გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
35---------------0
საქმე №2-286-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ძინძიბაძე
მოსარჩელე - შპს ,,სო-–-ა“
წარმომადგენელები - ვე-------------–ი, ნი-------------–--ე
მოპასუხე - ზვ-----------–---–ი
წარმომადგენელი - სი-----------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე ზვ-----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,სო-–-ას“ სასარგებლოდ 2274 ლარის და 52 თეთრის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 1500 ლარი, პროცენტი - 67 ლარი და 27 თეთრი ლარი და პირგასამტეხლო - 707 ლარი და 25 თეთრი.
სარჩელის მიხედვით, შპს ,,სო-–-ასა“ და ზვ----------–---–ს შორის 22.11.2007 წელს დაიდო ელექტრონული ფორმით №70----1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ზვ-----------–---–ზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 359 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.2 %, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით - 188.24 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოყოლებული 15.12.2017 წლიდან, მსესხებლის მიერ არაჯეროვნად სრულდებოდა ხელშეკრულება, გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი არ იქნა, ხოლო ბოლო გადახდა სესხზე (გადავადების მიზნით) დაფიქსირდა 15.02.2018 წელს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნულის გამო, 11.06.2018 წლის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს 2274.52 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით მოპასუხე ზვ-----------–---–მა სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დააზუსტა შესაგებელი და განმარტა, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, მას არ მიუღია თანხა, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე შპს ,,სო-–-ასა“ და მოპასუხე ზვ----------–---–ს შორის არ არსებობს სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ- წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამასთან, მხარეებს აკისრიათ მათ მიერ გაცხადებულ და მითითებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი. კერძოდ, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა შპს ,,სო-–-ასა“ და ზვ----------–---–ს შორის სესხის ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ამასთან, მას შემდეგ რაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დაასაბუთა წერილობითი შესაგებელი მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მიეცა საშუალება, რომ წარმოედგინა მოპასუხისთვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება. მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,,საქართველოს ფოსტის“ სალაროს გასავლის ორდერი #36----7 (ქსეროასლის სახით, დაუმოწმებელი), რომელშიც ოპერაციის შესრულების თარიღად მითითებულია: 22/11/2017 წელი, კლიენტი და მიმღები: ზვ-----------–---–ი პ/ნ 12--------2, თანხა: 1500 ლარი, დანიშნულება: შპს ,,სო-–-ა“-ს სესხის #12----6 გაცემა. მოსარჩელის წარმომადგენლებმა სასამართლოს განუმარტეს, რომ შპს ,,სო-–-ა“-სა და შპს ,,საქართველოს ფოსტას“ შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ეს უკანასკნელი ახდენს შპს ,,სო-–-ას“ მოვალეებისთვის თანხის გადაცემას. აღნიშნული დოკუმენტი სადაოდ გახადა მოპასუხე მხარემ და მიუთითა, რომ იგი არ ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის სარჩელში მითითებული #70----1 ხელშეკრულების საფუძველზე სესხის თანხის გადაცემას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები: ხელშეკრულება, საგადასახადო ისტორია და ზვ-----------–---–ის საპასპორტო მონაცემები, ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ხოლო შპს ,,საქართველოს ფოსტის“ სალაროს გასავლის ორდერი ვერ ჩაითვლება შპს ,,სო-–-ას“ მიერ ზვ-----------–---–ისთვის სესხის თანხის გადაცემის მტკიცებულებად.
შესაბამისად, მტკიცების ტვირთის სტანდარტის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, სარჩელის შედავებული ფაქტობრივი საფუძვლების მტკიცება მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებებით (აღნიშნული დამამტკიცებელი დოკუმენტების არარსებობისას და აღნიშნული მტკიცების ნაკლის გათვალისწინებით) ვერ მიიჩნევა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,სო-–-ას“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 623-ე-6281-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამსესხებელსა და მსესხებელს გააჩნიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის მიერ მოხდა კრედიტის თანხის ათვისება (მიღება), მან მიიღო მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა და მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
6.2. სარჩელით, მოსარჩელის მიერ სესხის ძირითად თანხასთან ერთად მოთხოვნილია პროცენტი და პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ვინაიდან, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ შპს ,,სო-–-ასა“ და მოპასუხე ზვ----------–---–ს შორის არ არსებობს სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობა, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირ თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,სო-–-ას“ სარჩელი მოპასუხე ზვ-----------–---–ის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა 6) მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი