გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2018
საქმის ნომერი
330310017002236439
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8827-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - შპს ,,ვ-----ი", დირექტორი - ი-----–---------

 

წარმომადგენელი - მ------–----–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

 

წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის პ------–------------------------–----ა

 

წარმომადგენელი - თ----------------–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის პ------–------------------------–----ის სატენდერო კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის სხდომის №- ოქმი შპს ,,ვ-----ი"-ს დისკვალიფიკაციის თაობაზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 დეკემბრის №---- განკარგულება შპს ,,ვ-----ი"-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის პ------–------------------------–----ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის მიერ 2017 წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (S-----------) მამოგრაფიული აპარატურის შესყიდვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 251-258).

 

3.1.2. სატენდერო კომისიის 2017 წლის 20 სექტემბრის N4 სხდომის ოქმის თანახმად, შპს ,,ვ-----ი"-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, იგი გამოცხადდა გამარჯვებულად და შემსყიდველმა ორგანიზაციამ შპს ,,ვ-----ს" დაავალა შეტყობინების შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღეში სარეგისტრაციო, უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატენდერო კომისიის 2017 წლის 20 სექტემბრის N4 სხდომის ოქმი (ს.ფ. 297).

 

3.1.3. სატენდერო კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N5 სხდომის ოქმის თანახმად, შპს ,,ვ-----ი" მიწვეულ იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით) წარსადგენად შეტყობინების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუადრეს სამი და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატენდერო კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N5 სხდომის ოქმი (ს.ფ. 304-306).

 

3.1.4. სატენდერო კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის N6 სხდომის ოქმის თანახმად, შპს ,,ვ-----ი" დადგენილ ვადაში ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარუდგენლობის გამო დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სატენდერო კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის N6 სხდომის ოქმი (ს.ფ. 308-309).

 

3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის 2017 წლის 9 ოქტომბრის განცხადებით ეთხოვა, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,ვ-----ი"-ს შავ სიაში დარეგისტრირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის 2017 წლის09 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 119-120).

 

3.1.6. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 დეკემბრის №---- განკარგულებით, ვინაიდან პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიეცა ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო, რის გამოც გამოცხადებული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, შპს ,,ვ-----ი" 2017 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 დეკემბრის №---- განკარგულება (ს.ფ. 78-80).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ვ-----ის" სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის პ------–------------------------–----ის სატენდერო კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის სხდომის №- ოქმი შპს ,,ვ-----ი"-ს დისკვალიფიკაციის თაობაზე და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 დეკემბრის №---- განკარგულება შპს ,,ვ-----ი"-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,თ1” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი, ,,ი1” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი არის შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.

 

ამდენად, ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი წარმოადგენს სპეციალურ რეგულაციას ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის და შესაბამისად, მითითებულ სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-161 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამასთან, სასამართლო მოიხმობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს“, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია, ყოველი კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 31-ე მუხლის მიხედვით, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ტენდერში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა – სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას. ამავე მუხლის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარსადგენად ან/და ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ სატენდერო კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის/რომელთა გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში. მე-6 ქვეპუნქტის თანახმად, თუ პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. სასამართლო ასევე მიუთითებს „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის მიერ 2017 წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (S-----------) მამოგრაფიული აპარატურის შესყიდვის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შპს ,,ვ-----მა" და გამოცხადდა გამარჯვებულად. ამასთან, სატენდერო კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N5 სხდომის ოქმის თანახმად, შპს ,,ვ-----ი" მიწვეულ იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით) წარსადგენად შეტყობინების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუადრეს სამი და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა.

 

დადგენილია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიწვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად, თუმცა პრეტენდენტი არ გამოცხადდა და არც რაიმე სახის ინფორმაცია წარუდგენია შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გამოუცხადებლობის შესახებ, რაც მიჩნეული იქნა ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმად და სატენდერო კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის სხდომის №- ოქმით შპს ,,ვ-----სს“ მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ემუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს ,,ვ-----ის" შავ სიაში დარეგისტრირება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარუდგენლობის საპატიოდ მიჩნევასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ შპს ,,ვ-----სს" სატენდერო კომისიისთვის არ უცნობებია ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის თაობაზე რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ, რაც თავისთავად გამორიცხავს სატენდერო კომისიის ვალდებულებას აქტის გამოცემის დროისათვის ემსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც მისთვის არ იყო ცნობილი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ვ-----ის" დისკვალიფიკაციის თაობაზე სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის პ------–------------------------–----ის სატენდერო კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის სხდომის №- ოქმის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. სასამართლო ასევე მიუთითებს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების ერთ-ერთი საფუძველია, თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო. ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, შავ სიაში რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

სასამართლო იზიარებს სააგენტოს პოზიციას, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება აკმაყოფილებდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, სახეზე იყო პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების წინაპირობა და არ არსებობდა მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძვლები, რადგან დგინდებოდა, რომ შპს ,,ვ-----მა“ უარი თქვა ხელშეკრულების დადებაზე, რასაც მოჰყვა ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულება.

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკვალიფიცირებული პრეტენდენტისთვის სახდელის შეფარდების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის პ------–------------------------–----ის სატენდერო კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის სხდომის №- ოქმი შპს ,,ვ-----ი"-ს დისკვალიფიკაციის თაობაზე, სასამართლო თვლის, რომ კანონიერია სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 დეკემბრის №---- განკარგულება შპს ,,ვ-----ი"-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის პ------–------------------------–----ის სატენდერო კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის სხდომის №- ოქმი შპს ,,ვ-----ი"-ს დისკვალიფიკაციის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 6 დეკემბრის №---- განკარგულება შპს ,,ვ-----ი"-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, შპს ,,ვ-----ის" სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს ,,ვ-----ის“ შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 6 დეკემბრის №---- განკარგულების (შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ) მოქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 6 დეკემბრის №---- განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ვ-----ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე