება მხოლოდ მათი შენახვა და სხვა გზით (უკანონო ორგანოების მიერ დამოწმების გარეშე) ამ დოკუმენტებს საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ მოიპოვებენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მიხედვით წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი უნდა გათავისუფლდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დედნების წარმოდგენის ვალდებულებისგან, რადგან ასეთი რამ ამ ეტაპზე შეუძლებელია.
,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით (01.10.2018 წ რედაქციით) უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირის ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და მისი რეგისტრაციის მიზნებისათვის.
აღნიშნულ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. საპროცესო ხარჯები
განმცხადებელი გათავისუფლებულია სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-2, 364-ე, 369-ე, 422-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ლუ-------------ას განცხადება დაკმაყოფილდეს.
2.ბათილად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.10.1996 წ გადაწყვეტილება # 10-697.
ლუ-------------ას დაბადების ნამდვილი თარიღია 26.09.1949 წ.
3. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა