გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2018
საქმის ნომერი
330210118002359029
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/8380-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - თ--------ა

მოსარჩელის წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი

მოპასუხე - ვ-–------–--–-–---–ი

მოპასუხის წარმომადგენელი - გ--------–-----–--ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლო, ნაცვლად 0.13%-ისა - 5955.3 აშშ დოლარისა, განისაზღვროს 0.03%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კერძოდ - მოსარჩელე თ--------ას ვ-–------–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით საერთო ჯამში - 1382 აშშ დოლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძვნება შემდეგ გარემოებებს:

 

2016 წლის 13 აპრილს მოსარჩელე თ--------ასა და მოპასუხე ვ-–------–--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ვ-–------–--–-–---–მა სესხის თანხა - 9000 აშშ დოლარი გადასცა თ--------ას, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის დარიცხვით. ამ ხელშეკრულების დამოწმებამდე თ--------ამ წინასწარ გადაუხადა ვ-–------–--–-–---–ს სამი თვის პროცენტი 810 აშშ დოლარი. ვინაიდან, მოსარჩელე თ--------ამ ჯეროვნად ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხე ვ-–------–--–-–---–მა მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. 2018 წლის 20 თებერვლის ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე - განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის გადახდა 9000 აშშ დოლარით, სამი თვის გადაუხდელი პროცენტი - 810 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.13%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 14 ოქტომბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. ასევე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დ----–-------------–-------–--------- პირველი ჩიხი №1, სართული №1- აუქციონზე რეალიზაცია.

 

(მტკიცებულება: 20.03.2018 წლის სარჩელი, 01.10.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ-–------–--–-–---–მა სარჩელი ცნო. არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

(მტკიცებულება: 03.04.2018 წლის სარჩელი, 01.10.2018 წლის სასამართლო მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თ--------ასა და მოპასუხე ვ-–------–--–-–---–ს შორის 2016 წლის 13 აპრილს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 13.04.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა თ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ----–-------------–-------–--------- პირველი ჩიხი №1, სართული №1.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 18.04.2016 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი: 01.20.01.104.043.01.00);

- 09.03.2018 წლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობა (№A----------------).

 

3.1.3. ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გაცემული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,13 %-ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 20.02.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი (№1--------).

 

3.1.4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 20 თებერვალს ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 9000 აშშ დოლარი, პროცენტი - 810 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.13%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 14 ოქტომბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2018 წლის 29 მარტის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადებისთანავე, მხარეები ვალდებულები არიან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალე თ--------ას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

მოვალე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების მოცულობიდან პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სრულად ცნობს სარჩელს და თანახმააა შემცირდეს პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ ცნო სარჩელი სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე და ასევე სადავოდ აღარ გახადა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები.

 

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 337 ლარს, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარს, ჯამში - 387 ლარს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელე თ--------ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 387 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე თ--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ პირგასამტეხლოს ნაწილში და თ--------ას მიერ, ვაჟა დალალიშილის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელ თანხად განისაზღვროს 1382 აშშ დოლარი;

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე თ--------ას თეიმურაზ გოგიჩაიშვილის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 337 ლარი, რომელიც 2018 წლის 20 მარტის №- საგადახდო დავალებით გადახდილია ანგარიშზე სახაზინო კოდი 300773150;

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე თ--------ას თეიმურაზ გოგიჩაიშვილის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, რომელიც 2018 წლის 20 მარტის №- საგადახდო დავალებით გადახდილია ანგარიშზე სახაზინო კოდი 300773150;

5. ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერდა ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (კრედიტორი ვ-–------–--–-–---–ი (პირადი ნომერი 6----------), მოვალე - თ--------ა (პირადი ნომერი - 6----------) დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მდ: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე