განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
330100117001888163
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----17

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - და-----–----–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ------------------------------–---ი (დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------- უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–--------------–----------------–------9), ამჟამად აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - ნ----------ნი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ( 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2017 წლის 04 იანვარს, ქ.თბილისში, ო.ქინქლაძის და თ-------–--ის ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ-----------–----- საღამოს საათებში, კ-----------------–-----ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა კ-----------------–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2017 წლის 04 იანვარს, ქ.თბილისში, ო.ქინქლაძის და თ-------–--ის ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ-----------–----- საღამოს საათებში, კ-----------------–-----ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა კ-----------------–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ზ----- თ---–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია ზ----- თ---–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

4.1. საქმის არსებით სხდომაზე დაზარალებულმა კ-----------------–-----მა განმარტა, რომ ბრალდებული ზ----- თ---–---ი მან გაიცნო საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, მომხდარ შემთხვევამდე დაახლოებით 2 თვით ადრე. 2017 წლის 04 იანვარს, მას დაურეკა თავისმა მეუღლემ გ----- ხ--–-------მა და უთხრა, რომ სატელეფონო საუბრისას ზ-----------–----- მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმავე დღის საღამოს კი უთხრა, რომ ბრალდებულს სურდა ენახა იგი, მასთან და ბე----------–-–---–თან ერთად. თავდაპირველად, ზ-----ი შეხვედრას ითხოვდა ვაგზლის მოედანზე, თუმცა მათ მაშინვე შეხვედრა ვერ მოახერხეს, რის გამოც შემდგომ თავის საცხოვრებელ სახლში დაიბარა. ისინი ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე წავიდნენ გ----- ხ--–-------ის “N---------E”-ის მარკის ავტომობილით, სადაც მისულებს თ---–---მა ანიშნა ცენტრალური გზიდან შესახვევში შესულიყვნენ, ხოლო ის პიროვნება, ვინც მასთან ერთად სიგარეტს ეწეოდა, მათი მისვლის შემდგომ წავიდა. მათ „მასპინძელს“ უკანა კარები გაუღეს, რომ დამჯდარიყო სალაპარაკოდ, რა დროსაც მან იკითხა, თუ სად იჯდა გ-----ს მეუღლე, პასუხის მიღების შემდეგ კი, მანქანას მეორე მხრიდან მოუარა, გამოაღო წინა კარების მარცხენა მხარე, სადაც დაზარალებული იჯდა და დაარტყა ორჯერ სახის არეში, ხოლო შემდეგ გადმოაგდო მანქანიდან და განაგრძო ცემა, რის გამოც იქვე მყოფი მეზობლები მიეშველნენ და ჩასვეს მანქანაში, ხოლო თ---–---ს აკავებდნენ და არ აძლევდნენ მანქანასთან მისვლის საშუალებას. კ-----------------–-----ი აღნიშნავდ, რომ თავად მისთვის არ დაურტყამს. ზ----- თ---–---ი მანქანას ურტყამდა ხელებს, ასევე ესმოდა ქალბატონის ყვირილი, რომელიც ამბობდა „ცემეთ, მოკალით, არ გაუშვათ, ცოცხალიო“. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, გ----- ხ--–-------მა ადგილზე გამოიძახა პატრული, თუმცა კარგად ვერ აუხსნა მისამართი, თუ სად იმყოფებოდნენ, ვითარება კი იყო დაძაბული, რის გამოც სწრაფად დატოვეს ტერიტორია. ამის შემდგომ, ისინი წავიდნენ პოლიციაში სხვა საქმეზე, რომელიც ეხებოდა ი----------ნში მათ ობიექტზე მომხდარი ქურდობის ფაქტს, რის გამოც პოლიციაში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მას სტკიოდა კისერი და ბეჭები.

 

4.2. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ----- ხ--–-------მა განმარტა, რომ არის სამშენებლო კომპანია „ჩ--------–ის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ხოლო ზ----- თ---–---ი არის მისი თანამშრომელი. აღნიშნულ კომპანიაში ზ----- თ---–---ი 2016 წლის ბოლოდან ასრულებდა სახურავის ხელოსნის ფუნქცია-მოვალეობებს. 2017 წლის იანვრის თვეში, მან ზ----- თ---–---ი სამ სხვა ხელოსანთან ერთად წაიყვანა კასპის რაიონის სოფელ მ-----ში სამუშაოდ. მისი წამოსვლიდან დაახლოებით ერთ საათში, მას დაურეკა ზ-----------–----- და უთხრა, რომ შუქი წავიდა, რის გამოც ვეღარ მუშაობდნენ. ამ დროს გ----- ხ--–-------ი იმყოფებოდა ი----------ნში, რადგან სხვა ობიექტზე მოიპარეს იარაღები, მისული იყვნენ გამომძიებლები და ვერ დატოვებდა მათ, ამიტომ თ---–---ს სთხოვა მეზობლებთან გაერკვია რამდენ ხანში მოვიდოდა ელექტროენერგია, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ელექტროენერგია უახლოეს დღეებში არ იქნებოდა, ხოლო თ---–---ის მოთხოვნაზე მოეძიებინა გენერატორი, მან უპასუხა, რომ გენერატორი ფირმას არ გააჩნდა. სატელეფონო საუბრისას, ბრალდებულმა მოწმის მისამართით დაიწყო ლანძღვა-გინება, რაზეც მოწმემ ერთ შემთხვევაში ასევე გინებით უპასუხა. ზ-----------–----- კი უთხრა, რომ დიდუბეში ნახავდა და დაელაპარაკებოდა. როგორც მოწმისთვის თ---–---ის გვერდით მყოფი თანამშრომლებისაგან გახდა ცნობილი, ზ. თ---–---ი ტელეფონზე საუბრისას იყო ნასვამ მდგომარეობაში. როდესაც იგი თბილისში ჩამოვიდა, მოწმე დაკითხვაზე იმყოფებოდა ი----------ნში მომხდარი სამუშაო იარაღის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ზ. თ---–---ი კვლავ ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა, ასევე სურდა, რომ თან წამოეყვანა მეუღლე და მათი კომპანიის საქმისმწარმოებელი ბე----------–-–---–ი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, თ---–---მა მას ბევრჯერ დაურეკა და ყოველ ჯერზე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკითხვის დასრულების შემდეგ, როდესაც მოწმე დაუკავშირდა ბრალდებულს, იგი უკვე სახლში იყო წასული, რის გამოც უთხრა მისამართი და გ----- ხ--–-------ი თეთრი ფერის „ნ----ის“ მარკის ავტომობილით მეუღლესთან და ბე----------–-–---–თან ერთად აღნიშნულ მისამართზე გაემართა. საჭესთან, მარჯვენა მხარეს თავად იჯდა, ასევე წინა მხარეს, მარცხნივ იჯდა მისი მეუღლე, ხოლო უკან ბე----------–-–---–ი. როდესაც მივიდნენ თ---–---მა ჰკითხა რომელი იყო მისი მეუღლე, რის შემდეგაც მივიდა მასთან, გააღო კარი, კისერში ხელი დაავლო და ბევრჯერ დაარტყა, მისკენაც წამოიწია, თუმცა დარტყმა ვერ მოახერხა, რადგან იქვე მყოფი ბიჭები და ბ--- თ---–---ის დაწყნარებასა და დაკავებას ცდილობდნენ. მოწმემ დარეკა პოლიციაში, თუმცა კარგად ვერ აუხსნა სად იმყოფებოდნენ, ხოლო იქ მყოფმა პირებმა ურჩიეს, რომ სწრაფად გაქცეულიყვნენ, რა დროსაც თ---–---მა მანქანას დაუწყო მუშტების დარტყმა, თუმცა, მაინც მოახერხეს იმ ადგილის დატოვება. როდესაც პატრულმა დაურეკა მან უთხრა, რომ ქარვასლასთან დახვდებოდა, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა ისინი დაკითხვაზე წაიყვანეს. მოწმე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინციდენტისას იგი იყო 2-3 თვის ფეხმძიმე. ამის შემდეგ, იგი თ---–---ს არ შეხვედრია და მასთან რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია.

 

4.3. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ბე----------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს სამშენებლო კომპანიაში „ჩ--------–ი“ მთავარი ინჟინერის პოზიციაზე. ზ----- თ---–---ის შესახებ კი იცის, რომ იგი კომპანიაში აყვანილი ჰყავდათ ერთ-ერთ ობიექტზე სახურავის გადასახურად. 2017 წლის 04 იანვარს, მას დაურეკა გ----- ხ--–-------მა და უთხრა, რომ მას ზ-----------–----- დაურეკა და აგინა, რაზეც ბე----------–-–---–მა განუცხადა, რომ შესაძლებელია, ეს გამოწვეული იყო იმ დღეს მათ მიერ მასალის მიუწოდებლობით. გ-----მ მოწმეს უთხრა, რომ თ---–---ს სურდა ენახა იგი თავის მეუღლესთან და მასთან ერთად, რის გამოც ზ----- თ---–---ის სახლში ის, გ-----სთან და მის მეუღლე კოტესთან ერთად წავიდა. მათ სურდათ გაერკვიათ რაში იყო საქმე, რაზე იყო ნაწყენი იგი ან რა სჭირდებოდათ. როდესაც ადგილზე მივიდნენ, ზ----- თ---–---ი ერთ პიროვნებასთან ერთად სიგარეტს ეწეოდა, რომელიც შემდგომ წავიდა, ხოლო მან ხელით ანიშნა მისულებს მისკენ წასულიყვნენ მანქანით. მოწმემ მას მანქანის უკანა კარები გაუღო, რომ დამჯდარიყო და ელაპარაკათ, თუმცა, თ---–---მა იკითხა, სად იჯდა გ-----ს მეუღლე, რისი გაგების შემდეგაც, შემოუარა მანქანას, გამოაღო წინა კარები, სადაც ქალბატონის მეუღლე იჯდა და სახეში ჩაარტყა კ-----------------–-----ს. მოწმე ზუსტად ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენჯერ დაარტყა მას თ---–---მა, თუმცა, დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ ეს იყო ერთზე მეტი დარტყმა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული მანქანიდან გადმოვარდა და ჩაიკეცა. აღნიშნულის შემდეგ იქვე მყოფი ხალხიც მივიდა მათთან და სცადეს გაშველებით სიტუაციის განმუხტვა, თან ეუბნებოდნენ, რომ წასულიყვნენ. თავად მოწმემაც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ბრალდებულს ხელი დაუჭირა და აკავებდა, რა დროსაც მიხვდა, რომ თ---–---ი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გ----- ხ--–-------მა დარეკა პოლიციაში, რის შემდგომაც იქაურობა დატოვეს. აღნიშნულის შემდეგ, ზ----- თ---–---ს იგი არ შეხვედრია, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც თ---–---მა დაურეკა, ესაუბრა მას მომხდარზე და უთხრა, რომ საჩხუბრად არ უნდა დაებარებინა და თუ რამე პრეტენზია ჰქონდა, ჩხუბის გარეშე უნდა გამოეხატა.

 

4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე დ--------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 04 იანვარს აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება ი-----–--------–---–ის მიერ, ხოლო მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებში: მოწმის სახით მათი ნების შესაბამისად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამოკითხა გ----- ხ--–-------ი, კ-----------------–-----ი და ბე----------–-–---–ი დიდუბე-ჩუღურეთის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მუშაობდა იმ დროისათვის. მან, ასევე, ბრალდებულს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე ი-----–--------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 04 იანვარს მან დაიწყო გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულის მიმართ იმ დღესვე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და გააგზავნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხოლო სხვა მონაწილეობა მას აღნიშნულ საქმეზე არ აქვს მიღებული.

 

4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე ი-------------ემ განმარტა, რომ 2005 წლიდან ზ----- თ---–---თან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. იგი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე არის ხელოსანი და იმ პერიოდისთვის მუშაობდა ქალბატონთან ასევე ხელოსნად, თუმცა, მისი ვინაობა არ იცის. იცის, რომ ქალბატონი არ იხდიდა ხოლმე თანხას, ჰქონდათ სატელეფონო კონტაქტები, თუმცა ამის გამო გაღიზიანებული მისი მეუღლე არ ყოფილა. 2016 წლის 04 იანვარს, მათთან გაისმა ზარის ხმა, რა დროსაც ზ----- თ---–---ს ვიღაც აგრესიულად ესაუბრებოდა და სთხოვდა დიდუბეში მისულიყო, შემდეგ სთხოვა გადასასვლელ ხიდთან შეხვედროდა, ანუ ურეკავდა ბევრჯერ, რაზეც მისმა მეუღლემ რამდენჯერმე უთხრა უარი, ბოლოს კი, დაახლოებით 20:00 საათზე, ხმამაღალი ლაპარაკით გავიდა გარეთ, რაც მოწმისათვის უჩვეულო იყო, რადგან მეუღლე ასე აღელვებით არავის ელაპარაკებოდა ხოლმე. მან თავის მცირეწლოვან შვილს (იმ დროისათვის ბავშვი 3 წლისაც არ იქნებოდა) ხელი მოჰკიდა და მეუღლეს მაშინვე გარეთ გაჰყვა, რა დროსაც დაინახა, რომ თ---–---მა ღია ფერის მანქანას მიუთითა იქვე გაჩერებულიყო, სადაც იჯდა 3 პიროვნება. მოწმე დაახლოებით 3-4 ნაბიჯის მანძილზე გაჩერდა, რადგან მამაკაცების საუბარში არ ჩარეულიყო, რა დროსაც დაინახა, რომ მანქანის კარი გაიღო და იქიდან გადმოსულმა მამაკაცმა პირდაპირ, მათ შორის ყოველგვარი საუბრის გარეშე, მის მეუღლეს სახის არეში ჩაარტყა, რის შედეგადაც ზ-----ს ცხვირიდან სისხლი წასკდა. ასევე, მანქანიდან გადმოხტა ქალბატონი, რომელმაც მოუარა მანქანას და ზ-----ს უკნიდან დაარტყა. იგი ასევე იგინებოდა, იფურთხებოდა და გამოიძახა პოლიცია. აღნიშნულზე მათმა შვილმა დაიწყო განწირული ყვირილი, იქვე არსებულ მაღაზიასთან მყოფმა ნასვამმა მოქალაქეებმა, დაახლოებით 5-6-მა ბიჭმა, რომლებიც როგორც მისთვის, ასევე მისი მეუღლისთვის უცნობი პიროვნებები იყვნენ, გააშველეს ისინი, ხოლო მან თავისი შვილი შეასვა ზურგზე თ---–---ს, რომ დაეწყნარებინა და იგი ჩხუბიდან ბავშვის ყვირილზე გამოსული მეზობლების დახმარებით გამოიყვანა. აღნიშნულის შემდეგ, გამომძიებელმა დ--------------ემ მოწმე შემთხვევის ადგილზე მყოფ ორ ქალბატონთან ერთად დაიბარა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე, სადაც ზეპირსიტყვიერად აღწერეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც გამომძიებელმა მათი მონათხრობი ტელეფონით გადასცა სხვა პირს, შემდეგ კი დაბარებულ ქალბატონებს კი ბოდიში მოუხადა, რომ დაღალა ბავშვი, რომელიც მოწმეს კვლავ ახლდა და უთხრა, რომ ამ ეტაპზე მეტი არაფერი იყო საჭირო. მოწმე აღნიშნავს, რომ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დაუკავშირდა თავის დეიდაშვილს, რომელიც თ---–---ს გაინე ხ--–-------თან მუშაობის დაწყებაში დაეხმარა და უსაყვედურა, თუ რატომ შესთავაზა მათ ასეთ არაკეთილსინდისიერ გადამხდელებთან და დამსაქმებლებთან მუშაობა. როგორც მან იცის, მის მეუღლეს შემდგომში მისცეს კუთვნილი ანაზღაურება.

 

4.7. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე მა-----------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ.თბილისი, თ-------–--ის ქუჩა N4-ში იტალიური ტიპის ეზოში, ხოლო ზ----- თ---–---ი აღნიშნულ საცხოვრებელში მისი მეზობელია. თბილისში მათ დაახლოებით 12 წლიანი მეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ, რა დროსაც იგი ხასიათდებოდა როგორც მშვიდობისმოყვარული, წყნარი მეზობელი და მისგან არც ფხიზელ, არც ნასვამ მდგომარეობაში რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას არ შესწრებია. 2016 წლის 04 იანვარს, სახლში ყოფნისას გაიგონა ისტერიკული წივილ-კივილი, რის გამოც გავიდა გარეთ და დაინახა ზ----- თ---–---ი, რომელსაც სახეზე სისხლი მოსდიოდა. მან თავისი შვილი მარიამი, რომელიც ძალიან ტიროდა, ხელში აიყვანა და სახლში შეიყვანა. მოწმე აღნიშნავს, რომ იგი გაურკვევლობაში იყო და ვერ გაიგო რა ხდებოდა, რის გამოც თ---–---ის მეუღლეს ჰკითხა, თუ რა ხდებოდა მათთან, რაზეც მან უპასუხა, რომ სახლში მიუვარდნენ და ჯერ თავადაც ვერ გარკვეულიყო რაში იყო საქმე. მოწმემ დაინახა, რომ მეორე მხარეს იდგა მანქანა და ქალბატონი, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა და ესაუბრებოდა სხვა პირს, რომელსაც სთხოვდა მალე მოსულიყვნენ, იქ ასევე იდგნენ მისთვის უცნობი კაცები და ვერ გაარკვია ვინ ვის ურტყამდა, მხოლოდ გაიგო, რომ ამბობდნენ „როგორ უნდა უბანში მოვარდნა, ამას გასწავლითო“. აღნიშნული ჩხუბის დროს ზ----- თ---–---ი უკვე სახლში იმყოფებოდა. მოწმე აღნიშნავს, რომ იგი იმყოფებოდა დაკითხვაზე კუკიის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში, სადაც გამომძიებელ დაჩისთან ისაუბრა იმის შესახებ რაც დაინახა. გამომძიებელმა ტელეფონზე დაიწყო ხმამაღალი საუბარი, სადაც მოსაუბრეს გადასცემდა მის მიერ მოყოლილს, შემდეგ კი მოუხადა ბოდიში, რომ ამ ეტაპზე არ მოხდებოდა მათი დაკითხვა, მათი ჩვენებაც არსად არ დაუფიქსირებია, დაჰპირდა, რომ სახლში მივიდოდა, მაგრამ მის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

 

4.8. საქმის არსებით სხდომაზე მოწმე ფ-------–-----–---მა განმარტა, რომ 2017 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, გაიგონა ბავშვის კივილი, რის გამოც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ სისხლიან ზ----- თ---–---ს ბავშვი ჰყავდა შემოხვეული და სახლისკენ მიდიოდა. მან თ---–---ს ჰკითხა თუ რა სჭირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია, რის გამოც გავიდა ჭიშკრის გარეთ, სადაც იმყოფებოდა ზ----- თ---–---ის მეუღლე ირინა. მასაც ჰკითხა თუ რაში იყო საქმე, რაზეც მან უპასუხა, რომ ზ-----ს მიუვარდნენ. მან ასევე დაინახა, რომ ჭიშკრის გარეთ იყო ხალხმრავლობა და ხმაური, თუმცა, აღარ უცდია გაერკვია რა ხდებოდა და სახლში შებრუნდა. მომხდარის შესახებ მას ზეპირსიტყვიერად გამოჰკითხა გამომძიებელმა დ--------------ემ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში, შემდგომ კი ტელეფონზე ისაუბრა, დაბარებულ მოწმეებს უთხრა, რომ ამ ეტაპზე აღარ იყვნენ საჭირო და წაიყვანა სახლში. მოწმე აღნიშნავს, რომ ზ----- თ---–---ს იცნობს ბავშობიდან და ახასიათებს როგორც დადებით პიროვნებას, ხშირად ჰქონია მასთან ურთიერთობა და კარგად იცნობს. იგი ასევე, აღნიშნავს, რომ, მართალია, იკეთებს ქიმიოთერაპიას, რის გამოც აქვს ხოლმე სისუსტე, მაგრამ ეს მის მახსოვრობაზე არ მოქმედებს.

 

4.9. ბრალდებულმა ზ-----------–----- სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბრის თვის მეორე ნახევარში, მას დაურეკა მეუღლის ახლობელმა და უთხრა, რომ იყო სამუშაო კასპის რაიონში, სოფელ მ-----ში, რის შემდეგაც მას დაუკავშირდა გ----- ხ--–-------ი, რომელსაც აღნიშნული სამუშაოსთვის უნდა ეხელმძღვანელა და ობიექტის ნახვის შემდეგ მოილაპარაკეს სამუშაო პირობებზე. გ----- ხალხატი კმაყოფილი იყო მათი მუშაობის სისწრაფით, თუმცა, 4 დღის შემდეგ დაიწყო მათი მოტყუება და დროულად არ ამარაგებდა მასალით. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების დროს მსგავსი შემთხვევები ხდება, იგი არ ღიზიანდებოდა, პირიქით, აწყნარებდა ხოლმე თავის მეწყვილეებს. 2017 წლის 04 იანვარს, როდესაც მივიდნენ ობიექტზე, მან ნახა, რომ კვლავ არ იყო საკმარისი მასალა მოტანილი, რის გამოც დაურეკა გ-----ს, მან კი უპასუხა, რომ დაეწყოთ მუშაობა და იმ დღესვე ჩაუტანდა მასალას. მუშაობის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ წავიდა შუქი, რის გამოც, მას კვლავ მოუწია ხ--–-------თან დარეკვა, რაზეც მისგან მიიღო დაპირება, რომ ჩაუტანდა ე.წ. „დვიჟოკს“. როდესაც დაბნელდა და გ----- არ გამოჩნდა, დაახლოებით 18:00-19:00 საათზე წამოვიდნენ ობიექტიდან, მან კვლავ დაურეკა ხ--–-------ს, რა დროსაც ტელეფონიდან ქალბატონმა ბრალდებულის მისამართით დაიწყო უწმაწური სიტყვების გამოყენება და დაიბარა ჯერ დიდუბეში, შემდეგ ვაგზლის მოედანზე, მაგრამ არცერთ ჯერზე არ მისულა. მოგვიანებით, ხ--–-------მა თავად დაურეკა და უთხრა ვაგზლის მოედნის გადასასვლელ ხიდთან მისულიყო, თუმცა, მოწმემ მას განუცხადა, რომ მისი სიტყვების აღარ სჯეროდა და უკვე სახლში იყო, ხოლო თუ მისი ნახვის სურვილი ჰქონდა, მისულიყო მასთან სახლში. მოგვიანებით, იგი მივიდა კიდეც ბრალდებულის სახლთან. როდესაც გარეთ გამოვიდა, მისმა მეუღლემ იგრძნო, რომ დაძაბული ვითარება იყო და ბავშვთან ერთად უკან გაჰყვა. მანქანიდან გადმოვიდა ხ--–-------ის მეუღლე, რომელმაც ბრალდებულს მიმართა - “ვის აგინებო“, დაარტყა ხელი და ატეხა ჩხუბი, მას შეუერთდა გ-----ც და მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა. თავად თ---–---მა ჩხუბის დროს, მართალია, ხელი მოიქნია მათ მოსაშორებლად, თუმცა, ვერ მოასწრო დარტყმა, რადგან თავისმა შვილმა დაიწყო ყვირილი, ხოლო მეუღლემ ბავშვი შეაჩეჩა და იგი სიტუაციას გამოარიდეს. როგორც მეორე დღეს გაიგო, ხ--–-------ის მეუღლეს იქვე არსებულ მაღაზიასთან მყოფ მთვრალ მოქალაქეებთანაც მოსვლია ჩხუბი. მეორე დღეს ასევე, დაურეკა გ-----ს მეუღლემ და უთხრა, რომ მასზე დაწერა საჩივარი პოლიციაში, რის შედეგადაც მომდევნო დღეს დაიბარეს პოლიციაში, სადაც ისაუბრა მომხდარი შემთხვევის შესახებ. გამომძიებელმა მას უთხრა, რომ არ დაეწერა ხ--–-------ის მეუღლეს სხვა პირებთანაც რომ მოუვიდა ჩხუბი, რადგან იგი „ცუდად“ ჩაეთვლებოდა. გამომძიებელმა ასევე, ახსენა, რომ ქალბატონთან საუბარში მათ საერთო ნაცნობიც აღმოაჩინეს. ბრალდებული თვლის, რომ გამომძიებელმა იგი მოატყუა და აღნიშნავს, რომ პოლიციაში მიცემული ჩვენება მას არ აქვს წაკითხული, თუმცა მოაწერა ხელი. ბრალდებული ასევე აღნიშნავს, რომ მისგან რაიმე სახის მუქარას არც მანამდე და არც ჩხუბის შემდგომ ხ--–-------ისა და დაზარალებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია.

 

4.10. 2017 წლის 27 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: კ-----------------–-----ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

4.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.13. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.14. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.15. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ზ----- თ---–---ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ ცემა წარმოადგენს ძალადობის სახეს, რა დროსაც დაზარალებულის სხეულზე პირი ახორციელებს რამდენიმე დარტყმას, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის ფიზიკურ ტკივილს, ამასთან მას არ მოჰყვება 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ კი, ცემა გამოიხატება ძალადობის მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

5.6. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად, თუკი არსებობს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.

5.7. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.8. სასამართლო ბრალდებულ ზ----- თ---–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, როგორც დაზარალებულ კ-----------------–-----ის ჩვენებით დგინდება, ბრალდებულმა ზ-----------–----- მას დაარტყა ორჯერ სახის არეში, ხოლო შემდეგ გადმოაგდო მანქანიდან და იქ განაგრძო ცემა, რის გამოც იქვე მყოფი მეზობლები მიეშველენ და ჩასვეს მანქანაში, ხოლო თ---–---ს აკავებდნენ და არ აძლევდნენ მანქანასთან მისვლის საშუალებას. დაზარალებულის აღნიშნული ჩვენება გამყარებულია ასევე, თვითმხილველი მოწმეების - გ----- ხ--–-------ისა და ბე----------–-–---–ის ჩვენებებიც, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ დაზარალებულ კ-----------------–-----ს ბრალდებულმა ზ-----------–----- სახეში ჩაარტყა და რომ ეს იყო ერთზე მეტი დარტყმა სახის არეში. აღნიშნული ჩვენებები ასევე, დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, რომელთა ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ დადგენილად მივიჩნიოთ, ზ----- თ---–---ის მიერ კ-----------------–-----ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ----- თ---–---ის მიერ განხორციელებულ დარტყმებს არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რასაც ადასტურებს 2017 წლის 27 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის მიხედვით, კ-----------------–-----ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში სისხლნაჟღენთი, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

5.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ცემად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი. აქედან გამომდინარე, მხედველობაშია მისაღები დაზარალებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მასზე განხორციელებული დარტყმებით მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, კერძოდ, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მას სტკიოდა კისერი და ბეჭები.

5.11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ.

5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

5.13. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ზ----- თ---–---ის ჩვენება, ასევე დაცვის მხარის მოწმეთა - ფ-------–-----–---ის, ი-------------ისა და მა-----------ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო ბრალდებულისა და მისი მეუღლის - ი-------------ის ჩვენება არათანმიმდევრულია, არასარწმუნო და დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ ყველა მტკიცებულებას, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებებს, ასევე 2017 წლის 27 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულის მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. რაც შეეხება მა-----------ისა და ფ-------–-----–---ის ჩვენებებს, როგორც მათ მიერ სასამართლოზე მიცემული ინფრომაციიდან ირკვევა, ისინი ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ ყოფილან, არამედ ქუჩაში განვითარებულ მოვლენებს ისინი მოგვიანებით შეესწრნენ. შესაბამისად, სასამართლო ვერც მათ ჩვენებებს გაიზიარებს და დაეყრდნობა განაჩენის დადგენისას.

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ-----------–----- ჩაიდინა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. ზ----- თ---–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’ სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

7.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

7.8. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.

7.9. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

7.10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

 

7.11. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), ბრალდებულის კანონის შესაბამისი ქცევა სასამართლოში გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, თუმცა, ასევე, მხედველობაშია მისაღები დაზარალებულის პოზიცია (ითხოვს კანონის შესაბამისად დასჯას), რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

7.12. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----- თ---–---ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში - კერძოდ, ჯარიმა.

 

7.13. ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით კი, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებას, ქმედების ხასიათს, ასევე, თავად მის პოზიციას და გამომდინარე აქედან, აღნიშნული სასჯელის ოდენობა არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----- თ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ----- თ---–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. მსჯავრდებულ ზ----- თ---–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

3. მსჯავრდებულ ზ----- თ---–---ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე