გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/12310-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - ს--–---ე ა------ე
წარმომადგენელი - ა-–---------ე ც-–---ე
მოპასუხე - ი-----–ი ბ--–----–---–ი
წარმომადგენელი - ს----ო მ---------ა, ე-- ჯ---ა
მოპასუხე - ნ-----ი კ--------ე
წარმომადგენელი - ს--–---ე ი-–----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ი-----–ი ბ--–----–---–სა და ნ-----ი კ--------ეს ს--–---ე ა------ის სასარგებლოდ 399.58 აშშ დოლარის ექვივალენტის - 956.83 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელეს და მოპასუხე ნ-----ი კ--------ეს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ნ-----ი კ--------ეს მოსარჩელისთვის ელექტრონული აუქციონის მეშვეობით უნდა შეეძინა ა-----მობილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და უზრუნველეყო მისი საქართველოში ჩამოყვანა. ნ-----ი კ--------ის მითითებით, ს--–---ე ა------ემ 2017 წლის 24 აგვისტოს ,,თი-ბი-სი ფეი’’-ს აპარატის მეშვეობით ჩარიცხა თანხა 399.58 აშშ დოლარი მოპასუხე ი-----–ი ბ--–----–---–ის ანგარიშზე. ნ-----ი კ--------ეს დღემდე არ შეუძენია და ჩამოუყვანია მისთვის ა-----მობილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის შედგა შეთანხმება ა-----მობილის ჩამოყვანის თაობაზე 2017 წლის აგვისტოში. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელემ შეიძინა ა-----მობილი, შესაბამისად, დაკარგა ინტერესი მოპასუხე ნ-----ი კ--------ის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და ი-----–ი ბ--–----–---–ს შორის არ არსებობდა არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოპასუხისთვის თანხის გადარიცხვა განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რის გამოც უსაფუძვლოდ გადახდილი თანხა ექვემდებარება დაბრუნებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ-----ი კ--------ის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე ნ-----ი კ--------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, ახლობლური ურთიერთობიდან გამომდინარე მან შესთავაზა ს--–---ე ა------ეს შპს ,,ლ----- ა-----ს’’ დახმარებით ა-----მობილის ჩამოყვანა, ვიანიდან მას უსარგებლია მანამდე აღნიშნული კომპანიის დახმარებით და მეტნაკლებად ერკვეოდა ამ საკითხში. მან დეტალურად გააცნო მოსარჩელეს აუქციონში მონაწილეობის პირობები, რაც მისთვის მისაღები აღმოჩნდა. მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ აუქციონში მონაწილეობისთვის აუცილებელი იყო წინასწარი ავანსის სახით 400 აშშ დოლარის გადახდა, რაც ა-----მობილის შეძენის შემთხვევაში აკლდებოდა მის ღირებულებას, ხოლო მოგების შემთხვევაში ა-----მობილის შეძენაზე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ ბრუნდებოდა. მათ მიერ შერჩეულ იქნა სასურველი ა-----მობილი, რომლის შესახებაც ასევე აცნობეს შპს ,,ლ----- ა-----ს’’ დირექტორს.
მოპასუხის განმარტებით, ს--–---ე ა------ემ 2017 წლის 24 აგვისტოს ნამდვილად ჩარიცხა თანხა მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე. აუქციონი დაიყო 2017 წლის 25 აგვისტოს. მათთვის ცნობილი გახდა იმავე დღეს აუქციონში გამარჯვების და 2017 წლის 28 აგვისტომდე დამატებით 4 950 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების თაობაზე. ამავე დღეს მასსა და შპს ,,ლ----- ა-----ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ა-----მანქანის დანარჩენი თანხის - 4 950 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 2017 წლის 28 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავანსის სახით გადახდილი 400 აშშ დოლარი უკან არ დაბრუნდებოდა და, ამასთანავე, მას დაეკისრებოდა 300 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა. მოსარჩელემ თავადვე განაცხადა უარი განაცხადა ა-----მობილის ყიდვაზე, მიუხედავად ა-----მობილის ღირებულების სრულად დაფარვის თხოვნისა.
2.2. მოპასუხე ი-----–ი ბ--–----–---–ის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე ი-----–ი ბ--–----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და ასევე განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის მითითებით, ს--–---ე ა------ის მიერ ჩარიცხული 399.58 აშშ დოლარი სრულად გადასცა შპს ,,ლ----- ა-----ს’’ დირექტორს გ------- მ-------–--ს. იგი არანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებოდა ს--–---ე ა------ესთან და მისი ანგარიშის გამოყენება მოხდა მხოლოდ შპს ,,ლ----- ა-----ს’’ მიერ თანხის მიღების მიზნით. გამორიცხულია მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე, რადგან მოსარჩელემ თანხის ჩარიცხვისასვე იცოდა, რომ თანხას რიცხავდა ი-----–ი ბ--–----–---–ის ანგარიშზე და მისი ანგარიში იყო შპს ,,ლ----- ა-----ს’’ მიერ მოსარჩელისთვის სასურველი ა-----მობილის შესაძენად აუქციონზე მონაწილეობისთვის აუცილებელი თანხა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს--–---ე ა------ეს და ნ-----ი კ--------ეს შორის ზეპირი შეთანხმების თანახმად, ნ-----ი კ--------ეს უნდა უზრუნველეყო ს--–---ე ა------ისათვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ელექტრონული აუქციონის გზით სასურველი ა-----მობილის -,,HUNDAY ELANTRA’’-ს ჩამოყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 24 აგვისტოს ს--–---ე ა------ემ მოპასუხე ი-----–ი ბ--–----–---–ის ანგარიშზე სწრაფი გადახდის აპარატის ,,თიბისი ფეი’’-ს მეშვეობით ჩარიცხა თანხა 399.58 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 16);
- ცნობა (ს.ფ. 17);
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.18)
- დისკი (ს.ფ.25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელესთან შეთანხმების საფუძველზე და მისთვის ა-----მობილის ჩამოყვანის მიზნით მოპასუხე ნ-----ი კ--------ეს და შპს ,,ლ----- ა------’’-ს შორის 2017 წლის 25 აგვისტოს დაიდო ავანსის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ-----ი კ--------ემ გადაიხადა ავანსი 400 აშშ დოლარი და დარჩენილი თანხა 4 950 აშშ დოლარის გადახდის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 28 აგვისტო.
ხელშეკრულების თანახმად ასევე განისაზღვრა, რომ ძირითადი თანხის გადაუხდელობისას ნ-----ი კ--------ე დაკარგავდა წინასწარ გადახდილ ავანსის თანხას და დამატებით გადასახდელი ექნებოდა ჯარიმა 300 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავანსის ხელშეკრულება (ს.ფ. 64);
- მოწმის ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. მხარეთა შეთანხმების თანახმად, შპს ,,ლ----- ა------’’-ს მიერ ელექტრონულ აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი ავანსის სახით მოთხოვნილი თანხა ს--–---ე ა------ეს უნდა ჩაერიცხა მოპასუხე ი-----–ი ბ--–----–---–ის ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. 2017 წლის 25 აგვისტოს შპს ,,ლ----- ა------’’-მ მიიღო მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში მოსარჩელისთვის სასურველი ა-----მობილის შეძენის მიზნით, თუმცა მათ ვერ უზრუნველყვეს აუქციონზე მოგებული ა-----მობილის საქართველოში ჩამოყვანა ს--–---ე ა------ის მიერ მისი დარჩენილი ღირებულების - 4 950 აშშ დოლარის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობა, მაშინ როცა მოპასუხეთა განმარტებით აღნიშნული წარმოადგენდა ელექტრონულ აუქციონზე მონაწილეობის მისაღებ აუცილებელ თანხას და აღნიშნულის თაობაზე იმთავითვე ინფორმირებული იყო ს--–---ე ა------ე. სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მოწმის ჩვენება. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყო ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.
სადავო გარემოებების შეფასების და დადგენის მიზნით, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ლ----- ა------’’-ს დირექტორმა გ------- მ-------–--მა დაადასტურა მასსა და ნ-----ი კ--------ეს შორის ავანსის ხელშეკრულების დადების ფაქტი. ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო კონკრეტულად ს--–---ე ა------ისთვის სურდა თუ არა ნ-----ი კ--------ეს ა-----მობილის შეძენა, მაგრამ მისთვის ცნობილი იყო, რომ შერჩეულ მოდელებს ნ-----ი კ--------ე უგზავნიდა სხვა პირს და მასთან ათანხმებდა სასურველ ა-----მობილს. ამასთანავე, მოწმის ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ მათ ნამდვილად მოიგეს აუქციონზე სასურველი ა-----მობილი, თუმცა ნ-----ი კ--------ემ აღარ გადაიხადა ა-----მობილის დანარჩენი ღირებულება. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო რომ იგი თანხის გადაუხდელობისას ვერ დააბრუნებდა მიღებული ავანსის თანხას, გარდა ამისა, მას დამატებით მოუწია უცხოურ კომპანიებთან ჯარიმის გადახდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს შპს ,,ლ----- ა------’’-მ მიიღო მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში მოსარჩელისთვის სასურველი ა-----მობილის შეძენის მიზნით, თუმცა მათ ვერ უზრუნველყვეს აუქციონზე მოგებული ა-----მობილის საქართველოში ჩამოყვანა ს--–---ე ა------ის მიერ მისი დარჩენილი ღირებულების - 4 950 აშშ დოლარის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ს--–---ე ა------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 709-ე, 976-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც უნდა იმსჯელოს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015)
ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს ს--–---ე ა------ემ მოპასუხე ი-----–ი ბ--–----–---–ის ანგარიშზე სწრაფი გადახდის აპარატის ,,თიბისი ფეი’’-ს მეშვეობით ჩარიცხა თანხა 399.58 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ ი-----–ი ბ--–----–---–ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მოსარჩელეს და ნ-----ი კ--------ეს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში. საქმის მასალებით ასევე დადგენილია მოსარჩელეს და ი-----–ი კ--------ეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, კერძოდ დადგენილია, რომ ს--–---ე ა------ეს და ნ-----ი კ--------ეს შორის ზეპირი შეთანხმების თანახმად, ნ-----ი კ--------ეს უნდა უზრუნველეყო ს--–---ე ა------ისათვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ელექტრონული აუქციონის გზით სასურველი ა-----მობილის -,,HUNDAY ELANTRA’’-ს ჩამოყვანა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია დავალების ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულები რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით. ამავე კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.
შესაბამისად, დავალების ხელშეკრულების მიმართ კანონმდებლობა წერილობითი ფორმის დაცვის აუცილებლობას არ ითვალისწინებს. თუმცა, მას განასხვავებს სხვა ხელშეკრულებებისგან სწორედ ის, რომ დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული მოქმედებს მარწმუნებლის სახელით და მისი ხარჯით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობაში შეფასებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ლ----- ა-----სთან’’ ავანსის ხელშეკრულების დადებისას, მოპასუხე ნ-----ი კ--------ე მოქმედებდა ს--–---ე ა------ის დავალებით, შესაბამისად, მისი სახელითა და ხარჯით. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელისთვის, როგორც მარწმუნებლისთვის, უცნობი იყო ავანსად გადასახდელი თანხის დანიშნულების შესახებ. ამასთან, საქმის მასალებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისთვის ა-----მობილის ჩამოყვანა, იმ პირობებში როდესაც თავადვე მიუთითებს, რომ უშუალოდ ა-----მობილის ღირებულება მის მიერ გადახდილი არ ყოფილა, შესაბამისად, მას არ გაუწევია დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯი, რომელიც მას წარმოუშობდა რწმუნებულისაგან შესრულების - ა-----მობილის გადაცემის მოთხოვნის უფლებამოსილებას.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, სახეზე არ გვაქვს, ამ ხელშეკრულების (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი) მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი გარემოება, კერძოდ, შემკვეთის მიერ მენარდისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელის მიერ თანხის გადახდა განხორციელებულია მხარეთა შორის არსებული დავალების ხელშეკრულების და მისი რწმუნებულის მიერ გაფორმებული ავანსის ხელშეკრულების ფარგლებში, შესაბამისად უსაფუძვლოა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ ნორმებზე მითითებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე ასევე გადახდილია 50 ლარი. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს--–---ე ა------ის სარჩელი მოპასუხეების ი-----–ი ბ--–----–---–ის და ნ-----ი კ--------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2.სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია