განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100118002621543
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ--------------–--ე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ--------------------ი, დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #1----------), ნასამართლობის არ მქონე, ქვრივი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს---------------------------–--–--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 23 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნ-------------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით დაკითხულ იქნა დაზარალებული (--.0--1--- წელს დაბადებული) მ------------------------–-------------ი, რომელმაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ სასამართლოს წინაშე უარყო მისი შვილის, ნ-------------------ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა მ--------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ--------------------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეთა ჩვენებებს, 2----–-–------------- განაჩენს ნ-------------------ის მიმართ, თავად მ--------------------ის აღიარებით ჩვენებას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან იგი აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას, აღარ სურდა სადავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ--------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, რომელიც ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და გამოიხატება მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაში. აღნიშნული კი გულისხმობს მოწმის მიერ სინამდვილის შეგნებულ დამახინჯებას. საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ხსენებული დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა პირველ რიგში უტყუარად იქნეს დადგენილი, რომ პირის ჩვენება არის ცრუ. პირის მიერ გადმოცემული ფაქტების სიცრუის დასადგენად საჭიროა გონივრული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების მოძიება. იმისთვის რომ დამნაშავეს შეეფარდოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილი, დადგენილ უნდა იქნეს აქვს თუ არა მის ჩვენებას არსებითი მნიშვნელობა. სისხლის სამართლის საქმეზე ეს შეიძლება იყოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარემოება, რომელიც განსაზღვრას პირის საშიშროების ხასიათსა და ხარისხის, ზიანის ოდენობა, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და სხვას. დანაშაულის ძირითადი ობიექტია - მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტი კი ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესებია.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, მ--------------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 23 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნ-------------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის ეტაპზე, მოწმის სახით დაკითხულ იქნა დაზარალებული (--.0--1--- წელს დაბადებული) მ------------------------–-------------ი, რომელმაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ სასამართლოს წინაშე უარყო მისი შვილის, ნ-------------------ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მ--------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ--------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (ცრუ ჩვენება მისცა საკუთარი შვილის სისხლის სამართლის საქმეზე), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას (არის პენსიონერი, მეორე ჯგუფის ინვალიდი), მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც მ--------------------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, მ--------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ განსაზღვროს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდება 1(ერთი) წელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ მ--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ მ--------------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ მ--------------------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

02(ორი) ცალი კომპიუტერული დისკი, დალუქული სახით 2(ორ) პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე