განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
820100118002571849
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002571849

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

საქმის # 1-206/2018 წ.

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე

 

დაცვის მხარე - ადვოკატი ნ---------------–--ე

 

ბრალდებული - ვ-–------------–--ე (დაბადებული 0--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, მოქალაქეობა: საქართველო, განათლება: ს-–----–ო, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხულოს რაიონი, სოფელი ვ-–-–-----ი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 13:40 საათზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-–-–-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთ შელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, ვ-–------------–--ემ ოჯახის წევრს, რძალს ნ------–------ს ხელებზე მოჭერით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ნ------–------მ განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს სახლში კამათი მოუვიდა მის მამამთილთან ვ-–------------–--ესთან, რა დროსაც იგი ფიზიკურად შეეხო ხელებზე და ეტკინა. ადრე მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა და მის მიმართ საჩივარი არ აქვს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის ნ------–------ს 2018 წლის 19 ივნისის ჩვენება, რაც მან დაადასტურა. ჩვენების თანახმად მისი მამამთილი მივარდა მასთან გაბრაზებული და ორივე ხელით წვდა ხელებში აჯანღარებდა და ეუბნებოდა, რომ გადააგდებდა აივნიდან, რის გამოც განიცადა გაუსაძლისი ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულ ვ-–------------–--ის მეუღლემ მ-----–-----–---მ განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს მათ საცხოვრებელ სახლში ვ-–------------–--ეს და ნ------–------ს შორის აღელვების ნიადაგზე მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ვ-–------------–--ემ ხელი ჰკრა ნ------–------ს და უნდოდა გადაეგდო აივნიდან, ასევე ხელი მოუჭირა ხელებზე. ნათიას ემჩნეოდა თითების მონაჭერი და ამბობდა მტკივაო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ვ-–------------–--ის მეზობელმა მ--------–-------მ განმარტა, რომ 19 ივნისს იმყოფებოდა ნ------–------სთან, რა დროსაც ვ-–------------–--ემ მოკიდა ნ------–------ს ხელებზე ხელები, აჯანჯღარებდა და ექაჩებოდა, რომ გადაეგდო აივნიდან, რის შემდეგაც მან და მ-----–-----–---მ გააშველეს. ნ------–------ს ხელებზე ჰქონდა სილურჯეები და განიცდიდა ტკივილს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხულოს რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსმა ვ--–-----–------ განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს ნ------–------სგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ ადგილზე, სადაც დახვდათ ვ-–------------–--ე, მისი რძალი, მეზობელი და ვ-–------------–--ის მეუღლე. რძალმა აუხსნა, რომ ვ-–------------–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ვ-–------------–--ემაც დაადასტურა, რის შემდეგაც ვ-–------------–--ე დაკავდა ადგილზე.

 

ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ---------------ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ნ------–------ განიცდიდა ტკივილს და სასწრაფოც იყო გამოძახებული. ნ------–------მ განუმარტათ, რომ ვ-–------------–--ემ უბიძგა, ხელი მოუჭირა და ეტკინა.

 

ანალოგიური დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხულოს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა კ----------–---მ, რ----------–----ემ და რ---------------მ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხულოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ---------------ემ დაადასტურა, რომ მან აწარმოა გამოძიება, გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული.

 

დაზარალებულ ნ------–------ს და მოწმეთა ჩვენებები დადასტურებულია 2018 წლის 19 ივნისის საინფორმაციო ცენტრ 112-დან ხულოს რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინებით.

 

2018 წლის 24 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნ------–------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე მხრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლ------------------მ.

 

მხარეთა შორის შეთანხმებისამებრ უდავოდ მიჩნეული 2018 წლის 26 ივლისის სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვ-–------------–--ეს აღენიშნება არაფსიქოზური დონის აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა, ორგანული პიროვნული აშლილობა, მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა), თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

დაზარალებულ ნ------–------ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ვ-–------------–--ესთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ-–------------–--ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ვ-–------------–--ემ ოჯახის წევრის რძლის ნ------–------ს მიმართ, განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ვ-–------------–--ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას, ასევე მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ოჯახის რძალი, რაც ამავე დროს ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრისადმი უპატივცემულობა და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, ისეთი ფორმებით, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ წესებს ეწინააღმდეგება, რაც დასაგმობია, რადგანაც სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და არის 54 წლის. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოებები ბრალდებულის წარსულიდან არ არსებობს. ამავე დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბრალდებულ ვ-–------------–--ის იზოლაცია და ჩადენილი ქმედების პროპორციულად მის მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რაც მისი ასაკის და წარსულის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს მინიმუმით. ბრალდებულის ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ალტერნატიული სახე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვერ იქნება ეფექტური სასჯელი. ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები, რომელთა მოთხოვნაა ბრალდებულის აღიარება. შესაბამისად ბრალდებულს სასჯელად უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

გაუქმდეს ვ-–------------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, მას დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 19 ივნისიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი