გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 3-----------------
N 2/4826-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.08.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე ლ-------–- ბ-–----–---–ი
წარმომადგენელი გ------ ნ-–------
მოპასუხე სს ,,ს----------–-------------ა"
წარმომადგენელი ნ----- მ-–-------–---–ი
დავის საგანი სარჩოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ს----------–-------------ას“ მოსარჩელის ლ-------–- ბ-–----–---–ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 მარტიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 625 ლარის ოდენობით;
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ს----------–-------------ას“ მოსარჩელის ლ-------–- ბ-–----–---–ის სასარგებლოდ ერთობლივად მიუღებელი სარჩოს სხვაობა 3050 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით მისი მეუღლე ზ----- ბ-–----–---–ი მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში მემანქანედ. მან 1980 წლის 12 აპრილს მიიღო საწარმოო ტრავამ და გარდაიცვალა 2003 წლის 12 მარტს. მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხისგან მრავალი წელია იღებს ყოველთვიურ სარჩოს მარჩენალის დაკარგვის გამო თუმცა, დღეისთვის გაზრდილია მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლის თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მემანქანის ხელფასი, რის გამოც, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩო გაზრდილი ოდენობით, ასევე მიუღებელი სარჩო 3050 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის მეუღლე ზ----- ბ-–----–---–ი მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში მემანქანედ. მან 1980 წლის 12 აპრილს მიიღო საწარმოო ტრავმა და გარდაიცვალა 2003 წლის 12 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N0------ წერილი;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.2. მოსარჩელე 2013 წლის მარტის თვიდან დღემდე იღებს ყოველთვიურ სარჩოს 575 ლარს, რაც რაც განსხვავდება მოქმედი მემანქანის ხელფასისგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სადგური ფოთის იურიდიული სამსახურის უფროსის 2017 წლის 1 სექტემბრის წერილი;
3.1.3. მოპასუხე კომპანიაში 2018 წლის 2 მარტს გაცემული ცნობით, 2013 წლის მარტიდან დღემდე მემანქანის ხელფასი შეადგენს 1250 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები;
3.1.4. ზ----- ბ-–----–---–ის დაბადების თარიღია 1944 წლის 11 თებერვალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები;
- ქორწინების მოწმობას;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს გადაანგარიშებული სარჩოს მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე,411-ე,992-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე იღებს ყოველთვიურ სარჩოს 575 ლარის ოდენობით (იხ. 3.1.2. უდავო ფაქტობრივი გარემოება). ასევე დადასტურებულია, რომ დელიქტი განხორციელებულია და ვალდებულება მოპასუხეს აღიარებული აქვს, რაც გამოიხატება განვლილ პერიოდზე სარჩოს გადახდით.
მოცემულ მომენტში, სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის გაზრდილი (გადაანგარიშებული) სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაზე და აღნიშნავს, რომ ნორმა განცდილი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად განხორციელდეს ე.წ. რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ როდემდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს მართებულად, თუ როდემდე იქნებოდა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაეხადა კომპენსაცია დაზარალებულისათვის. მოსარჩელე ამჟამად, გარდაცვლილია. პრეზუმირებულია, რომ იგი იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც იმ პერიოდისათვის მოქმედი შრომის კოდექსის (1973 წლის 28 ივნისის რედაქციით) მიხედვით, მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენდა. შესაბამისად, სადავო პერიოდში 2013-2017 წლებში მოსარჩელე ვერ შეასრულებდა საწარმოში შრომით მოვალეობას და მასზე ვერც დასახელებულ პერიოდში განხორციელებული სახელფასო ცვლილებები გავრცელდებოდა, რადგან, მისი დაბადების თარიღის (1944 წლის 11 თებერვალი), გათვალისწინებით 2013 წელს იგი საპენსიო ასაკის იქნებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება მარჩენალდაკარგული პირისათვის სარჩოს გადაანგარიშებას(იხ., სუსგ Nას-789-746-2015, 22.02.2016წ.)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ.ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს ლ-------–- ბ-–----–---–ის სარჩელი სს ,,ს----------–-------------ის" მიმართ სარჩოს დაკისრების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია