განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100117002239907
N1/346-17
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
16 ოქტომბერი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი-–-----------–---–ი
ბრალდებული: მ------- ა--------ი
მამის სახელი: შ--–--
დაბადებული: 1----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ყ--------–ა
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილი - სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილი - ადამინისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
თარჯიმანი: ე-–------ ს---–--------ი
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
სისტემატური ცემისა და ძალადობის ეპიზოდი:
1. გ------– ა--------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სცემდა და ამცირებდა მისი მეუღლე მ------- ა--------ი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში. გ------– ა--------ი მის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემისა და ძალადობის შედეგად განიცდიდა მუდმივ ფსიქიკურ ტანჯვას. მ------- ა--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა დროის მცირე მონაკვეთში მეუღლის გ------– ა--------ას მიმართ განხორციელებული არაერთი ძალადობრივი ქმედებით. კერძოდ, 2017 წლის 3 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში მდებარე სავხოვრებელ სახლში, მ------- ა--------მა კონფლიქტის დროს, გ------– ა--------ას ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო იმავე დღეს მოგვიანებით ჯერ ხელი დაარტყა ზურგის არეში, ხოლო შემდეგ წაქცეულ გ------– ა--------ას ხის სკამი დაარტყა ორჯერ თავისა და ზურგის არეში.
2. ამის შემდეგ, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ------- ა--------მა, თავის საცხოვრებელ სახლში ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, გ------– ა--------აზე. კერძოდ, გ------– ა--------ას ეძინა, რა დროსაც მ-------მა მას თავში ჩაარტყა სკამი. გ------– ა--------ას გაეღვიძა, თუმცა, მ------- ა--------მა გააგრძელა სკამის გამოყენებით მისი ცემა თავის და ზურგის არეში.
3. 2017 წლის 03 ნოემბერს, დღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, მ------- ა--------მა თავის საცხოვრებელ სახლში, კვლავ ფიზიკურად იძალადა და დამცირების მიზნით თმები შეაჭრა მეუღლეს გ------– ა--------ას. კერძოდ, მ------- ა--------მა მათი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში იძულებით აიყვანა მეუღლე, დაკეტა გასაღებით ოთარის კარი და ხელი დაარტყა მას სახის არეში. ამის შემდეგ, მჭრელი საგნის მაკრატლის გამოყენებით, გ------– ა--------ას მისი ნების საწინააღმდეგოდ და დამცირების მიზნით, თმები მოაჭრა. ასევე გ------– ა--------ას თავის არეში სამჯერ დაარტყა ხელში არსებული მაკრატლის ბლაგვი მხარე, რითაც მიაყენა დაზიანებები.
4. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, გ------– ა--------ი განიცდიდა ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას. ასევე მიიღო დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. 2017 წლის 03 ნოემბერს განხორციელებული ცემისა და ძალადობის შედეგად, გ------– ა--------ამ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.
თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ეპიზოდი:
5. 2017 წლის 03 ნოემბერს, დღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, მ------- ა--------მა, თავის საცხოვრებელ სახლში ფიზიკურად აიძულა მეუღლე გ------– ა--------ი ასულიყო სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში, ჩაუკეტა ოთახის კარი, არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. ასევე აიძულა მისთვის გადაეცა მობილური ტელეფონი და ეჩვენებინა იქ არსებული შეტყობინებები. ამის შემდეგ განახორციელა გ------– ა--------ას მიმართ ფიზიკური ძალადობა და შეაჭრა თმები.
სასამარლომ დაადგინა:
6. მ------- ა--------მა წარდგენილ ბრალდებაში სასამართლოს მიერ ბრალდების განმარტებისას თავი დამნაშავედ არ სცნო. აღნიშნული პოზიცია ასევე დაადასტურა საბოლოო სიტყვით. განმარტა, რომ მას მეუღლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და თმაც მეუღლეს მისივე თხოვნით შეაჭრა. აღნიშნული ასევე დადასტურებულია არასადავო მტკიცებულებებით, ბრალდებულის ჩვენებებით. (ს.ფ 53-61. 91-94.)
7. დაზარალებულმა გ------– ა--------ამ მეუღლის მიმართ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
8. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულ - მ------- ა--------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილითა და 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილი წარდგენილი ბრალდება. იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
9. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა შეთანხმებული მტკიცებულები, კერძოდ, მოწმეების ლ---–-- ა--------ის, ნ--------- შ-----------–ის, შ--–-- მ----------–ის, მ------ ა----------ის, ე----- პ------ს, ჯ---–- ყ----------ის გ------– ა--------ას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ------- ა--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულება და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
10. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
12. მ------- ა--------ის მიერ მეუღლე გ------– ა--------ზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებული გ------– ა--------ი, რომელმაც უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, და შესაბამისად, არ დაადასტურა გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება.
13. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
14. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს პრეიუდიციებს, იმ მტკიცებულებეს, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:
15. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 7 დეკემბრის დასკვნით (ს.ფ. 159) დადგენილია, რომ გ------– ა--------ს სამედიცინო ბარათის მიხედვით აღენიშნებოდა ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ჭრილობები, (ესკორაცია) თხემის არეში, ეს დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთხვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დასკვნაში, აღწერილობით ნაწილში, დაზიანების მიყენების თარიღად მითითებულია 2017 წლის 3 ნოემბერი, ხოლო გ------– ა--------მა შპს „თ--–----------------------ოს“ მიმართა 2017 წლის 4 ნოემბერს.
16. არასადავო მტკიცებულებებით, მოწმეების, ბრალდებულის მშობლების მ------ ა----------ისა და შ--–-- მ----------–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ (ს.ფ. 33-36; 37-39, 41-42) 2017 წლის 3 ნოემბერს მათი თანდასწრებით გ------–ა ა--------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედამისმა.
17. ამავე ჩვენებებში ბრალდებულის მშობლები აღწერენ რძალსა და მის შვილს შორის მომხდარ კონფლიქტს. ისინი ადასტურებენ, რომ მეორე სართულიდან ჩხუბის ხმა შემოესმათ, ავიდნენ ოთახში და ნახეს, დამტვრეული სკამი ეგდო და რძალს თავიდან მოსდიოდა სისხლი. მოწმეები არ ადასტურებენ, რომ შეესწრენ და ნახეს ძალადობის ფაქტი. ძალადობის ფაქტს ასევე არ ადასტურებს დაზარალებული გ------– ა--------აც, ვინაიდან, მან უარი განაცხადა ოჯახისწევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
18. გარდა ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე ჩატარებულია ზერელე და ცალხმრივი გამოძიება. არ შეიძლება არ აღინიშნოს საქმისადმი გამომძიების დამოკიდებულება. სასამართლო გაკვირვებას ვერ მალავს ამ შემთხვევაში, მოწმეთა დაკითხვის ფორმაზე და წესზე. მ------ ა----------ის ჩვენება და შ--–-- მ----------–ის ჩვენება ერთმანეთის ორეულია. აბსოლუტურად ყველა წინადადება, სიტყვა და სასვენი ნიშანიც კი ერთიდაიგივეა. სასამართლოსთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ორმა სხვადასხვა მოწმემ, რაც არ უნდა ერთსადაიმავე ფაქტს აღწერდნენ, ჩვენებებში ფორმულირებები სრულად იდენტურად გადმოსცენ. სასამართლოს ექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამომძიებამ უბრალოდ, შექმნა დოკუმენტი, მოიყვანა მასში ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, გადაამრავლა ე.წ. Copy-Paste მეშვეობით და გააცნო მოწმეებს. აღნიშნული ფორმით მოპოვებული მტკიცებულება ვერანაირ უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ასეთი მტკიცებულება არათუ გონივრულ ეჭვს მიღმა, არამედ ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ გადალახავს.
19. გამოძიების არასრულყოფილებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გამოძიების ორგანოებს ცემის ფაქტზე არც კი დაუკითხავთ დაზარალებულ გ------– ა--------ას დედა ლ---–-- ა--------ი, რათა დადგენილიყო 2017 წლის 3 ნოემბერს მართლა მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა შვილს, გ------– ა--------ას. აღნიშნულ ფაქტს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან, სასამართლო სამედიცონო ექსპერტმა გამოიკვლია 2017 წლის 3 ნოემბერს გ------– ა--------ასათვის მიყენებული დაზიანებები და გასცა შესაბამისი დასკვნა. ამ ვითარებაში სასამართლო ვერ დაადგენს, თუ ვინ მიაყენა დაზიანება დაზარალებულს გ------– ა--------ას, მითუმეტეს, რომ ბრალდებული გამოძიების ეტაპზევე უარყოფდა მეუღლის მიმართ ძალადობის გამოყენების ფაქტს.
20. დაზარალებულ გ------– ა--------ას მშობლების ლ---–-- ა--------ისა და ნ--------- შ-----------–ის ჩვენებებით (ს.ფ 7-9, 136-139; 10-12, 133-135;) დადგენილია, რომ მათ მხოლოდ მ------- ა--------ისა და გ------– ა--------ას მონაყოლით იციან მათ შორის მომხდარი ფაქტის შესახებ, თვითონ არ უნახავთ, რომ მ------- ა--------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს გ------– ა--------ასათვის.
21. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობის ფაქტების) მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).
22. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოების - ძალადობის ჩამდენი პირის (სუბიექტის) დადგენის ნაწილში, ზემოაღნიშნული მოწმეების ირიბი ჩვენებები არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, რაც სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს მათ საფუძველზე დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას.
23. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
24. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
25. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს, რომ მ------- ა--------ი სისტემატურად ცემდა და ძალადობდა გ------– ა--------ზე და მის მიმართ ასევე ჩაიდინა იძულება.
26. რაც შეეხება ბრალად შერაცხულ იძულების ფაქტს. ბრალდების დადგენილებით იძულება გამოიხატება მასში, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს, დღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყ--------–აში, მ------- ა--------მა, თავის საცხოვრებელ სახლში ფიზიკურად აიძულა მეუღლე გ------– ა--------ი ასულიყო სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში, ჩაუკეტა ოთახის კარი, არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. ასევე აიძულა მისთვის გადაეცა მობილური ტელეფონი და ეჩვენებინა იქ არსებული შეტყობინებები. ამის შემდეგ განახორციელა გ------– ა--------ას მიმართ ფიზიკური ძალადობა და შეაჭრა თმები.
27. გარდა იმისა, რომ დაზარალებულმა ჩვენების არ მიცემის გზით არ დაადასტურა იძულების ფაქტი, ამ კუთხითაც არასრულყოფილად წარიმართა გამოძიება. სახელდობრ, ბრალდებულმა გამომძიებას განუმარტა, რომ კარს არ გააჩნია საკეტი და შესაბამისად, იგი მეუღლეს ოთახში ვერ ჩაკეტავდა. გამოძიება ვალდებული იყო შეემოწმებინა ბრალდებულის ჩვენება, ამ გზით დაედასტურებინა ან უარეყო მისი ვერსია, რის შემდეგ ბრალდების მხარე იმსჯელებდა ამ ნაწილში ბრალის წარდგენაზე.
28. დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, (თანდართული ფოტო ილუსტრაციით ს.ფ. 24-32) თუმცა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით არ დგინდება, რომ სახლის მეორე სართულის ოთახის კარი საკეტით იკეტება, რაც ადასტურებს ბრალდებულის ჩვენებას.
29. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
32. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
33. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
34. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
35. საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ------- ა--------ი მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილითა და 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
37. გამართლებულ მ------- ა--------ეს უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------- ა--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
2. მ------- ა--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
3. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაკრატელი, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
4. „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული N31/4 ბეჭდით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
5. მ------- ა--------ს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური