გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/643-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - ლ-----------ე
წარმომადგენელი - ბ--------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი
წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ----------------ე
მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
მესამე პირები - ნ------------ე, ი-------------–---–ი
წარმომადგენელი - ბ--------------–---–ი
მესამე პირი - ლ-----------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის N2------- განკარგულება ლ-----------ის ნაწილში, სადაც იგი მითითებულია, როგორც ლ-----------ის ოჯახის წევრი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლ-----------ეს შორის 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის ის ნაწილი, სადაც ლ-----------ე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ლ-----------ე მისთვის გადაცემული ქონებიდან საცხოვრებელი ფართით;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 იანვრის N0------------ გადაწყვეტილება;
1.4. დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ლ-----------ის გორი, კ-----–-------------–-----------–--ა N179-ე კოტეჯში რეგისტრაციის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები, იხ.: ს.ფ. 195).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.3. მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირების - ნ------------ის და ი-------------–---–ის წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3.2. მესამე პირი - ლ-----------ე ასევე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ლ-----------ე (პ/ნ 5----------) არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (სარეგისტრაციო N0--------).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 14).
4.1.2. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის №2------- განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისთვის (ოჯახის უფროსებისთვის) საკუთრებაში გადაცემა.
აღნიშნული განკარგულების დანართში მითითებული იყო: შ------------–-----------------------------–--ა, ბ----------–---–---–---------, ფართით: 49.40 კვ.მეტრი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად ოჯახისთვის - ლ-----------ისთვის, ი-------------–---–ისთვის, ლ-----------ისა და ნ------------ისთვის გადაცემის ფაქტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის №2------- განკარგულება (ს.ფ. 201-203).
4.1.3. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის №2------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წელს, ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორეს მხრივ, ლ-----------ეს (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლ-----------ეს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: შ------------–-----------------------------–--ა, ბ----------–---–---–---------, ფართით: 49.40 კვ.მეტრი.
აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ლ-----------ემ აიღო ვალდებულება ი-------------–---–ი, ლ-----------ე და ნ------------ე უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში.
აღნიშნული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველს და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილ პირებს არ გააჩნდათ საკუთრებაში რაიმე უძრავი ქონება, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.
აღნიშნული ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებოდნენ უფლებამოსილნი მოეთხოვათ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა.
აღნიშნული ხელშეკრულების 2.5. პუნქტით დადგინდა ლ-----------ის ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ, მისი ვალდებულება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ საცხოვრებელი პირობებით.
აღნიშნული ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
აღნიშნული ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების, გარდა ამ ხელშეკრულების 2.3. და 2.4. პუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა, შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 171-173).
4.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 9 იანვარს ლ-----------ემ №9----- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა, მისი როგორც მამის ოჯახის წევრის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ფაქტის გაუქმება და მისი ჩაწერა პაპამისისთვის გადაცემულ N179 კოტეჯში და შემდგომში ამავე კოტეჯის მის სახელზე დაკანონება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 9 იანვარს №9----- განცხადება (ს.ფ. 21-23).
4.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 იანვრის №0------------ გადაწყვეტილებით ლ-----------ეს ეცნობა, რომ მას და მის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი ბ----------–---–---–-------------ში. შესაბამისად, განმარტებულ იქნა, რომ სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დამატებით განეხილა, ლ-----------ის განცხადებაში დასმული საკითხი, კ-----–-------------–-----------–--აში არსებული საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 იანვრის №0------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 24).
4.1.6. საქმეში წარმოდგენილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ--------------------------–---------ოს 2011 წლის 10 თებერვლის N1 ცნობის მიხედვით, მ-----–-------ე 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---–--ში და მისი ოჯახი შედგებოდა ორი წევრისაგან, მეორე ოჯახის წევრს წარმოადგენდა - ლ-----------ე. ამავე გამგეობის ქ-------ის თვითმართველი ერთეულის 2017 წლის 9 იანვრის N01 ცნობით დასტურდება, რომ ლ-----------ე (დაბ.: 2---------წ. პ/ნ 5----------) და მისი პაპა - მ-----–-------ე (დაბ.:0---------წ. პ/ნ 5----------) მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---–--ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერთ ოჯახად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ--------------------------–---------ოს 2011 წლის 10 თებერვლის N1 ცნობა (ს.ფ. 105);
- ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ-------ის თვითმართველი ერთეულის 2017 წლის 9 იანვრის N01 ცნობა (ს.ფ. 104).
4.1.7. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის N3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (გარდა დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა და რეპატრიაციის მიმართულებისა) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/643-17, მოსარჩელე - ლ-----------ე, მოპასუხეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; საქართველოს პრეზიდენტი; მესამე პირები - ნ------------ე, ი-------------–---–ი, ლ-----------ე; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება (ს.ფ. 294-296).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია); ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია’’; საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამა’’; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ხოლო ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის N2------- განკარგულება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 იანვრის N0------------ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხოლო 2012 წელს, ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორეს მხრივ, ლ-----------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად − დევნილად (შემდგომ − დევნილი) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
დადგენილია, რომ ლ-----------ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი დევნილი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
7.3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის და პირდაპირი მიყიდვის კონკურენტული შერჩევის ფორმებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით. მითითებული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის N2------- განკარგულების თანახმად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონება, მდებარე: შ------------–-----------------------------–--ა, ბ----------–---–---–---------, ფართით: 49.40 კვ.მეტრი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა ლ-----------ეს და მის ოჯახს - ი-------------–---–ს, ნ------------ესა და ლ-----------ეს.
დადგენილია ასევე, რომ სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის №2------- განკარგულების საფუძველზე, 2012 წელს, ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორეს მხრივ, ლ-----------ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლ-----------ეს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: შ------------–-----------------------------–--ა, ბ----------–---–---–---------, ფართით: 49.40 კვ.მეტრი.
7.4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-V თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს. ამავე განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულებაზე, რომლითაც დამტკიცებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას, სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებასა და დაუცველი დევნილების სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებას ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, ვიდრე შესაძლებელი გახდება მათი დაბრუნება.
მითითებული განკარგულების 2.2 პუნქტის მიხედვით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ღონისძიებები მოიცავს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების საცხოვრებელ ბინებად დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემას, ცარიელი შენობების რეაბილიტაციას, რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა განსახლებასა და საკუთრებაში გადაცემას, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილთა განსახლებასა და საკუთრებაში გადაცემას, ასევე დევნილთა განსახლებას გამოსყიდულ ან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებში სოფლად. 2.1.2. პუნქტში კი მითითებული იქნა, რომ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტები, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას ან შეუძლებელია საცხოვრებლად მოეწყოს, ან მისი საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნა განსახლების სხვა ალტერნატივებთან შედარებით საგრძნობლად ძვირია, ან წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ან აქვს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა (სტრატეგიული ობიექტი), დაიხურება/დაიცლება (ე.ი. არ იქნება რეგისტრირებული და ასევე გამოყენებული, როგორც დევნილთა განსახლების ობიექტი) და მიზანშეწონილობის მიხედვით დაიბრუნებს პირვანდელ ფუნქციას, დაინგრევა ან გასხვისდება.
7.5. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რებილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის ორგანოს, რომელიც „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ‘’ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1–1/1415 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად ახდენდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორებისას ხელთ უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტში რეალურად მცხოვრები დევნილების და მათი ოჯახის შემადგენლობის შესახებ და დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უნდა ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით და დაყრდნობოდნენ მას. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არ არსებობდა, შესაბამისად დაუდგენელია რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მიჩნეული მოსარჩელე პრივატიზებულ ფართში მცხოვრებ პირად და ლ-----------ის ოჯახის წევრად, მით უფრო იმ პირობებში, როცა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ--------------------------–---------ოს 2011 წლის 10 თებერვლის N1 ცნობისა და ამავე გამგეობის ქ-------ის თვითმართველი ერთეულის 2017 წლის 9 იანვრის N01 ცნობის თანახმად, ლ-----------ე (დაბ.: 2---------წ. პ/ნ 5----------) და მისი პაპა - მ-----–-------ე (დაბ.:0---------წ. პ/ნ 5----------) მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის სოფ.ძ---–--ში 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერთ ოჯახად.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლ-----------ეს შორის 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ-----------ის ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებას და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე, 66-ე, 70-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ლ-----------ის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის N2------- განკარგულება, ვინაიდან, მის მიზანს წარმოადგენდა სწორედ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა და მის საფუძველზე ხელშეკრულებით დადების გზით ამ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
7.7. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავი მხრივ, სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-----------ემ 2017 წლის 9 იანვარს №9----- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა, მისი როგორც მამის ოჯახის წევრის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ფაქტის გაუქმება და მისი ჩაწერა პაპამისისთვის გადაცემულ N179 კოტეჯში და შემდგომში ამავე კოტეჯის მის სახელზე დაკანონება.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 იანვრის №0------------ გადაწყვეტილებით ლ-----------ეს ეცნობა, რომ მას და მის ოჯახს, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი ბ----------–---–---–-------------ში. შესაბამისად, განმარტებულ იქნა, რომ სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დამატებით განეხილა, ლ-----------ის განცხადებაში დასმული საკითხი, კ-----–-------------–-----------–--აში არსებული საცხოვრებელი ფართის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ დასტურდება, რომ ლ-----------ისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ითვალისწინებდა არა მხოლოდ ლ-----------ისთვის, ი-------------–---–ისთვის და ნ------------ისთვის, არამედ მისთვისაც ფართის გადაცემას. ამასთან, ხელშეკრულებაშივე მითითებულია, რომ ხელშეკრულება შედგენილი იქნა ერთ ეგზემპლარად და იგი მხარეებს არ გადასცემიათ. ამდენად, ვარაუდი, რომ მოსარჩელს უნდა სცოდნოდა სადავო ხელშეკრულების თაობაზე, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, დგინდება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის N2------- განკარგულება, რომლის შესაბამისადაც იქნა გაფორმებული ხელშეკრულება, მოსარჩელეს არ ჩაბარებია.
7.8. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, სასამართლოს კონტროლის პირობებში, ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 იანვრის N0------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
7.9. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის N2------- განკარგულება ლ-----------ის ნაწილში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლ-----------ეს შორის 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ-----------ის ნაწილში, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 იანვრის N0------------ გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ბათილად ცნობილი და დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ლ-----------ის გორი, კ-----–-------------–-----------–--ა N179-ე კოტეჯში რეგისტრაციის შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელე - ლ-----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 251, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 ივნისის N2------- განკარგულება ლ-----------ის ნაწილში, სადაც იგი მითითებულია, როგორც ლ-----------ის ოჯახის წევრი;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლ-----------ეს შორის 2012 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის ის ნაწილი, სადაც ლ-----------ე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ლ-----------ე მისთვის გადაცემული ქონებიდან საცხოვრებელი ფართით;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 იანვრის N0----------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;
5. მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელე - ლ-----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე