განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002624401
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/246-2018 წ
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე
დაცვის მხარე - ადვოკატი ნ---------------–--ე
ბრალდებული - ა------------უ (დაბადებული 0--------- წელს, პასპორტის ნომერი H--------, ბელარუსიის მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ბელარუსია, ქ. გომელი, კ------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ს--–-------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა------------უმ 2018 წლის 05 აგვისტოს დაახლოებით 23:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს--–-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს ა---------------ეს იატაკზე განზრახ ძლიერად დარტყმით დაუზიანა „H----I“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც ამ უკანასკნელისათვის 180 (ასოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალდებულმა ა------------უმ სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, ა---------------ის, ა------------უს, ა-–---------------ის, თ----------–---–-----ის გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, ქორწინების აქტის ჩანაწერი, სასაქონლო და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ა---------------ის განცხადება, ნივთმტკიცება.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ა------------უმ ოჯახის წევრს მეუღლეს დაუზიანა მობილური ტელეფონი, რამაც 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ა------------უმ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრს მეუღლის მობილური ტელეფონის დაზიანებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს სხვის საკუთრებას, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს შესაბამის კონტროლს და მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ბრალდებულმა უგულებელყო ოჯახში ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები ცოლ-ქმარი და აგრძელებენ ერთად ცხოვრებას, ბრალდებული დასაქმებულია, ამავე დროს ა------------უმ აღიარა და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება მინიმუმზე შედარებით მაღალი ზომით.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შესაბამისად ნივთმტკიცება მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განჩინებით ა------------უს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლოში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყოფილია თუ არა გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების დროს იმსჯელოს ამ საკითხზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა------------უ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გაუქმდეს ა------------უს მიმართ აღკვეთი ღონისძიება გირაო.
ნივთმტკიცების სახით არსებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესკუთრეს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი