გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002443862
2-538-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი, ირმა გოგალაძე
მოსარჩელეები - ან----------------------------------------–--–--------აშვილი
წარმომადგენელი - გ-------------ძე
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------------------------------------------------''
წარმომადგენლები - ო-–---------–-------------------ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეების თანასაკუთრებაშია უძრავი ქონება - 60 კვ.მ. ფართის შენობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ------––-, სადაც, დაახლოებით 7-8 წლის წინათ, მოპასუხემ გაიყვანა მაღალი ძაბვის ელექტროსადენები, რომლებიც თითქმის ეხება შენობის სახურავს და ამ მიზეზით, ვერ გაარემონტეს სახურავი და ვერც თოვლის მასისაგან ათავისუფლებენ ხოლმე, რის გამოც შენობა დაზიანდა, მისი აღდგენა შეუძლებელია და მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მთლიანად, შენობის ღირებულება, რაც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, 15 000 ლარია;
2.1. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სარჩელში აღნიშნული ელექტროსადენები მათი დაკვეთით სხვა საწარმომ გაიყვანა, რომელიც პასუხისმგებელია შესაძლო ზიანზე, მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს მთლიანად შენობის ღირებულება და არა - მისი აღდგენისათვის საჭირო ხარჯები;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ------––- მდებარე 60 კვ.მ. ფართის შენობაზე, რომლის სახურავის თავზეც გადის ექსპლუატაციაში მყოფი, მოპასუხის კუთვნილი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები; სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.20-21); - მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მათ თანასაკუთრებაში არსებული შენობა დაზიანებულია სახურავიდან ჩასული ნალექის გამო, რადგან სახურავის შეკეთება და თოვლის მასისაგან გათავისუფლება შეუძლებელია მოპასუხის კუთვნილი ელექტროსადენების გამო, რომლებიც შენობის სახურავზეა გადაყვანილი, მისი აღდგენა შეუძლებელია და უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 15 000 ლარი - მთლიანად შენობის ღირებულება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შენობის ნაწილი დაზიანებულია სახურავიდან ჩასული ნალექების გამო და მისი შეკეთება, მოვლა შეუძლებელია მის თავზე გაყვანილი მოპასუხის კუთვნილი, ექსპლუატაციაში მყოფი ელექტროსადენების გამო; არ დადასტურდა, რომ შენობის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული, შენობის დაზიანებული ნაწილის აღდგენისათვის საჭირო თანხის 2 200 ლარის გადახდა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა კუთვნილი შენობის თავზე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობებში დარღვეულია ელექტროდანადგართა მოწყობის წესები, რადგან აკრძალულია არასამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების თავზე, რომლის სახურავიც შესრულებულია წვადი მასალისაგან, ელექტროგადამცემი ხაზის სადენების გაყვანა, ამავე დასკვნაში აღწერილია, რომ შენობის სახურავი მოწყობილია ხის კონსტრუქციისა და აზბესტოცემენტის ფილებისაგან, შენობა-ნაგებობის თავზე გამავალი სადენიდან შენობის სახურავამდე უმცირესი მანძილი შეადგენს 1,2 მეტრს. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად (ექსპერტიზის დასკვნა, მოპასუხის გარე ელექტრომომარაგების შესახებ დოკუმენტაცია, ფოტოსურათები) ელექტროსადენები არაიზოლირებულია, მათი ძაბვის ნომინალი 10 კილოვატია; ასეთი გარემოების არსებობისას, სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია მესაკუთრემ შეაკეთოს სახურავი, მოუაროს მას, მაგალითად, გაათავისუფლოს თოვლის მასისაგან - როგორც სარჩელშია აღნიშნული, რადგან წესების დარღვევით გაყვანილ ელექტროსადენსა და სახურავს შორის მანძილი ამის შესაძლებლობას გამორიცხავს. წლების განმავლობაში სახურავის შეკეთების და მოვლის შეუძლებლობის გამო კი, შენობაში ჩაედინება ნალექი, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია; მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის (ს.ფ.27-28), თანახმად, შენობის თავზე გამავალი მაღალი ძაბვის სადენების გამო შეუძლებელია შენობაში შესვლა და რაიმე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის გამო ჩამონგრეულია სახურავი, ჩამოშლილია კედლები და ზოგადად შენობა მწყობრიდანაა გამოსული, სანამ შენობის თავზე იარსებებს მაღალი ძაბვის კაბელი, შეუძლებელია შენობის აღდგენა და მასში სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც დიდ დანახარჯებს მოითხოვს, შენობის ღირებულება, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, 15 000 ლარია; მოპასუხემ წარმოადგინა შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის“ მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შენობის სახურავის ნახევარი ჩამოქცეულია ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად, ნაწილობრივ დაზიანებულია გადახურვის ფერმები, შენობის მთლიანი საორიენტაციო ღირებულება 5 000 ლარია, ზიანის ოდენობაა 2 200 ლარი; სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ აუდიტორული დასკვნა, როგორც მასში აღნიშნულია, მხოლოდ დამკვეთის მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით არის შედგენილი, ექსპერტიზის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ შენობა, უშუალოდ, ექსპერტმა ერთ-ერთი მოსარჩელის დასწრებით დაათვალიერა, დასკვნას დაურთო ზიანის ხარჯთაღრიცხვაც, ამ დოკუმენტებს ადარებს შენობის ფოტოსურათებს და მიაჩნია, გაზიარებული უნდა იქნეს, რომ ზიანის ოდენობაა 2 200 ლარი, - როგორც მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული; აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 450 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------ს მუდმივმოქმედ ფილიალს'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2 200 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად, 66 ლარის გადახდა, - მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' ან-----------------------------------------–--–---------–---–-ს სასარგებლოდ გადახდეს 2 200 (ორი ათას ორასი) ლარი;
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' ა---------------------------------------------–--–---------–--ლის სასარგებლოდ გადახდეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 66 (სამოცდაექვსი) ლარი;
3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი