გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002600606
საქმე № 3/226-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი გიორგი მაჭარაშვილი
მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი: ა-- კ----------–-
მოპასუხე: ე---------- გ----–---–ი
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საარსებო შემწეობის სახით გაცემული თანხის - 480 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, ე---------- გ----–---–ის (პირ. №5----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას 6 სრულწლოვან და 3 არასრულწლოვან წევრზე.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია ამ ოჯახის წევრების - ზ------ ბ---------ის (პირ. №5----------) და ზ---- ბ---------ის (პირ. №5----------) მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.
მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის დეკემბრის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ე---------- გ----–---–ი დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი მისი ოჯახის წევრების მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების ფაქტის შესახებ, ვინაიდან მათთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, ასევე მიუთითა, რომ იგი აღნიშნულ პირებთან ერთად იღებდა სოციალურ დახმარებას.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოპასუხის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 6 სრულწლოვან და 3 არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად 480 ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 31510-ს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გორის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე ე---------- გ----–---–მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.3. ე---------- გ----–---–ის ოჯახის წევრებს დაუფიქსირდათ ლეგალური შემოსავალი.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.4. მოპასუხეს 2017 წლის დეკემბერში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა 480 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ოჯახის საარსებო შემწეობა ისე, რომ მისი ოჯახის წევრები უკვე იღებდნენ ლეგალურ შემოსავალს, რის შესახებაც მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სააგენტოსათვის.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი” ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.
,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე" ქვეპუნქტების თანახმად, ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 30001 და ნაკლებია 57001-ზე ოჯახის თითოეულ წევრზე თანხა განისაზღება 50 ლარით, ამასთან, ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია, საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
როგორც აღინიშნა, ე---------- გ----–---–ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 6 სრუწლოვან წევრზე ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით, ხოლო 3 არასრულწლოვან წევრზე 60-60 ლარის ოდენობით, მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 31510-ს, და საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 480 ლარით.
იმავე დადგენილების მე-10 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება;
დადგენილია, რომ ე---------- გ----–---–ის ოჯახის წევრებს დაუფიქსირდათ ლეგალური შემოსავალი, და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის მოპასუხეს არაფერი უცნობებია.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.
მოპასუხის ოჯახისათვის გამოყოფილი სოციალური დახმარება შეადგენდა თვეში 480 ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდა იგი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 480 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამსახურისათვის მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ე---------- გ----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. ე---------- გ----–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2017 წლის დეკემბერში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული