გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16798-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ოქტომბერი, 2018წ. ქ თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე
მოსარჩელე: გვ--–-------–---–ი
წარმომადგენელი: ნა----–----------ე
მოპასუხე: ირ---–-------–---–ი
წარმომადგენელი: მა------–-------–---–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1 მოპასუხე ირ---–-------–---–ს (---------------) მოსარჩელე გვ--–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ნი----–----------–---–-ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 3--------5 წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 100 (ასი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 06 ივნისიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;
სარჩელის საფუძვლები:
გვ--–-------–---–ი და ირ---–-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2013 წლის 03 მარტიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2015 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ნი----–----------–---–-. მუდმივი კონფლიქტის გამო მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ნი----–----------–---–- იზრდება დედასთან. ამ უკანასკნელს მატერიალურ დახმარებას უწევენ მშობლები. მოპასუხე ირ---–-------–---–ი არ მონაწილეობს შვილის რჩენა-აღზრდაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არის სრულწლოვანი, შრომისუნარიანი პირი. შესაბამისად, იგი ვალდებულია, როგორც მამა, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-14),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ირ---–-------–---–ი დაეთანხმა ალიმენტის გადახდას 70 ლარის ოდენობით, ამასთან განმარტა, რომ სრულად არ ცნობ სარჩელს ვინაიდან არის სტუდენტი, დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია და თავად იმყოფება ოჯახის წევრების კმაყოფაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შესაგებელი (ს.ფ. 30-40);
მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე გვ--–-------–---–ი და ირ---–-------–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2013 წლის 03 მარტიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2015 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ნი----–----------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნი----–----------–---–-ს დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი #0---------- (ს.ფ.16);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. მოსარჩელე გვ--–-------–---–ი შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების საკუთრებაში არსებულ სახლში, მისამართზე ქ. თბილისი, გ---------–-–---–-----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. ირ---–-------–---–ი არის შრომისუნარიანი პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. ირ---–-------–---–ის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ნი----–----------–---–-სა, სხვა პირი არ იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. ირ---–-------–---–ი არის კი-------------–---------------------------------–--------------------------------------------ბის ფაკულტეტის 1 კურსის სტუდენტი. სწავლების ფორმა - დაუსწრებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სტუდენტის წიგნაკი #1----- (ს.ფ.41-42).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ირ---–-------–---–ის ყოველთვიური დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილის მიმართ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2015 წლის 15 ნოემბერს დაბადებული ნი----–----------–---–-.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ნი----–----------–---–- ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე გვ--–-------–---–თან ერთად. რაც შეეხება მოპასუხეს, მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რაც სარჩელის განხილვისათვის მის დასაქმებას დაადასტურებდა, მაგრამ იგი წარმოადგენს შრომისუნარიან პირს, შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა- განვითარებაში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
„ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ პირის უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის მუდმივად არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. ირ---–-------–---–ის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა, თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის სამომავლოდ მიღების შესაძლებლობა და ა.შ. მართალია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა, რომ ირ---–-------–---–ი არის სტუდენტი, მაგრამ გასათვალისწინებელია სწავლების დაუსწრებელი ფორმა - რაც მას აძლევს ფართო შესაძლებლობას დღის განმავლობაში დასაქმებისა და ანაზღაურების მიღების. ამასთან, მშობელთა ვალდებულების არსებობა, საარსებო მინიმუმით მაინც არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების მინიმალური რჩენის ვალდებულებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე არ ჰყავს სხვა პირები გარდა არასრულწლოვანი შვილის, ნი----–----------–---–-სა. ასევე, სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ბავშვის მცირეწლოვან ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობას. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის სექტემბრის თვისათვის - 170.2 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 100 (ასი) ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 06 ივნისიდან, არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ნი----–----------–---–-ს სრულწლოვანებამდე, ან გარემოებების შეცვლამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე გვ--–-------–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან გვ--–-------–---–ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე ირ---–-------–---–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე გვ--–-------–---–ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე ირ---–-------–---–ს (---------------) მოსარჩელე გვ--–-------–---–ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, ნი----–----------–---–-ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 3--------5 წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 100 (ასი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 06 ივნისიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;
2. მოპასუხე ირ---–-------–---–ს (---------------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ზოია კვარაცხელია