გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.10.2018
საქმის ნომერი
330310018002495541
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3665-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ჯ-–------------ი

 

წარმომადგენელი - რ---------------–---ი

 

მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო

 

წარმომადგენელი - მ--------------ე

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ-–------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ: 2018 წლის 20 სექტემბრის სხდომის ოქმი, 15:13:47).

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის განაჩენით, ჯ-–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ჯ-–------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულების ს--–-----------ის, მ--–------------ისა და ჯ-–------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება; ჯ-–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ჯ-–------------ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის განაჩენი (საქმე №1-------);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განაჩენი (საქმე N1--------).

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მარტის მდგომარეობით მოსარჩელეს მოხდილი ჰქონდა სასჯელის ორი მესამედი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №17 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 30.03.2018 წლის დახასიათება;

- ჯ-–------------ის პირადი საქმე.

 

3.1.3. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე წარსულში ნასამართლობის არ მქონეა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №17 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 30.03.2018 წლის დახასიათება.

 

3.1.4. დადგენილია ასევე, რომ ჯ-–------------ი სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული იყო ერთხელ, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 20 ნოემბრის N--- ბრძანებით მსჯავრდებულ ჯ-–------------ს წახალისების სახით მიეცა ,,დამატებითი ხანგრძლივი პაემანი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 20 ნოემბრის N--- ბრძანება;

- №17 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 30.03.2018 წლის დახასიათება;

- ჯ-–------------ის პირადი საქმე.

 

3.1.5. დადგენილია, რომ ჯ-–------------ი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო ერთხელ, კერძოდ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთი დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 9 მარტის M---------------- განკარგულებით ჯ-–------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - საყვედური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთი დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 9 მარტის M---------------- განკარგულება;

- №17 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 30.03.2018 წლის დახასიათება;

- ჯ-–------------ის პირადი საქმე.

 

3.1.6. №17 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს, ჯ-–------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №17 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა;

- ჯ-–------------ის პირადი საქმე.

 

3.1.7. დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ჯ-–------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა.

 

დადგენილია ასევე, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ჯ-–------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის ოქმი;

-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ-–------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №0--------- გადაწყვეტილება, ჯ-–------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

 

მითითებული კოდექსის 41-ე მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო). მითითებული მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად კი, საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებული იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულებით (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით). აღნიშნული დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული დებულების 10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭოს მიერ საქმის განხილვის დაწყების საფუძველია პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა.

 

შეფასების კრიტერიუმებს კი განსაზღვრავდა ზემომითითებული დებულების მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდებოდა ზემომითითებული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6.3. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან მას, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების შედეგად უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, მის მიმართ გამოყენებული წახალისების ღონისძიება, მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთი დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, მათ შორის მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, კერძოდ, ჯგუფურად ყაჩაღობა, რაც მომეტებული საფრთხის შემცვლელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. ვინაიდან, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები. გარდა ამისა საბჭოს მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში გამოიწვია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ჯ-–------------ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით კი განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდებოდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული ნორმის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმზე და მსჯავრდებულის გათავისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ-–------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ-–------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე