განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002628011
საქმე №1-824/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ დ-------------ის
ბრალდებულის _ ნ------- შ-------ის
ადვოკატის - ი-----–-----–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №092200818001 საქმე:
ბრალდებულ ნ------- შ-------ის მიმართ
მამის სახელი: ხ--–----
დაბადებული: 30.05.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: უ-----–---
ნასამართლობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------------------–------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით - საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთების სამალავით და საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 19 აგვისტოს, ნ------- შ-------ემ, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“, სპეციალურად მოწყობილი სამალავით და საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 18 162, 18 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენს 260,02 გრამს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. ბრალდებულმა ნ------- შ-------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- შ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. მოწმეების - თ---------------------------------------------------------------------–----------–---–ის გამოკითხვის ოქმები; 2018 წლის 19 აგვისტოს შედგენილი, ნ------- შ-------ის ხელბარგის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, ბარგში, ბალიშის შუაგულიდან ამოღებული იქნა შეფუთვა, რომელშიც მოთავსებულია ალუმინის ქაღალდში შეხვეული, სავარაუდოდ ოქროს საიუველირო ნაკეთობები; ხელჩანთის დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა ალუმინის ქაღალდში შეხვეული ერთი ერთეული, სავარაუდოდ ოქროს, ბეჭედი და ბალიში, რომელშიც ელაგა ოქროს ნაკეთობები; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 21 აგვისტოს სასაქონლო ექსპერტიზის №005876918 დასკვნა, რომლის თანახმად, ნ------- შ-------ისგან ამოღებული ოქროს 585 სინჯის საიუველირო ნაკეთობების საბაზრო ღირებულება 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 22149.00 ლარს. ნ------- შ-------ისგან ამოღებული ოქროს 585 სინჯის საიუველირო ნაკეთობების საბაზრო ღირებულება 2018 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 18 162.18 ლარს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი, მებაჟე-ოფიცერ თეონა ბერიძის და ნ------- შ-------ის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი.
6. საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს.
7. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, სრულად დადასტურდა ნ------- შ-------ის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთების სამალავით და საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანის ფაქტი.
8. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
9. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
10. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
11. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ------- შ-------ის ბრალდების დადასტურება.
12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
16. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
17. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
18. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
20. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------- შ-------ემ საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“, სპეციალურად მოწყობილი სამალავით და საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 18 162, 18 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენს 260.02 გრამს, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
21. ნ------- შ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
22. ნ------- შ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
24. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
25. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
26. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
27. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
28. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
29. სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
30. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების და ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------- შ-------ეს, რომელიც აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არის ხანდაზმული ასაკის, პენსიონერი - სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - ჯარიმა, კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობით . გარდა აღნიშნულისა, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს დანაშაულის საგნის - საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი ოქროს ნაკეთობების ჩამორთმევა სახელწიფოს სასარგებლოდ. სასამართლო კატეგორიულად ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მოთხოვნას დანაშაულის საგნის ბრალდებულისთვის დაბრუნების თაობაზე მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან სახეზეა განზრახი დანაშაული, რომელიც თავისი არსით გულისხმობს სახელმწიფოსგან მალულად ქვეყნის ტერიტორიაზე კონკრეტული ნივთების უკანონოდ შემოტანას. ბრალდებულ შ-------ეს წარსულში ჰქონდა კანონთან კონფლიქტი ზუსტად ანალოგიური დანაშაულის ჩადენის გამო, რასაც მოჰყვა მისი მსჯავრდება და დანაშაულის საგნის ჩამორთმევა, შესაბამისად, მისთვის კარგად იყო ცნობილი ყველა იმ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის შესახებ, რაც მისი მხრიდან ამ სახის დანაშაულის ჩადენას მოჰყვებოდა. რაც შეეხება ბრალდებულის მატერიალურ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ ერთის მხრივ ეს გარემოება არ გამორიცხავს დანაშაულის საგნის ჩამორთმევის შესაძლებლობას, მეორეს მხრივ კი დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოში ბრალდებულის მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული არანაირი წერილობითი ინფორმაცია.
31. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ------- შ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: ნ------- ხ--–----ს ასული შ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ნივთმტკიცება - 18162.18 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნაკეთობები (საერთო წონით 260.02 გრამი), როგორც დანაშაულის საგანი, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ნივთმტკიცება - მებაჟე-ოფიცერ თეონა ბერიძის და ბრალდებულ ნ------- შ-------ის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი