გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.09.2018
საქმის ნომერი
330310018002428836
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2698-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1- სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე - შპს ,,დ-----------–-------“

დირექტორი - ნ----------–--

წარმომადგენელი - ზ------------–--

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - ირ---–------------–--ე

მესამე პირი - შპს „ყ---------------თბილისი“

წარმომადგენელი - ა---–------–---–-

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 04 აპრილის №2-/6- გადაწყვეტილება.

 

1.2. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „დ-----------–------ზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - შპს „ყ---------------თბილისის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 01 ივნისის №1-/4 გადაწყვეტილებით შპს „ყ---------------თბილისის“ სახელზე გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია - სერია 2-, №0--, ხოლო მის სალიცენზიო არეალად განისაზღვრა სს „თბილგაზის“ გამანაწილებელი ქსელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 01 ივნისის №1-/4 გადაწყვეტილება (ტ. 1 ს.ფ. 272-273).

 

4.1.2. 2018 წლის 6 თებერვალს შპს „დ-----------–------მა“ №1---/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემა მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „დ-----------–-------ს“ 2018 წლის 6 თებერვლის №1---/01 განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ტ.1 ს.ფ. 2--90).

 

4.1.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 09 თებერვლის №6/04-16-1--- წერილით შპს „დ-----------–------ს“ 2018 წლის 6 თებერვლის №1---/01 განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 2--ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №2- დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან არ იყო წარმოდგენილი მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა.

 

შპს „დ-----------–------ს“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა დამატებითი ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 09 თებერვლის №6/04-16-1--- წერილი (ტ. 1 ს.ფ. 385).

 

4.1.4. შპს „დ-----------–-------ს“ 2018 წლის 1- თებერვლის №1---/01 წერილით კომისიას დამატებით წარედგინა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (01.0-.1--; 01.01.9--- 01.01.5--), საკადასტრო რუკა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა, ქონების შეფასების (აუდიტის) დასკვნა, წარმოების საშუალებების ექსპლუატაციაში მიღების აქტები და ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „დ-----------–-------ს“ 2018 წლის 1- თებერვლის №1---/01 წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. 1 ს.ფ. 127-216).

 

4.1.5. 2018 წლის 15 მარტს შპს „ყ---------------თბილისმა“ №2---/01 წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მიუთითა, რომ შპს „დ-----------–------თან“ მიმდინარეობდა სასამართლო დავა იმ ხაზობრივი ნაგებობის კუთვნილებასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი აპირებდა განაწილების საქმიანობის განხორციელებას. შპს „ყ---------------თბილისის“ განმარტებით, მასსა და სს „თბილგაზის“ შორის 2006 წლის 18 მაისს დადებული №1-5--- ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ყ---------------თბილისმა“ სრულად შეიძინა სს „თბილგაზის“ აქტივები, მათ შორის ერთ-ერთი იმ გაზსადენთაგანი (საკადასტრო კოდით: 01.01.9--), რომლის ფარგლებშიც ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემას ითხოვდა შპს „დ-----------–-------“. შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნა ლიცენზიის გაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ყ---------------თბილისის“ 2018 წლის 15 მარტის №2---/01 წერილი (ტ. 1 ს.ფ. 380-384).

 

4.1.6. 2015 წლის 29 დეკემბერის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ავჭალის სასაფლაოსთან, ავჭალის შემოვლითი გზის, ბ-------ოს ქუჩის, ა-----------–---–ის ქუჩის და ხ-------–ის ქუჩის მიმდებარედ მდებარე 1347 მეტრი სიგრძის მილსადენის (ს/კ 01.0-.1--) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „დ-----------–-------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 29 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1 ს.ფ.132-134).

 

4.1.7. 2016 წლის 09 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიის მიმდებარედ მდებარე 1536 მეტრი სიგრძის მილსადენის (ს/კ 01.01.9--) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „დ-----------–-------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 09 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ. 1 ს.ფ. 135-137).

 

4.1.8. 2015 წლის 07 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქ. მცხეთა, ს--------ოს გზის მე-13 კმ, ყოფილი მევენახეობის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 3245 მეტრი სიგრძის მილსადენის (ს/კ 01.01.5--) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „დ-----------–-------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 07 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ. 1 ს.ფ. 138-1-0).

 

4.1.9. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 04 აპრილის №2-/6- გადაწყვეტილებით შპს „დ-----------–------ს“ უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე და შესაბამისად შეწყდა კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის №1-/22 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „დ-----------–-------ს“ საკუთრებაში არსებული სამი გაზსადენი (რომლებიდანაც, ერთის საკუთრების უფლებაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა) ფაქტობრივად იმყოფება შპს „ყ---------------თბილისის“ მფლობელობაში, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46- -ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ითვლება „პირდაპირ მფლობელად“, უშუალოდ მომხმარებლების ტერიტორიამდე მიყვანილი გაზსადენები, აგრეთვე, აღრიცხვის კვანძები და ბუნებრივი გაზის მიწოდება/აღდგენისათვის საჭირო ონკანები იმყოფება შპს „ყ---------------თბილისის“ საკუთრებაში და გამოიყენება მისი მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობაში, ხოლო ამ გარემოებებიდან ნებისმიერი ერთ-ერთის არსებობა გამორიცხავს, რომ შპს „დ-----------–------მა“ დააკმაყოფილოს კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობა და განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა, რაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 04 აპრილის №2-/6- გადაწყვეტილება (ტ. 1 ს.ფ. 1--24).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,დ-----------–-------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №2- დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზირების წესები“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო 2--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 04 აპრილის №2-/6- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ - კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მათში ცვლილების შეტანა და მათი გაუქმება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უვადოდ გასცემს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიას. ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტით შესაბამისად, კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს, ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს, გაანაწილოს და გაატაროს ბუნებრივი გაზი კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 2--ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, ამ კანონში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებელმა სალიცენზიო განაცხადთან ერთად კომისიას უნდა წარუდგინოს: ა) წარმოების საშუალებების ფლობის (ამ საშუალებებით სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) წარმოების საშუალებების ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა; დ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (საჭიროების შემთხვევაში); ე) საქართველოს ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა); ვ) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 6 თებერვალს შპს „დ-----------–------მა“ №1---/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემა მოითხოვა.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №2- დადგენილებით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე კომისია აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. საჯარო გაცნობისათვის განცხადების წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.

 

2018 წლის 15 მარტს შპს „ყ---------------თბილისმა“ №2---/01 წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მიუთითა, რომ ლიცენზიის მაძიებლის მოთხოვნა ლიცენზიის გაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 04 აპრილის №2-/6- გადაწყვეტილებით შპს „დ-----------–------ს“ უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე და შესაბამისად შეწყდა კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის №1-/22 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ლიცენზიის მიღების თაობაზე შპს „დ-----------–-------ს“ განცხადება სრულად აკმაყოფილებდა ლიცენზირების წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის შპს „ყ---------------თბილისის“ მიერ ფაქტობრივად ფლობის ფაქტი არ წარმოადგენდა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

 

6.3. სასამართლო მოიხმობს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ყ“ პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა არის ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

 

დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შპს „დ-----------–------ს“ საკუთრებაში გააჩნია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი (ს/კ 01.0-.1--; ს/კ 01.01.9--, 01.01.5--) და მის მიერ კომისიაში ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მიღების თაობაზე წარდგენილი განცხადება ფორმალურად აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

აღსანიშნავია, რომ სადავო 2018 წლის 04 აპრილის №2-/6- გადაწყვეტილებით კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „დ-----------–-------ს“ საკუთრებაში არსებული სამი გაზსადენი (რომლებიდანაც, ერთის საკუთრების უფლებაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა) ფაქტობრივად იმყოფება შპს „ყ---------------თბილისის“ მფლობელობაში, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46--ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ითვლება „პირდაპირ მფლობელად“, უშუალოდ მომხმარებლების ტერიტორიამდე მიყვანილი გაზსადენები, აგრეთვე, აღრიცხვის კვანძები და ბუნებრივი გაზის მიწოდება/აღდგენისათვის საჭირო ონკანები იმყოფება შპს „ყ---------------თბილისის“ საკუთრებაში და გამოიყენება მისი მომხმარებლებისათვის (აბონენტებისათვის) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობაში, ხოლო ამ გარემოებებიდან ნებისმიერი ერთ-ერთის არსებობა გამორიცხავს, რომ შპს „დ-----------–------მა“ დააკმაყოფილოს კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობა და განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა.

 

სასამართლო მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46--ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან/და განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად მომხმარებელს თავის ქსელში გაუტაროს ბუნებრივი გაზი. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან /და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) არის პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. მითითებული მუხლის „კ1“ პუნქტის თანახმად, მომხმარებელი არის პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი, ხოლო „ლ2“ პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის პირდაპირი მომხმარებელი არის პირი, რომელიც მიერთებულია ტრანსპორტირების სისტემასთან და ისე იღებს ბუნებრივ გაზს. მოიხმარს მას მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და განაწილების ლიცენზიატი არ არის.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2010 წლის 21 ოქტომბრის №ბს- 479-459(კ-10) გადაწყვეტილებას, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს: „კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს _ ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს _ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით.“

 

კანონმდებლის ნების დადგენის მიზნით, სასამართლო მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2011 წლის 21 ივნისის საქართველოს კანონის განმარტებით ბარათზე, რომლითაც ირკვევა, რომ ამავე კანონის 46- მუხლით ზუსტდება მომსახურების გამწევი პირების - ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიანტების ვალდებულებები, უზრუნველყონ შეუფერხებელი წვდომა ქსელურ ინფრასტრუქტურაზე და გაატარონ ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი მათ ქსელებში. პირებს, ვინც არ არიან განაწილების ან წყალმომარაგების ლიცენზიანტები, მაგრამ, ფლობენ შესაბამის ქსელს, კანონით ეკისრებათ ანალოგიური ვალდებულება, გაატარონ ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი, ხოლო, კომისიას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს ამ პირების მიერ გაწეული მომსახურების გაანგარიშების წესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46--ე მუხლის დეფინიცია ქსელის მფლობელის მიმართ სპეციალურ სალიცენზიო პირობას, რაიმე სახის დათქმას ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მიღების თაობაზე არ ითვალისწინებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიუთითებს, რომ ქსელის მფლობელის ვალდებულება ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობას და ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს კანონისმიერი დათქმა, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 46--ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ქსელის მფლობელზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემას, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ყ---------------თბილისის“ მიერ მოსარჩელის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის ფაქტობრივად ფლობის ფაქტი არ წარმოდგენს შპს ,,დ-----------–-------სთვის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

 

6.4. რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას №2009/73/EC დირექტივაზე, აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის თანახმად, „ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ“ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს №2009/73/EC დირექტივის იმპლემენტაციის ვადად განსაზღვრულია 20-0 წლის 31 დეკემბერი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მითითებული დირექტივის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ახალი არეალების გაზიფიცირებისა და ზოგადად, ეფექტიანი ოპერირებისთვის, დაშვებულია, რომ არ გაიცეს დამატებითი ავტორიზაცია, ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის მშენებლობაზე და ოპერირებაზე იმ არეალში, სადაც უკვე არსებობს ან დაგეგმილია რომ აშენდება განაწილების სისტემა და არსებული ან დაგეგმილი სიმძლავრეები არ არის ათვისებული ().

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ №2009/73/EC დირექტივა ოპერირების დამატებითი ავტორიზაციის გაცემაზე შეზღუდვას იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად, თუ იმავე არეალში უკვე არსებობს ან დაგეგმილია რომ აშენდება განაწილების სისტემა და არსებული ან დაგეგმილი სიმძლავრეები არ არის ათვისებული. ამდენად, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი დაკავშირებულია ერთ გამანაწილებელ ქსელთან და არ არსებობს დირექტივის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი განაწილების სისტემასთან დაკავშირებული წინაპირობები, მოპასუხის განმარტება ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლითაც კანონის 26-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: დაუშვებელია ერთ ტერიტორიულ ერთეულში (ქალაქი, დაბა, სოფელი) ორი ან ორზე მეტი განაწილების ლიცენზიის ან წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემა.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 4 მაისის საქართველოს კანონით, ხოლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,დ-----------–------მა“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მიღების მოთხოვნით კომისიას 2018 წლის 6 თებერვალს მიმართა და კომისიის მიერ სადავო გადაწყვეტილება 2018 წლის 4 აპრილს იქნა მიღებული. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, შპს ,,დ-----------–------მა“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მოთხოვნის თაობაზე განცხადების კომისიაში წარდგენით მოახდინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზება და შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება მოცემულ დავის ფარგლებში განსახილველ სადავო ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შპს ,,ყ---------------თბილისზე'' გაცემული ლიცენზიით მის სამოქმედო არეალად განსაზვრულია მხოლოდ ,,თბილგაზის'' გამანწილებელი ქსელი.

 

6.5. მოწინააღმდეგე მხარე ასევე აპელირებს შპს „ყ---------------თბილისის“ საკუთრებაში არსებულ აღრიცხვის კვანძებსა და მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის საკითხზე. სასამართლო მოიხმობს „ლიცენზირების წესების“ მე-7 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, ლიცენზიატი ვალდებულია, სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე და ამ პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიატი ასევე ვალდებულია: ა) წარმოების საშუალებები იქონიოს სათანადო მდგომარეობაში და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ნორმები და პირობები; ასევე დაიცვას (არ გააუარესოს) მასზე გაცემული ლიცენზიის მისაღებად საჭირო სხვა პირობები და მოთხოვნები; ბ) აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის რაოდენობა შესაბამისი აღრიცხვის საშუალებების გამოყენებით; გ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური; დ) უზრუნველყოს კომისიის მოთხოვნების სათანადოდ შესრულება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიანტი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს მინიმალური ღირებულების პრინციპიდან გამომდინარე და ამასთან, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემოს შექმნა, შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში და მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად. ხოლო, ბუნებრივი გაზის განაწილების ის ლიცენზიატი რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, სრულად არის პასუხისმგებელი აღნიშნული მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებაზე, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაძლო, გონივრული ზომა მომხმარებლების საუკეთესო პირობებით ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას კანონმდებელი ადგენს ლიცენზიატის მიმართ და შესაბამისად, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემოს შექმნა და ამავდროულად მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგება წარმოადგენს ლიცენზიატის და არა ლიცენზიის მაძიებლის ვალდებულებას, მით უფრო სალიცენზიო პირობას. ამასთან, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ლიცენზიანტის მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების, მათ შორის მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს ლიცენზიის მფლობელისთვის ლიცენზიის გაუქმების წინაპირობა.

 

„ლიცენზირების წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია არ გასცემს ლიცენზიას, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს ლიცენზირების წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და კომისიის მიერ დადგენილ ვადაში ისინი არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; გ) ლიცენზიის მაძიებელს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს ლიცენზიის მაძიებლისთვის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო გადაწყვეტილებაში ვერ მიუთითებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობაზე, რომელსაც ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 04 აპრილის №2-/6- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რამეთუ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის არ არსებობდა შპს ,,დ-----------–-------სთვის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 2--ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანის ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 04 აპრილის №2-/6- გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი შპს „დ-----------–------ზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უნდა დაეკისროს შპს ,,დ-----------–-------ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე, 2--ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. შპს „დ-----------–-------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 04 აპრილის №2-/6- გადაწყვეტილება.

 

3. მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „დ-----------–------ზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემის შესახებ.

 

4. მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას დაეკისროს მოსარჩელე შპს „დ-----------–-------ს“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 1- დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნანა დარასელია