გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2018
საქმის ნომერი
110310018002469909
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310018002469909

N3/71-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.10.2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------" (თ--------–------),წარმომადგენელი დ---------------–-,მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი: მ--------------------–-

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 მაისის N45 979 ბრძანება;

 

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 30 მარტის N3014 განცხადების საფუძველზე, ამავე წლის 4 აპრილს შემოწმებულ იქნა ქ. თერჯოლაში, რ------------ ქუჩა N82-ში შპს ,,ი---------“ - ი----------------------------–-----–-------“-ს (ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3----------- 01/500) მდგარი შენობა-ნაგებობა, რომლის ჩრდილოეთ მხარეს ნაწარმოებია მიშენება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე მოსარჩელეს მიეცა მითითება და განესაზღვრა 5 (ხუთი) დღიანი ვადა, რათა წარმოედგინა მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტაცია- სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და მშენებლობის ნებართვა ან შენობა-ნაგებობა მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები მოსარჩელე მხარემ განახორციელა 2018 წლის 22-27 იანვარს. მიშენების წარმოება განპირობებული იყო იმ აუცილებლობით, რომ დაწესებულების მიერ ინტერვენციული კარდიოლოგიის სერვისის განვითარებისათვის 2017 წლის დეკემბერში შეძენილი იქნა ანგიოგრაფიული ტომოგრაფიის აპარატი, რომლის მონტაჟი შ.პ.ს ,,ლეგომედი“-ს მიერ უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 1 თებერვლამდე, რაც აპარატის ტექნიკური და პროგრამული უსაფრთხოების მიზნით სამონტაჟო სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადაა. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებას გააჩნდა ელექტროდაცვის მეხსიერების სისტემა, სამონტაჟო კომპანიის მიერ მონტაჟის პროცესში გადაუდებელ აუცილებლობად იქნა მიჩნეული უფრო დიდი სიმძლავრის ინდივიდუალურად ანგიო კარდიოგრაფიული აპარატისათვის UPS- ს მონტაჟი, რისი შეძენაც დაწესებულების მიერ განხორციელდა დაჩქარებულად, მინიმალურ ვადებში. შესაბამისად, ამ აპარატის განსათავსებლად სამონტაჟო კომპანიის მიერ შერჩეულ იქნა ანგიოკარდიოგრაფიული ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განახორციელეს ზემოთ აღნიშნული მიშენება, რასაც არ გამოუწვევია არც მათ მოსაზღვრედ მდებარე შენობა-ნაგებობის მესაკუთრის ინტერესების შელახვა, არც გარემოსთვის საფრთხის შექმნა და არც მოსახლეობის უსაფრთხოების წესების დარღვევა. შენობა განთავსებულია შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც უცხო პირთა მოხვედრის შესაძლებლობა არ არსებობს. მიშენება არ არის განხორციელებული შენობის წინა ფასადზე და შესაბამისად ზეგავლენას არ ახდენს ქალაქის იერსახეზე. მიუხედავად იმისა, რომ მიშენება განახორციელეს შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის არ არსებობის ფარგლებში, მათ მიშენების დაწყებისთანავე მიმართეს არქიტექტურულ კომპანიას, თუმცა დაპროექტება აღნიშნული დროის პერიოდში ვერ მოხერხდა. მშენებლობა განპირობებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, შეზღუდულ დროში, რათა თერჯოლის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობას დროულად მისცემოდა საშუალება მიეღო ზემოთ აღნიშნული სერვისი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რასაც ადასტურებს ბრძანებაში არსებული ფაქტობრივი გარემოება - შ.პ.ს ,,ი---------ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგარი შენობა-ნაგებობა, რომლის ჩრდილოეთით მხარეს ნაწარმოებია მიშენება“ - მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს შ.პ.ს ,,ი---------ს“ საკუთრებას, არამედ მასზე სარგებლობა ხორციელდება იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლებისა და დასაბუთების გარეშე და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან და შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოსარჩელეს არ გააჩნდა სამუშაოთა წარმოების მიშენების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსარჩელეს მიეცა მითითება და ვადა შესაბამისი აქტის საფუძველზე, რათა კანონშესაბამისობაში მოეყვანა მის მიერ უკანონოდ ნაწარმოები მშენებლობა, რაც მათი მხრიდან არ შესრულებულა. აღნიშნულს მოსარჩელე თავადვე ადასტურებს წარმოედგენილ სასარჩელო განცხადებაში. ზემოთ მითითებული გარემოებები სარჩელის არ დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 30 მარტის N3014 განცხადების საფუძველზე, ამავე წლის 4 აპრილს შემოწმებულ იქნა ქ. თერჯოლაში, რ------------ ქუჩა N82-ში შპს ,,ი---------“ - ი----------------------------–-----–-------ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტერიტორიაზე (ს/კ 3----------- 01/500) მდგარი შენობა-ნაგებობა, რომლის ჩრდილოეთ მხარეს ნაწარმოებია მიშენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი; მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 4 აპრილის დათვალიერებისა და მითითების ოქმები;

 

3.2. მოსარჩელეს მიეცა მითითება და განესაზღვრა 5 (ხუთი) დღიანი ვადა, რათა წარმოედგინა მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტაცია- სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და მშენებლობის ნებართვა ან შენობა-ნაგებობა მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, რაც მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი; მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 4 აპრილის მითითების ოქმი;

 

3.3. ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 20 აპრილს განხორციელდა მოსარჩელის შემოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის შემოწმების აქტი;

 

3.4. 2018 წლის 14 მაისის ბრძანებით N45979 მოსარჩელე დაჯარიმდა 2000 ლარით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, ქ. თერჯოლაში, რ------------ ქუჩა N82-ში მდებარე შ.პ.ს. ,,ი---------------------------------------–-----–-------“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდგარ შენობა-ნაგებობაზე ნაწარმოები მიშენების წარმოებისათვის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 14 მაისის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N45 979 ;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

მოსარჩელის მიერ ვერც სარჩელის აღძვრის მომენტისათვის და ვერც სასამართლოს სხდომაზე იქნა დასაბუთებული მისი მოთხოვნა, უფრო მეტიც, იგი ადასტურებს დათვალიერების აქტსა და გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულ გარემოებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს შპს შპს ,,ი---------“ - ი----------------------------–-----–------- (თ--------–------ს) მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 მაისის №45979 ბრძანება შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს" (თ--------–------) დაჯარიმების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც დამოუკიდებლად ექვემდებარება გასაჩივრებას კანონდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, დავის განხილვისას კი უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

6.2. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვოს პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, რეკოსნტრუქცია განმარტებულია, როგოც არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით.

 

6.3. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, მშენებლობის ერთ-ერთი სახეობაა რეკოსნტრუქცია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მათ შორის ექსტერიერის რეკონსტრუქცია, რაც ნიშნავს - ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0,1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს.

 

6.4. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

6.5. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებითა და საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 04 აპრილს გაიცა მითითების აქტი მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ, რომლის მიხედვით სამართალდამრღვევს დაევალა, რომ შეეჩერებინა მიმდინარე მშენებლობა და წერილის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წარმოედგინათ მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო დოკუმენტაცია. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2018 წლის 20 აპრილს კვლავ განხორციელდა შპს ,,ი---------“ - ი----------------------------–-----–-------ს“ შემოწმება.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გადაცემით, სადაც გაწერილია თუ რა სახის მოქმედებები უნდა შესრულოს სამართალდამრღვევმა და განსაზღვრულია ამ მითითებების შესრულების დრო. მითითებაში განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდგომ დამრღვევს ამოწმებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო და შემოწმების აქტში ასახავს ობიექტის ფაქტობრივ მდგომარეობას მითითების პირობებთან მიმართებით(25-ე მუხლის მე-5 ნაწ.), რამდენად შეასრულა დამრღვევმა მითითება. საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 20 აპრილის შემოწმების აქტით დგინდება, რომ მითითება არ იყო შესრულებული.

 

6.7. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2018 წლის 14 მაისის №45 979 ბრძანებით შ.პ.ს. ,,ი---------“-ი----------------------------–-----–-------“ დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3----------- 01/500) მდგარი შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ წარმოებული მიშენებისთვის.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

6.10. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.11. სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 14 მაისის №45979 ბრძანება, რომელიც შეეხება შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს“ დაჯარიმებას, უნებართვოდ წარმოებული მიშენებისთვის, გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ი---------------------------------------–-----–-------ს" (თ--------–------), სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი