გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
080210117001786869
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/244-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.10.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე

მოსარჩელე - ვ---- ა–------

წარმომადგენელი - ლ---- ჭ--–--ე

მოპასუხეები - ჯ---- ა-------ე, ფ------ ა-------ე, დ----- ა-------ე

წარმომადგენელი - ფ------ ა-------ე, ა---------– ბ----------ე

დავის საგანი: სესხის თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს მოსარჩელე ვ---- ა–------ს სასარგებლოდ დაეკისროს 28 000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტების, 10000 აშშ დოლარის, ჯამში 38000 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელის მიხედვით:

2015 წლის ნოემბერში, მოთხოვნის დამთმობმა, მ------ი კ---------ემ, ფ------, ჯ---- და დ----- ა-------ეებს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, გადასცა 28000 აშშ დოლარი საერთო (ერთობლივი)ბიზნესის დასაწყებად. მოპასუხეები დაჰპირდნენ მას, რომ მოახდენდნენ შპს-ს რეგისტრაციას. თუ ბიზნესი გაამართლებდა, ისინი მ------ კ---------ეს უკან დაუბრუნებდნენ ამ თანხას. მოპასუხეებმა უარი უთხრეს შესაბამისი ხელწერილის გაფორმებაზე. ჯ---- ა-------ე ფულის გადაცემიდან რამდენიმე დღეში წავიდა საზღვარგარეთ და დღემდე იქ იმყოფება. ფ------ ა-------ემ კი გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელმაც აღიარებული აქვს ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, ქუთაისის შსს პოლიციის მე-3 განყოფილებაში გამოკითხვისას.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება სრულად.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მხარეებს შორის 18.09.2017წ. შედგენილი ხელწერილით, რომელსაც ხელს აწერს ასევე მ------ კ---------ეც, დასტურდება, რომ არავითარი ვალდებულება დ----- ა-------ეს და მითუმეტეს ჯ---- და ფ------ ა-------ეებს მ------ კ---------ესთან არ აქვთ. შესაბამისად უსაფუძვლოა მოთხოვნის დათმობის საფუძველზე წარმოებული დავა.

 

როგორც მოსამზადებელ, ისე მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ შესაგებელს იმავე გარემოებებზე მითითებით და დამატებით განმარტეს, რომ მხარეებს შორის არც სასესხო და არც ბიზნესურთიერთობა არ ყოფილა, მით უფრო მ------ კ---------ესთან. ჯ---- ა-------ე 2 წელია არ იმყოფება საქართველოში. ამიტომ არც მას, არც დ----- ა-------ეს და არც ფ------ ა-------ეს მ------ კ---------ის მიმართ არანაირი ვალდებულება არ ჰქონიათ და არც აქვთ. წარმოდგენილი ხელწერილი კი შედგენილია სხვა პირთა შორის, რომელსაც ხელს აწერს ასევე მ------ კ---------ე და რომლის შედგენის, მასზე ხელმოწერის და ხელმოწერების ნამდვილობის ფაქტი დაადასტურეს სხდომაზე მოწვეულმა მოწმეებმაც. მათვე განმარტეს, რომ ვინაიდან ექსპერტიზისთვის არ მოხდა საკმარისი დოკუმენტების წარდგენა მოსარჩელე მხარის მიერ სპეციალურად, ამიტომ არსებული ორივე ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობრივია აღნიშნულ გარემოებებთან, რომელიც სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მ------ი კ---------ემ ფიზიკური პირებისაგან- დ----- ა-------ისაგან, ფ------ ა-------ისაგან და ჯ---- ა-------ისაგან კუთვნილი 38000 (ოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარის ვალის მოთხოვნის უფლება დაუთმო ვ---- ა–------ს (მოსარჩელეს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ხელწერილი ვალის მოთხოვნის დათმობის შესახებ (ს/ფ-16)

 

3.2. მხარეებს (თანხის გამცემს მ------ კ---------ეს(მოთხოვნის დამთმობი) და მოპასუხეებს და ჯ---- ა-------ის მეუღლეს ნ--- მ-------ეს) უნდა ეწარმოებინათ საერთო ბიზნესსაქმიანობა, რაც დაკავშირებული იყო საბერძნეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანასთან. თუმცა მათ რაიმე სახის სამართლებრივი ფორმა, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის სახით, ამ საქმიანობისთვის არ მიუციათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება,-ფ------ ა-------ის გამოკითხვის ოქმი (ს/ფ 24)

 

3.3. გ------- ა-------ის გამოკითხვის ოქმის(15.09.2016წ.) მიხედვით, დ----- ა-------ეს, მ---- კ---------ეს (მოთხოვნის დამთმობი) და ჯ---- ა-------ის მეუღლეს ნ--- მ-------ეს, რომელიც იმყოფება საბერძნეთში, ჰქონდათ მანქანების ბიზნესი და ერთად მუშაობდნენ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. ამ ბიზნესში ჩადებული ჰქონდათ დაახლოებით 27000 აშშ დოლარი. ეს თანხა იყო ყველას წილი.

 

ქუთაისის შსს სამმართველოში გამოკითხვისას ანალოგიური განმარტება აქვს მიცემული ფ------ ა-------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გამოკითხვის ოქმები (ს/ფ 19-24),3.4. მოსარჩელე მხარის (უფლების დამთმობი მ------ კ---------ე) მიერ მოპასუხეებისათვის თანხის 28000 აშშ დოლარის გადაცემის ან გადარიცხვის ფაქტი, ან/და ავტომანქანის ჩამოყვანის/გასხვისების ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რა სახის ვალდებულებითი ურთიერთობა იყო მხარეებს შორის, იყო თუ არა რაიმე წილი განსაზღვრული მათ შორის, ან მოგების განაწილების წესი.

 

საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ მოპასუხეებმა სადავო თანხა მიიღეს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით, მოპასუხე მხარე კი თანხის მიღების და საერთო ბიზნესსაქმიანობის ფაქტს უარყოფს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოპასუხეთა ახსნა-განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი 16.04.2018წ., ს.ფ. 197-210)

 

3.5. 2016 წლის 18 სექტემბერს შედგენილი ხელწერილის შინაარსი ასეთია: ,,ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი-ფ------ ა-------ე, გ------- ა-------ე, თ----- გ-----–--ე, როგორც დაზარალებულები, ერთი მხრივ, და ლ-–- მ-----–-–---–ი, ჯ---- კ---------ე, შ----- ჭ-------ე, რ-----ი გ---–--–--ე შევთანხმდით, რომ დ----- ა-------ესთან მეწილე იყო მ---- კ---------ე, ლ-–- მ-----–-–---–ი, გ------- კ---------ე, რომ დ----- ა-------ეს, ლ-–- მ-----–-–---–ს და და გ------- კ---------ეს ერთმანეთთან ვალები გასტუმრებული აქვთ და რაიმე დავალიანება ერთმანეთის მიმართ არ აქვთ. ხელწერილის შედგენა გამოიწვია იმ გარემოებამ რომ, მოხდა ინციდენტი დ----- ა-------ის ოჯახის წევრებთან და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნული ხელწერილის დადასტურების შემდეგ ფ------ ა-------ე თანახმაა მისცეს ჩვენება გ------- ა-------ესთან და თ----- გ-----–--ესთან ერთდ, რომ მათ მიმართ ცემას ადგილი არ ჰქონია მხოლოდ ლ-–- მ-----–-–---–ის და ჯ---- კ---------ის მხრიდან, ასევე დაწერენ განცხადებას სანოტარო წესით, რომ ისინი შერიგდნენ და პრეტენზია მათ სისხლის სამართლის საქმეზე ლ-–- მ-----–-–---–ის და ჯ---- კ---------ის მიმართ არ აქვთ და თანახმა არიან მათთან გაფორმდეს განრიდება ან საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული ხელწერილი შეესაბამება მხარეთა ნებას და ვადასტურებთ ხელისმოწერით’’.

 

ხელწერილს ხელს აწერენ როგორც მოპასუხეები ფ------ და ჯ---- ა-------ეები, გ--- ტ--------–--ე და ლ-–- მ-----–-–---–ი, თ----- გ-----–--ე, შ----- ჭ-------ე, რ-----ი გ--------ე, ასევე მ----(მ------ი) კ---------ე (რომლის ხელმოწერის ნამდვილობაც სადავო გახადა მოსარჩელემ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხელწერილი (ს/ფ 216)

 

3.6. მოწმე გ--- დ---–-------ის და მოწმე ლ-–- მ-----–-–---–ის განმარტებით, მხარეებს შორის რაიმე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ხელწერილზე ხელი მოაწერეს, რომლითაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმეთა ახსნა-განმარტება (07.05.2018 წლის სასამ.სხდომის ოქმი, ს/ფ 218-235)

 

3.7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემული #040/17 დასკვნის მიხედვით, ,,შესწავლილი ექსპერიმენტული ნიმუშების, 4 თაბახის ფურცელი 06.09.2017წლით დათარიღებული, სამ ცალ საბანკო ქვითარზე, ერთ ცალ თანხის მიღების ქვითარზე, განცხადებაზე დათარიღებულ 20.07.17წ. არსებული თავისუფალი ხელმოწერები ასოთა ფორმირების ზოგადი და კერძო ნიშნებით უმეტესად განსხვავდება 2016 წლის 18 სექტემბერს ქ. ქუთაისში დაწერილი ხელნაწერი ხელწერილის მეორე გვერდის ბოლოში არსებული რიგით მერვე ხელმოწერისაგან.

ხელმოწერა არ არის შესრულებული მ------ კ---------ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ექსპერტიზის დასკვნა (ს/ფ 143-149)

 

3.8. საქმეზე დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ მომართა სასამართლოს და მოითხოვა ექსპერტიზის სრულად ჩასატარებლად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრისათვის წარდგენილი ხელწერილი და ყველა ის ნიმუში, რაც გამოყენებული იყო პირველადი ექსპერტიზის დროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ექსპერტიზის ბიუროს წერილი (ს/ფ 245)

 

3.9. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ ,,რიგით მე-8 ხელმოწერა შესრულებულია თუ არა მ.კ---------ის მიერ, შეუძლებელია გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნებისა და ნიმუშების სიმცირის გამო (არ იქნა წარმოდგენილი მ. კ---------ის ხელმოწერის გამოსაკვლევის შესაბამისი ტრანსკრიფციის თავისუფალი ნიმუშები)’’. კვლევის შედეგად გამოვლენილი ცალკეული თანადამთხვევები და განსხვავებული ნიშნების მოცულობა არ არის საკმარისი რაიმე კატეგორიული, დადებითი ან უარყოფითი დასკვნისათვის, ვინაიდან მათ აქვთ დაბალი საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა და არ ქმნიან პირისათვის დამახასიათებელ ნიშანთა ერთობლიობას. ეს აიხსნება შემდეგი გარემოებით: თანადამთხვევები ატარებენ ჯგუფურ ხასიათს, ე.ი. ისინი გვხვდება მრავალ პირთა ხელმოწერებში. განსხვავებული ნიშნების არსებობა ვერ იქნა ახსნილი ერთგვაროვნად.

ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს შემსრულებელი პირის ხელწერის ვარიაციულობით, რომელიც ვერ გამოვლინდა წარმოდგენილ ნიმუშებში.’’

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა (ს/ფ 261-265),ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ მოპასუხეებს აღიარებული აქვთ ვალდებულების არსებობა. ყოველი ნების გამოხატვა განმარტებული უნდა იყოს და დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან (სკ-ის 52-ე მუხლი).

 

შსს განყოფილებაში მიცემულ 15.09.2017წ. გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული გარემოება, რომელიც რამდენიმე პირს შორის ურთიერთობას ეხება, არ შეიძლება განიმარტოს როგორც სარჩელის აღიარება. ხოლო 18.09.2017წ. შედგენილი ხელწერილის შინაარსიდან არ იკვეთება უშუალოდ მოდავე მხარეებს შორის ვალდებულების არსებობა შესაბამის თანხაზე(წილზე)მითითებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 623-ე, 341-ე, 930-ე, 976-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული ფაქტების სამართლებრივად შეფასებისას სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მიუთითებს ერთობლივ საქმიანობაზე, კერძოდ, მოპასუხეთათვის გადაცემული 28000 აშშ დოლარით საერთო ბიზნესის დაწყებაზე და შემდეგში მოგების განაწილებაზე.

ასეთ ვითარებაში მოთხოვნის საფუძვლიანობა შეფასებული უნდა იქნეს ერთობლივი საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნის მისაღწევად. სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს. ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე კი, მოთხოვნის დამთმობ მ------ კ---------ესა და მოპასუხეებს შორის ერთობლივი საქმიანობის წარმოება ან ამ საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობა არ დასტურდება.

 

6.2. თუკი მიჩნეული იქნება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ასეთ შემთხვევაშიც სარჩელი უსაფუძვლოა, კერძოდ:

 

სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

აღნიშნული მუხლის რედაქცია სავალდებულოდ მიიჩნევს, რომ მსესხებელმა საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული, მხოლოდ ხელშეკრულების დადება მხარეებს შორის, თუ თანხა გადაცემული არ იქნა მსესხებელზე, ვალდებულებას არ წარმოშობს, ანუ სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება და მხოლოდ ფორმალურად მისი დადება არ შეიძლება ვალდებულებას აკისრებდეს სავარაუდო მსესხებელს.

 

საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ გადასცა მოპასუხეებს 28000 აშშ დოლარი, რაც გამორიცხავს სასესხო ურთიერთობის არსებობას.

 

6.3. სკ-ის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

წარმოდგენილი დოკუმენტებით, მოპასუხეებს დ-----, ფ------ და ჯ---- ა-------ეებს რაიმე სახის ფულადი ვალდებულება მ------ი კ---------ის მიმართ არ უღიარებიათ და არც სადავო ხელწერილზე არსებული ხელმოწერა არ არის მ------ი კ---------ის მიერ შესრულებული, რაც გამორიცხავს მათ შორის რაიმე სახის ვალდებულების არსებობას და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ (უფლების დამთმობმა მ------ კ---------ემ) ნამდვილად გადასცა მოპასუხეებს თანხა 28000 აშშ დოლარი ბიზნესსაქმიანობისათვის ან სესხის სახით. ამასთან, მოპასუხეები კატეგორიულად უარყოფენ რაიმე სახის ურთიერთობას უშუალოდ მ------ კ---------ესთან, მხოლოდ მოპასუხე ფ. ა-------ის მიერ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული პოზიცია კი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობისა და ვალდებულების დადასტურებისათვის.

 

6.4. სკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეებმა გამოხატეს ნება და მიუთითეს, რომ უფლების დამთმობთან, მ------ კ---------ესთან, მათ რაიმე სახის ვალდებულება არ აკავშირებთ.

 

თუ ჩავთვლით ასევე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან (სკ 976-ე მუხლი), ამ შემთხვევაშიც უფლების დამთმობის მიერ მოპასუხეთათვის რაიმე ვალდებულების შესასრულებლად თანხის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება მოპასუხეების თანხმობისა სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით მთლიანად ან ნაწილობრივ, ან მათ შორის რაიმე ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად, რაც საფუძველი გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისა. ვინაიდან არ დაკმაყოფილდა პირველი მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელის მე-2 მოთხოვნაც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე განთავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახბაჟის გადახდისაგან (ს/ფ 25).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 თებერვლის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ჯ---- ა-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ქუთაისი, ხ--------ს ქ. #5ა (ყოფილი ს-------- დ-----–--- #5ა), სართული 3, ბინა 2----, ს/კ # 0------------------ - უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ---- ა–------ს (წარმომადგენელი ლ---- ჭ--–--ე) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახბაჟის გადახდისაგან;

 

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 თებერვლის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ჯ---- ა-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ქუთაისი, ხ--------ს ქ. #5ა (ყოფილი ს-------- დ-----–--- #5ა), სართული 3, ბინა 2----, ს/კ # 0------------------;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე