გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
140210118002308169
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები, ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210118002308169

საქმე №2/284-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - ზ-----------–----–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - მ-------------–--ე

 

მოპასუხე - დ----------------ე

წარმომადგენელი - მ-----–---------–--ე

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს შ-----------------–---–ის მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს გაცემული №171502115 სააღსრულებო ფურცელი.

 

მოსარჩელე ზ-----------–----–---–ი თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2016 წლის 18 ოქტომბერს დ----------------ესა და ზ-----------–----–---–ს, როგორც ე----------------–----–---–ის წარმომადგენელს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №161202783, რომლის თანახმად გაიცა სესხი 5000 აშშ დოლარი, 7 თვის ვადით, სესხი იყო სარგებლიანი, ყოველთვიურად 3% სარგებლით. სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, კერძოდ, ე----------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ-----–-------------------–--------ი (ს/კოდი: 68.15.57.174). სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 18 მაისს.

 

როგორც მოსარჩელე მხარე უთითებს, იგი პერიოდულად ფარავდა, როგორც სარგებლის, ასევე სესხის ძირს და სესხის სრულად დაფარვის შემდეგ დ----------------ეს მოსთხოვა უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება, რაზეც მოპასუხე დ----------------ემ მოითხოვა დამატებით პროცენტის გადახდა, რაც არ იყო გათვალისწინებული არც ხელშეკრულებით და არც სიტყვიერი შეთანხმებით. 2017 წლის 25 დეკემბერს დ----------------ის განცხადების საფუძველზე ზ-----------–----–---–ის მიმართ ნოტარიუს შ-----------------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №171502115, რომლის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 6050 აშშ დოლარით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას სრულად აქვს დაფარული მოპასუხის წინაშე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, კერძოდ, 1700 აშშ დოლარი მას გადახდილი ჰქონდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაფარა სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ. ამასთან, ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული პირობა, რომ თუ მისი მხრიდან დაირღვეოდა ვალდებულება, გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს გაცემული №171502115 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას (იხ. სარჩელი და 08.10.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ----------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. 2016 წლის 18 ოქტომბერს ზ-----------–----–---–სა და დ----------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №161202783, რომლის საფუძველზეც ზ-----------–----–---–ზე გაიცა სესხი 5000 აშშ დოლარი აშშ დოლარის ოდენობით შვიდი თვის ვადით, ყოველთვიურად 3%-იანი სარგებლით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ე----------------–----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ-----–-------------------–--------ში (ს/კ: 68.15.57.174).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 18 ოქტომბრის №162202783 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი: ა) სესხის ძირითად თანხაზე; ბ) სესხის პროცენტზე; გ) ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯებზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 18 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

2.2.2. 2016 წლის 18 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ნოტარიუს შორენა გოგორიშილის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი №171502115, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 5000 აშშ დოლარით, 7 თვის გადაუხდელი სარგებელი - 1050 აშშ დოლარით და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ღირებულება - 102 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 27 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელი №171502115.

 

2.2.2. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 29 დეკემბერს მოვალეს, ზ-----------–----–---–ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: 6050 აშშ დოლარით და აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 29 დეკემბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ

 

2.2.3. ზ-----------–----–---–მა არ შეასრულა 2016 წლის 18 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მან არ გადაიხადა არც სესხის ძირი თანხა და არც სარგებელი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავით მაისრაძის ახნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ზ-----------–----–---–ს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 427-ე, 429-ე, 430-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

5.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან.

 

5.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

5.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ ხდიან მათ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერებას, ისინი სადავოდ ხდიან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას, ასევე არ დავობენ, რომ სესხი იყო სარგებლიანი. მსესხებელი სადავოდ ხდის მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებას და ამ ვალდებულების გამო სააღსრულებო ფურცლის ნოტარიუსის მიერ გაცემას.

 

5.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით.

 

5.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, 1. კრედიტორმა მავალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილორივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

5.9. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს კრედიტორს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. ამავდროულად, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონით მოვალეს აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემომითითებული გარემოების დადასტურებას.

 

5.10. სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.

 

სასასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს.

 

მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 18 ოქტომბერს ერთის მხრივ დ----------------ესა და მეორეს მხრივ ზ-----------–----–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების ძირითადი პირობები, კერძოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 5000 აშშ დოლარზე, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა შვიდი თვით, ხოლო სარგებელი განისაზღვრა თვეში 3%, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე----------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სესხის ხელშეკრულება მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

მოსარჩელე ზ-----------–----–---–ი როგორც უკვე აღინიშნა, სადავოდ ხდის შესასრულებელი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ იგი მიუთითებს, რომ მას სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა სრულად. ამასთან, არ არსებობს შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

5.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე ზ-----------–----–---–ი თვითონ იყო ვალდებული ზეპირი განმარტებით გადმოცემული არგუმენტები დაესაბუთებინა მყარი მტკიცებულებებით. მას ასეთი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოსარჩელის ზეპირ განმარტებას მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განმარტება არის უსაფუძლო და არასარწმუნო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნაწილი თანხა დაფარა სარჩელის სასამართლოში შემოტანის შემდეგ თუმცა მოპასუხემ მას არ მისცა შესაბამისი წერილობითი მტკიცეულება მაშინ, როცა მას სარჩელის აღძვრის შემდეგ ჰყავდა წარმომადგენელი და შეეძლო კონსულტაცია მიეღო, ამასთანავე მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, რა დროსაც მას შესთავაზეს ნებაყოფლობით შეესრულებინა ვალდებულება და მას არც ეს გზა გამოუყენებია კრედიტორის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან თავის დაზღვევის მიზნით.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს 2016 წლის 18 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც იყო სარგებლიანი და რომ ეს ვალდებულება არ არის შესრულებული.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორმა დ----------------ემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მსესხებელს გადასცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რის საფუძველზეც მსესხებელს ზ-----------–----–---–ს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაბრუნების ვალდებულება, რაც არ შეასრულა. შესაბამისად, მსესხებელს, მოსარჩელე ზ-----------–----–---–ს ეკისრება ვალდებულება დაუბრუნოს კრედიტორს სესხის ძირი თანხა და დარიცხული სარგებელი სრულად.

 

რაც შეხება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია. ამდენად, არ არსებობს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბაისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ზ-----------–----–---–ის სარჩელი დ----------------ის მიმართ, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს:

 

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნოტარიუს შ-----------------–---–ის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული №171502115 სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ.

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: გორი, ჯორბენაძის ქ. №30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი