განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
A
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ----– რ------- ძე კ--------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1--- წლის 3------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- სოფელი ფ-------–-- ბ------ს ქუჩა #4-ში
ადვოკატი - ნ------- ი--–---–ი, ე-–--------- ჯ---------,თარჯიმანი - ვ-----–- მ----------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, სოფელ ფ-------–-–-- ბ------ს ქ.#4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ----– კ--------მა ჯერ მამის - რ----- კ--------ის, ხოლო შემდეგ დედის ე-–----- კ--------ას მიმართ განახორციელა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მშობლებს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში.
1.2.ფიზიკური ძალადობის შედეგად ე-–----- კ--------ამ და რ----- კ--------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე. საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, ისევე როგორც წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ბრალდებულმა სრული მოცულობით აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და დაეთანხმა მის მამხილებელ ყველა მტკიცებულებას.
2.2.სასამართლოს დასკვნა კ----– კ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ე-–----- კ--------ას, რ----- კ--------ის და მოწმე - ნ---------------- გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო დოკუმენტაციას და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია კ----– კ--------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ძალადობას გარდა დაზარალებულების გამოკითხვის ოქმისა, ადასტურებს სამედიცინო დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დგინდება, რომ ე-–----- კ--------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ორივე ზემო კიდურის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით რ----- კ--------ს მარჯვენა მტევნის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება - ნაჭდევის სახით. ორივე შემთხვევაში დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ოჯახური ძალადობა სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია დანაშაულის სტრუქტურულ აღწერილობასთან, მან ეტაპობრივად განახორციელა ყველა ის ქმედება, რაც იწვევს სისხლისამართლებრივ გასაკიცხაობას. რაც შეეხება ბრალდებულ კ----– კ--------ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ჩადენილი ორი პირის მიმართ, აღნიშნულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას ქმნის ის ფაქტი, რომ მოძალადემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედ-მამას ე-–----- კ--------ას და რ----- კ--------ს.
3.3.პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ----– კ--------მა, 2018 წლის 15 ივლისს ფიზიკურად იძალადა მშობლებზე - ე-–----- კ--------ასა და რ----- კ--------ზე. ძალადობის შედეგად ორივე მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირების მიმართ, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლებიან ბრალდებულის ოჯახის წევრად.
3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.6. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთანხვედრი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა კ----– კ--------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. კ----– კ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი და დაზიანებათა სიმრავლე.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის დამძიმების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ არნახულ სისასტიკეს მიაღწია (ამონარიდი დაზარალებულ რ----- კ--------ის გამოკითხვის ოქმიდან ,,...როცა მიწის ზედაპირზე ვიწექი კ----–მა რამდენჯერმე დამარტყა მუშტი სახის და ტანის არეში, რა დროსაც განვიცადე ფიზიკური ტკივილი. .. გამოეკიდა ჩემს მეუღლეს, რომელიც გაიქცა ჭიშკრისკენ, სადაც მას დაეწია კ----–ი და დავინახე რომ ისიც წააქცია მიწის ზედაპირზე და დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კონკრეტულად წაქცეულს გამეტებით ურტყამდა მუშტებს თავისა და ტანის არეში...“). სასამართლო განსაკუთრებულ ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზეც, რომ მოძალადის განზრახვა იყო დანაშაული დარჩენილიყო ლატენტური, მას შემდეგ რაც კ----– კ--------მა მამის რ----- კ--------ისგან შეიტყო, რომ იგი პოლიციის განყოფილებაში მიდიოდა, ამ ფაქტმა იგი კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა და ძალადობით შეეცადა მსხვერპლისთვის - რ----- კ--------ისთვის ხელი შეეშალა ოჯახურ კონფლიქტში პოლიცია ჩაერთო (ამონარიდი მსხვერპლის რ----- კ--------ის გამოკითხვის ოქმიდან ,,...გადავწყვიტე წავსულიყავი სამართალდამცავ ორგანოში და მეთხოვა მათი დახმარება, რადგან იყო იმის დიდი საშიშროება, რომ კ----–ი ფიზიკურად გაგვისწორდებოდა და შესაძლებელია დაეწვა საცხოვრებელი სახლი. მე ვუთხარი კ----–ს, რომ მივდიოდი პოლიციაში, შევაქციე ზურგი და გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი ჩემი კუთვნილი ავტომანქანის მიმართულებით. ამ დროს მოულოდნელად ვიგრძენი, რომ კ----–მა უკნიდან ლურჯი ფერის მოკლემკლავიან მაისურზე ჩამავლო ხელი ძლიერად, ფიზიკური ძალის გამოყენებით დამაგდო ტალახიან მიწის ზედაპირზე, შემდეგ კი ზემოდან მომექცა და ყელზე მომიჭირა ორივე ხელი, რითაც ცდილობდა ჩემს გაგუდვას, თუმცა მას შეძლებისდაგვარად გავუწიე წინააღმდეგობა და არ მივეცი ამის საშუალება“). სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს ასევე დაზარალებულ ე-–----- კ--------ას გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მსხვერპლი შიშობს, რომ კ----– კ--------ი გათავისუფლების შემთხვევაში სიცოცხლეს მოუსპობს მას და მის მეუღლეს, გადაწვავს საცხოვრებელ სახლს. ანალოგიური ინფორმაციის შემცველია რ----- კ--------ის გამოკითხვის ოქმიც. სასამართლომ ჩათვალა, რომ დაზარალებულების მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული საფრთხეები მხედველობაშია მისაღები სასჯელის განსაზღვრის დროს.
5.3.რაც შეეხება საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს – კ----– კ--------ის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობასა და მის მიერ ბრალის აღიარებას, მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვას მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით, მითითებული გარემოებები შეიძლება გახდეს მხოლოდ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ზომის – თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში მსჯავრდებულისთვის შეღავათის გაწევის და არა მის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სასჯელის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საფუძველი, რასაც ითხოვს დაცვის მხარე. სასამართლოს შეფასებით კ----– კ--------ისთვის დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან პირობითი მსჯავრის გამოყენება ვერ იქნება თანაზომიერი სასჯელი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე.
5.4. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დაბალანსების საფუძველზე კ----– კ--------ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
5.5. სასჯელის მიზნების უზრუნველყოფის მიზნით და ძალადობის მასშტაბის მხედველობაში მიღებით, აუცილებელია გარკვეული პერიოდით კ----– კ--------ის იზოლაცია ოჯახისგან. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის საფუძველზე, რ----- კ--------ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ----– კ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით კ----– კ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 ივლისიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
რ----- კ--------ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღბული ფოტომასალა ერთ დისკზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა