გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002106945
2-3640/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03/10/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ნ-------- ფ-----ა
წარმომადგენელი - ი-----–--------------------------–---–ი
მოპასუხე - ქ. ბ--------------–----–--------------ა
წარმომადგენელი - მ--------------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ-------- ფ-----ა სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ქ.ბ--------------–----–--------------ას მის სასრაგებლოდ დაეკისროს 1 024 384 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლები სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ნ-------- ფ-----ას საკუთრებაში არსებული 977 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები. მოპასუხემ მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის საკომპენსაციოდ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთში შესთავაზა 67 ლარის გადახდა, სულ 69 956 ლარი. მიაჩნია, რომ საკომპენსაციოდ შეთავაზებული თანხა არ არის მისი საბაზრო ღირებულების შესაბამისი. მისი კუთვნილი 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 1048,50 ლარს. 977 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 1 024 384 ლარს. მოითხოვს მოპასუხემ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის სანაცვლოდ კომპენსაცია გადაუხადოს სამართლიანი ანაზღაურების გზით.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 69 956 ლარი. მისი ფასი დადგენილია შპს ,,ა---–------------------------–-----ის’’ შეფასების აქტით. მოპასუხე მზადაა მოსარჩლეს გაუსწოროს ანგარიში და გადაუხადოს 69 956 ლარი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 ქ. ბათუმში, ა---–-----------–--აში, საკადასტრო კოდით 22.25.06.1-- რეგისტრირებული 977 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ადრინდელი მისამართი - ხ--–----------------–----–------------------------ი) 2010 წლამდე რეგისტრირებული იყო ნ-------- ფ-----ას საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება. ტ.1. ს.ფ 17-39.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ.2. ს.ფ. 19-20.
3.1.2. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 26 ივნისის, №1363-რს დადგენილებით თვითმართველი ქალაქი ბათუმის და ხელვაჩაურის მუნუციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა, რის შედეგადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი, მოექცა ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში. ახალი ტერიტორიების ქალაქის ერთიან ინფრასქსტრუქტურაში ჩართვის მიზნით, ქ. ბათუმის მერიამ განახორციელა ბ-----------------------------------–-----–--–---–ის ქუჩის გაგრძელების სამშენებლო სამუშაოები. დაიგეგმა საავტომობილო გზის გაგრძელება, რომლის შედეგადაც საავტომობილო გზა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შეერთებოდა აეროპორტის გზატკეცილს. საკრებულომ დაამტკიცა საავტომობილო გზის პროექტი, რომლის მიხედვითაც საავტომობილო გზის მშენებლობისათვის აუცილებელი გახდა ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენება. აღნიშნულის გამო ქ.ბათუმის მერიამ მოითხოვა მიენიჭოს უფლება განახორციელოს მესაკუთრეთა ქონების ექსპროპრიაცია. მათ შორის ექსპროპრიაციას დაქვემდებარებოდა ნ-------- ფ-----ას საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში ა---–-----------–--აში საკადასტრო კოდით 22.25.06.1-- რეგისტრირებული 977 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება. ტ. 1. ს.ფ 17-39.
3.1.3. ქ. ბათუმის მერიის განცხადება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. ქ. ბათუმის მერიას მიენიჭა უფლება განახორციელოს მესაკუთრეთა ქონების ექსპროპრიაცია. მათ შორის ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ნ-------- ფ-----ას საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში ა---–-----------–--აში საკადასტრო კოდით 22.25.06.1-- რეგისტრირებული 977 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება. ტ. 1. ს.ფ 17-39.
3.1.4. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ.ბათუმის მერიას დაეკისრა მესაკუთრეთა სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფა. ამ მიზნით ქ.ბათუმის მერიამ შპს ,,ა---–------------------------–-----ს’’ დაუკვეთა ნ-------- ფ-----ას საკუთრებაში არსებული, ექსპროპიაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების და მრავალწლიანი ხეხილის ნარგავების საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრა. შპს ,,ა---–------------------------–-----მა’’ ნ-------- ფ-----ას მიწის ნაკვეთის შეფასება განახორციელა 2009 წლის 30 დეკემბერს. აუდიტორმა შეფასებისას გაითვალისწინა დანახარჯების მიხედვით, გაყიდვების შედარების მიხედვით და შემოსავლების მიხედვით უძრავი ქონების მახასიათებლები და ღირებულება, ასევე გაითვალისწინა სამეწარმეო, მოგების, ახალი მშენებლობის ღირებულების, ცვეთის საკითხები, მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობის დადებითი და უარყოფით მახასიათებლების გათვალისწინებით 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამრგვალებით ღირებულებად დაადგინა 67 ლარი. (1 აშშ 1,68 ლარი) ხეხილის ჩათვლით საერთო ღირებულებამ შეადგინა 69 956 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება. ტ.1. ს.ფ 17-39.
- შპს ,,ა---–------------------------–-----ის“ შფასების დასკვნა. ტ.1. ს.ფ 41-70.
3.1.5. ასევე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ნ-------- ფ-----ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საავტომობილო გზა არ მოწყობილა. იგი 2014 წლის 25 დეკემბრის ა------------------------------------რის №431 ბრძანების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესით სხვა მიწის ნაკვეთების ერთად გადაეცა შპს ,,რ--------------------იას’’. 1.კვ.მ მიწის ნაკვეთი გაყიდული იქნა 200 აშშ დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2014 წლის 25 დეკემბრის აჭარის არ მთავრობი თავჯდომრის №431 ბრძანება. ტ. 1. ს.ფ 73-77.
- ნასყიდობის ხელშკრულება. ს.ფ. ტ.1. 78-83.
- შპს ,,დ------------ის“ დასკვნა. ტომი 2. ს.ფ 3-18.
3.1.6. მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაცის შემდეგ, ექსპროპრიაციის აუცილებლობა ნ-------- ფ-----ამ სადაო გახადა. მისი სარჩელი საბოლოო ჯამში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება. ტომი1.ს.ფ 150-166.
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტიელბა. ტომი 1. ს.ფ. 167-174.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ტომის 1. ს.ფ,175-177.
3.1.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ კომპენსაციის სახით შეთავაზებული თანხა მოსარჩელემ არ მიიღო და დავა წამოიწყო კომპენსაციის ოდენობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებისათვის ძირითადი სადაო გარემოებაა ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ღირებულება. ფაქტობრივად, ფასთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად, მაგრამ საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს ფასთან დაკავშირებით სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.
3.2.2. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მიწის ნაკვეთის ღირებულების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ მისი კუთვნილი 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 1048.49 ლარს. თავის მხრივ მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 67 ლარს.
3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.5. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 18 ივლისის შპს ,,ა---------------ის“ აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2016 წლის მდგომარეობით ნ-------- ფ-----ას კუთვნილი 977 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 1 024 384 ლარს. ანუ ერთი კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1048.49 ლარს. სწორედ ამ დასკვნის მიხედვით აქვს მოსარჩელეს კომპენსაციის მოთხოვნა აღძრული.
იხ. შპს ,,ა---------------ის“ აუდიტორული დასკვნა. ტომი 1. ს.ფ.84-86.
3.2.6. შპს ,,ა---------------ის“ აუდიტორული დასკვნის გასაბათილებლად მოპასუხემ მიუთითა შპს ,,ა---–------------------------–-----ის’’ 2009 წლის 30 დეკემბრის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამრგვალებით ღირებულებად აუდიტორმა დაადგინა 67 ლარი. (1 აშშ 1,68 ლარი).
იხ. შპს ,,ა---–------------------------–-----ის“ შეფასების დასკვნა. ტ.1. ს.ფ 41-70.
3.2.7. ფაქტობრივად შპს ,,ა---------------ის“ აუდიტორული დასკვნა და შპს ,,ა---–------------------------–-----ის“ შეფასების დასკვნა, ერთი დონის დასკვნებია. თუმცა მათი შინაარსი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მიწის ნაკვეთის ღირებულების ნაწილში მათ შორის დიდი სხვაობებია. სწორედ ამიტომ მხოლოდ ერთ, ან მეორე დასკვნისათვის უპირატესობის მინიჭება შეუძლებელია. მათი დამაჯერებლობის შეფასებისათვის აუცილებელია გამოკვლეული იქნას დასკვნის შინაარსი, კვლევის მეთოდები და მათი ანალიზით გადაწყდეს 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულების შეფასების საკითხი.
3.2.8. მოსარჩელემ, შპს ,,ა---------------ის“ აუდიტორული დასკვნის გამყარების მიზნით დამატებით აუდიტორული შემოწმება ჩაატარა და სასამართლოს წარმოუდგინა 2017 წლის 8 ნოემბრის, აუდიტორული კომპანია ,,ი-----–--------------ს“ დასკვნა. დასკვნის მომზადებისას გათვალისწინებული იქნა მიწის ნაკვეთზე არსებული დაშვებები და შეზღუდვები, სამართლებრივი მახასიათებლები, გარემოცვისა და ფიზიკური მახასიათებლები, მიმდებარე მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასები და მათი ერთობლიობით 2010 წლის 27 იანვრის მდგომარეობით 1.კვ.მ მიწის ნაკვეთის ფასად განსაზღვრა 288,88 აშშ დოლარი.
იხ. აუდიტორული კომპანია ,,ი-----–-------------ის“ დასკვნა. ტომი 1. ს.ფ.129-136.
3.2.9. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,დ------------ის“ 2018 წელში მომზადებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების აუდიტორული დასკვნა, სადაც აუდიტორმა დაადგინა, რომ 2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ნ-------- ფ-----ას კუთვნილი 1 კვ.მ მიწის ნავეთის ღირებულება შეადგენდა 241 აშშ დოლარს. სულ 235 457 აშშ დოლარს. შეფასებისას აუდიტორმა გაითვალისწინა უძღავ ქონებასთან მიმართებაში არსებული ძირითადი შემზუდავი პირობები და დაშვებები, გამოიყენა დანახარჯების, შემოსავლების, საბაზრო ფასების შედარების მეთოდები და ამ მეთოდების საფუძველზე დაიანგარიშა უძრავი ქონების ღირებულება. აუდიტორმა გაითვალისწინა ის ფაქტი,რომ მიწის ნაკვეთი თავად სახელმწიფომ გაყიდა 200 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად და მყიდველს დაავალა მასზე 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. ასევე გაითვალისწინა ქონების ადგილმდებარეობა, კომერციული ინტერესი, მიმდებარე ნაკვეთების სარეალიზაციო ფასები და დაადგინა, რომ ზღვისპირა ზოლში მიწის ნაკვეთების გასაყიდი მინიმალური ფასია 100 აშშ დოლარი, ხოლო მაქსიმალური 400 აშშ დოლარი. ასევე გათვალისწინებული იქნა თვითმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №6 დადგენილებით განსაზღვრული არასასოსოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასი, რომლის მიხედვითაც ცენტრალური ზონის მეორე ზონაში 1 კვ.მ ნაკვეთის ღირებულებაა 315 ლარი. ნ-------- ფ-----ას მიწა სწორედ ამ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთია. აუდიტორმა გამოაკლო ექსპროპიაციის შემდგეგ ბაზრის განვითარებით ფასების ზრდის პროცენტი და საბოლოო ჯამში 1 კვ.მ ფართის ღირებულება განისაზღვრა 241 აშშ დოლარით.
იხ. შპს ,,დ------------ის“ დასკვნა.
3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულება ფაქტობრივი გარემოებაა. მისი ოდენობა უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა, ამიტომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დამტკიცდება მიწის ნაკვეთის ღირებულება. წინამდებარე შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ღირებულების განმსაზღვრელია ოთხი აუდიტორული დასკვნა. ესენია:
- შპს ,,დ------------ის“ დასკვნა, რომლის მიხედვითაც 1. კვ.მ. მიწის ნაკვეთი ღირს 241 აშშ დოლარი.
- აუდიტორული კომპანია ,,ი-----–-------------ის“ დასკვნა, რომლის მიხედვითაც 1. კვ.მ. მიწის ნაკვეთი ღირს 288.88 აშშ დოლარი.
- შპს ,,ა---–------------------------–-----ის“ შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც 1. კვ.მ. მიწის ნაკვეთი ღირს 67 ლარი.
- შპს ,,ა---------------ის“ აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც 1. კვ.მ. მიწის ნაკვეთი ღირს 1048.49 ლარი.
სასამართლოს ვალდებულებაა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი დასკვნები და განმარტოს არის თუ არა ეს დასკვნები ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრისათვის სათანადო მტკიცებულებები. დადებით შემთხვევაში გადაწყვიტოს, რომელი დასკვნაა სარწმუნო და გასაზიარებელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულება სწორედაც ასეთი დასკვნებით უნდა დადგინდეს. შესაბამისად დასკვნები ის მტკიცებულებებია, რომლითაც უნდა დადგინდეს მიწის ნაკვეთის ღირებულება. სარწმუნოობის თვალსაზრისით კი უფრო სარწმუნო და გასაზიარებელია შპს ,,დ------------ის“ დასკვნა, რომლის მიხედვითაც 1. კვ.მ. მიწის ნაკვეთი ღირს 241 აშშ დოლარი. აუდიტორული კომპანია ,,ი-----–-------------ის“ დასკვნა, მეტნაკლებად სრულყოფილია, მაგრამ მასში სათანადოდ არაა ასახული 2009-2010 წლებში მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიმდებარე ნაკვეთების ღირებულებები. აუდიტორი შეეცადა დასკნაში ეს მომენტიც აესახა, მაგრამ მასში მოცემული ინფორმაცია შედარებით მწირია. გარდა ამისა მასში არაა გათვალისწინებული ბაზრის განვითარების შედეგად გაზრდილი ფასები და სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასები. სწორედ ამ ხარვეზების გამო დასახელებული დასკვნა არაა გასაზიარებელი მტკიცებულება. მეტნაკლებად ანალოგიური სიტუაციაა შპს ,,ა---------------ის“ აუდიტორული დასკვნის ნაწილშიც. მასში კვლევები არაა მოცემული და ბუნდოვანია რას დაეყრდნო აუდიტორი, როცა 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ღირებულებად განსაზღვრა 1048.49 ლარი. შესაბამისად მასზე დაყრდნობით მიწის ნაკვეთის სამართლიანი ფასი ვერ დადგინდება.
იხ. აუდიტორული კომპანია ,,ი-----–-------------ის“ დასკვნა. ტომი 1. ს.ფ.129-136.
იხ. შპს ,,ა---------------ის“ აუდიტორული დასკვნა. ტომი 1. ს.ფ.84-86.
3.2.11. საბოლოო ჯამში სასამართლოს შესადარებელი დარჩა შპს ,,ა---–------------------------–-----ის“ შეფასების დასკვნა და შპს ,,დ------------ის“ დასკვნა. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,დ------------ის“ დასკვნა უფრო ღრმა კვლევებზეა აგებული და ზუსტია, ვიდრე შპს ,,ა---–------------------------–-----ის“ შეფასების დასკვნა. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ორივე დასკვნის მომზადებისას აუდიტორებმა გაითვალისწინეს უძრავ ქონებასთან მიმართებაში არსებული ძირითადი შემზუდავი პირობები და დაშვებები, გაითვალისწინეს ქონების ადგილმდებარეობა, კომერციული ინტერესი, მიმდებარე ნაკვეთების სარეალიზაციო ფასები, გამოიყენეს დანახარჯების, შემოსავლების, საბაზრო ფასების შედარების მეთოდები და ამ მეთოდების საფუძველზე დაიანგარიშეს უძრავი ქონების ღირებულებები. თუმცა შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რომ მიწის ნაკვეთი თავად სახელმწიფომ გაყიდა 1 კვ.მ. 200 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად და მყიდველს დაევალა მასზე 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. მანამდე კი იმავე ნაკვეთის 1 კვ.მ-ს ღირებულებად განსაზღვრა 67 ლარი. ასეთ მოკლე პერიოდში ფასების ასეთი პროპორციით ცვლილება არ შეესაბამება რეალობას.
დასკვნების შეფასებისას მნიშვნელოვანია ისიც, რომ შპს ,,ა---–------------------------–-----ს“ კვლევებში ფასების შედარებისათვის აღებული აქვს სხვა ტერიტორიის ფასები და არ აქვს მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის მიმდებარე ნაკვეთების სარეალიზაციო ფასები. მას აღებული აქვს სოფ. გონიოს და ანგისის ნაკვეთების სარეალიზაციო ფასები. დასკვნაში არ ჩანს რამდენად მოსარჩელის ნაკვეთის მსგავსი მდებარეობა უჭირავს ამ ნაკვეთებს და რამდენად პერსპექტიულია კომერციული მიზნებისათვის შესადარებელი ნაკვეთები. თვით ა---–-----------–--აში 5 ტრანზაქციაა. მათი მინიმალური ფასია 21 აშშ დოლარი და მაქსიმალური ფასია 299 აშშ დოლარი. მათი შედარება იმდენად განსხვავებულია, რომ არ გამოდგება საშუალო ღირებულების განმსაზღვრელად. ანალოგიური შედარებები გააკეთა შპს ,,დ------------მა“ და მანაც იმავე პერიოდში ზღვისპირა ზოლში ნაკვეთების ღირებულებად განსაზღვრა მინიმალური 100 აშშ დოლარი და მაქსიმალური 400 აშშ დოლარი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 2010 წელში ნ-------- ფ-----ას კუთვნილ მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასად სახელმწიფომ თავად განსაზღვრა 315 ლარი, ბუნებრივია მივალთ იმ დასკვნამდე, რომ საკომპენსაციოდ 67 ლარის განსაზღვრა ეწინააღმდეგება მიწის ნაკვეთის ღირებულებას. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო სარწმუნო მტკიცებულებად ღებულობს შპს ,,დ------------ის“ მიერ განსაზღვრულ შეფასებას და ადგენს, რომ მოსარჩელის კუთვნილი 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება 2010 წელში შეადგენდა 241 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ბათუმში, ა---–-----------–--აში, საკადასტრო კოდით 22.25.06.1-- რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება 2010 წელში შეადგენდა 241 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა. აღნიშნული გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
6.2. მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით იცავს საკუთრების უფლებას. მას სახელმწიფომ ჩამოართვა მიწის ნაკვეთი და შესთავაზა მისი კომპენსირება თანხის მეშვეობით, მაგრამ მოსარჩელე კომპენსაციის ოდენობას არ თვლის სამართლიანად და დაობს სამართლიან ანაზღაურებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელი აღძრას და იდაოს კომპენსაციის ოდენობაზე.
6.3. უდაო ფაქტია, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწა დაექვემდებარა ექსპროპრიაციას. ექსპროპრიაცია, არის საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით (,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი). ანუ ესაა სახელმწიფოს უფლება, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის, ქონებაზე საკუთრებისა და სარგებლობის უფლება შეიძინოს მესაკუთრის თანხმობის გარეშე. საჯარო მომსახურების ფუნქციის უკეთ შესასრულებლად სახელმწიფო აშენებს ახალ გზებს, წყალდიდობისგან დაცვის ნაგებობებს, გაჰყავს გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ. ამისათვის მას ხშირად უხდება ისეთი მიწის შეძენაზე ზრუნვა, რომელიც ამ საჭიროების დადგომისას არ იყიდება. ასეთ შემთხვევებში, იმისათვის, რომ საჭირო დროსა და ადგილზე შეძლოს მიწის შეძენა, კანონით განისაზღვრა ასეთი ნაკვეთის იძულებითი შესყიდვის (compulsory acquisition) უფლება. ექსპროპრიაციის პროცესში მიწის მესაკუთრეები იძულებულნი არიან გაყიდონ მიწა, რათა შემდგომ ის გამოყენებულ იქნეს კონკრეტული მიზნებისთვის. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, „საზოგადოებრივი საჭიროების“ ცნება საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით იქნა შემოღებული. საქართველოს კონსიტუტიის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია საკუთრების უფლება. თუმცა ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აზუსტებენ, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას“ საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, მხოლოდ იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ან საკუთრება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით; ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას. ექსპროპრიაცია შესაძლოა, საბოლოოდ, სარგებლიანი იყოს საზოგადოებისთვის, მაგრამ ის უარყოფითად მოქმედებს ექსპროპრირებული მიწის მესაკუთრეზე, რადგანაც მას ხშირად მოჰყვება ოჯახების გადასახლება საცხოვრებელი ადგილებიდან, ოჯახის წევრთა დაშორება, საარსებო გარემოს და ოჯახის წევრთა შორის სოციალური კავშირების რღვევა, მიწათმოსარგებლეთა მოშორება თავისი მიწებიდან, ბიზნეს-კავშირების რღვევა, რელიგიური და კულტურული მნიშვნელობის ადგილებიდან მოშორება და სხვა უარყოფითი შედეგები. მესაკუთრეები და მათი ოჯახის წევრები შეიძლება საცხოვრებლისა და მიწის გარეშე დარჩნენ, დაკარგონ საარსებო საშუალებები, რესურსებზე ხელმისაწვდომობა და სხვა ტიპის კავშირი. საბოლოოდ, მათ ექმნებათ განცდა, რომ უსამართლოდ მოეპყრენ. თუკი ექსპროპრიაცია სწორად წარიმართება, არავინ უნდა დარჩეს დაზარებული. მონაწილეთა მდგომარეობა ისეთივე უნდა იყოს, როგორც ექსპროპრიაციამდე. საზოგადოებამ უნდა მიიღოს მოსალოდნელი სარგებელი. მესაკუთრემ კი უნდა მიიღოს სამართლიანი კომპენსაცია. კომპენსაციის უსამართლო პროცედურები ამცირებს მიწის საკუთრებისა და სარგებლობის უფლებების დაცვის შესაძლებლობას, ზრდის დაძაბულობას, სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში ამცირებს ნდობას და ადამიანებში არყევს კანონის უზენაესობის განცდას. კონფლიქტები მცირდება, როდესაც სახელმწიფო ნათლად განსაზღვრავს, კონკრეტულად რა მიზნების მისაღწევად უნდა განხორციელდეს ექსპროპრიაციის უფლება და ასევე როცა აწესებს მიწის შესყიდვისა და სამართლიანი კომპენსაციის გამჭვირვალე და მიუკერძოებელ პროცედურებს.
6.4. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ პუნქტი განმარტავს კომპენსაციის მცნებას, რომლის მიხედვითაც კომპენსაცია არის მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება საკომპენსაციო თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით. დასახელებული ნორმით ექსპროპრიაციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სათანადო კომენსაცია.
6.5. სათანადო კომპენსაციის განსაზღვრა წარმოადგენს კანონის მეექვსე მუხლით განსაზღვრულ ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობას. დასახელებული ნორმით
ექსპროპრიატორმა ქონების მესაკუთრეს წინასწარ უნდა შეუთანხმდეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის საკითხზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოპასუხე წინააღმდეგი იყო და ახლაც წინააღმდეგია მოსარჩელეს საკომპენსაციოდ გადასცეს სხვა ქონება. მან 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულებად განსაზღვრა 67 ლარი. მოსარჩელემ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა არ მიიღო. მიიჩნევს რომ ის არაა სამართლიანი და გონივრული. ისარგებლა კანონის მერვე მუხლით და დავა წამოიწყო ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციაზე.
6.6. კომპენსაციის საკითხის განსაზღვრის სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, ა---–-----------–--აში, საკადასტრო კოდით 22.25.06.1-- რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება 2010 წელში შეადგენდა 241 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. საკომპენსაციოდ შეთავაზებული 67 ლარი არარის სრული და სამართლიანი ანაზღაურება. ის ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით მიყენებულ ზიანს. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, ჩამორთმეული 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკომპენსაციოდ გადაუხადოს 241 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. სულ 235 457 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
6.7. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეათე მუხლით მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მხარეები სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
7.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის მომზადებული აქვს აუდიტორული დასკვნები. მას შპს ,,ი-----–--------------სათვის“ გადახდილი აქვს 200 ლარი. ასევე შპს ,,დ------------ს“ დასკვნის მომზადებისათვის გადაუხადა 500 ლარი. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7.3. საქმეში წარმოდგენილია საპროცესო ხარჯის მტკიცებულება მასზედ, რომ იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელემ კოსტანტინე ბოხუას გადაუხადა 1000 ლარი. საქმის განხილვაში კოსტანტინე ბოხუა არ მონაწილეობდა ამიტომ მასზე გადახდილი ხარჯი ვერ ჩაითვლება საპროცესო ხარჯად.
7.4. საპროცესო ხარჯის სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არაა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ-------- ფ-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ექსპროპრიაციის საკომპენსაციოდ ქ. ბ--------------–----–--------------ას ნ-------- ფ-----ას სასარგებლოდ დაეკისროს 235 457 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
3. მხარეები სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე