განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- ქ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--------------- ჰ------ ძე ჯ----–-, - ი------ ი--–------- რესპუბლიკის მოქალაქე, პასპორტის #H--------, დაბადებული 1--- წლის 2------ს, რეგისტრირებული: ი------ ი--–------- რესპუბლიკა, ქ. თ------ი, ნ---------- რაიონი, მ---------- გამზირი, შ---------------- ქუჩა #12 და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- თ------–---–-- ქუჩა #4-- პირადი #0----------.
ადვოკატი - თ------ ხ------–---–-
თარჯიმანი - ს----- რ--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ--------------- ჯ----–- და მ------- ლ-------------ძე დაახლოებით 6 თვე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ თბილისში, თ------–---–-- ქ.#4--–ი მდებარე ე.წ. ,,ჰოსტელში’’.
1.2. 2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, ავტომანქანით მგზავრობისას, მ--------------- ჯ----–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელი გაარტყა სახეში მეუღლეს მ------- ლ-------------ძეს, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდგომ, რათა თავიდან აერიდებინა ცემა, მ------- ლ-------------ძე გადახტა მიმავალი ავტომანქანიდან, რითაც შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა.
2.სასამართლომ დაადგინა:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა დ----- ჩ-----–--ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის 28 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარე პერიმეტრზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიმართა აღელვებულმა ქალბატონმა, მ------- ლ-------------ძემ და განუცხადა, რომ მეუღლემ მ--------------- ჯ----–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ავტომანაქანაში მეუღლემ ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდგომაც მოსალოდნელი ცემის თავიდან არიდების მიზნით გადმოხტა მიმავალი ავტომანქანიდან. მოწმის განმარტებით დაზარალებულს ტუჩთან აღენიშნებოდა მცირედი სისხლჩაქცევა.
2.2. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა ლ---- გ------–---–მა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის 28 მაისს, მ------- ლ-------------ძის ზეპირი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამომძიებლის ჩვენებით, მ------- ლ-------------ძემ გამოკითხვის დროს განუცხადა, რომ ავტომანქანით მგზავრობისას მეუღლემ მ--------------- ჯ----–მა სახეში დაარტყა ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმემ ვერ დაადასტურა, დაზარალებულის სხეულზე რაიმე სახის დაზიანების კვალი. მოწმის განმარტებით, მ------- ლ-------------ძემ უარი განაცხადა შემაკავებელი ორდერის გამოცემასა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.
2.3. 28.05.2018 წ.ოქმით დგინდება, რომ მ------- ლ-------------ძემ გამომძიებელ ლ---- გ------–---–ს უარი განუცხადა შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე იმ მოტივით, რომ მას და მ--------------- ჯ----–ს შესაძლოა ერთ სამსახურში მოუწიოთ მუშაობა.
2.4. დაზარალებულმა მ------- ლ-------------ძემ გამოიყენა პროცესუალური უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის - ბრალდებულ მ--------------- ჯ----–-ს წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ძალადობის ფაქტთან მიმართებაში ვერ მიიღო ინფორმაცია უშუალოდ პირველადი წყაროსგან - შესაძლო მსხვერპლისგან.
2.5.ბრალდებულმა მ--------------- ჯ----–მა საბოლოო სიტყვაში გამორიცხა მისი მხრიდან არარეგისტრირებულ მეუღლეზე მ------- ლ-------------ძეზე ძალადობა და განმარტა, რომ საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში იმის დასტურად, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია. დაცვის მხარემ არ გამორიცხა მეუღლეებს შორის სიტყვიერი კონფლიქტის არსებობა, რა დროსაც მ------- ლ-------------ძემ თავად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბრალდებულს. 2018 წლის 29 მაისის მ--------------- ჯ----–-ს დაკავების ოქმში, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობის გრაფაში მითითებულია, რომ ბრალდებულს მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნება მცირე ესკორიაცია, ზედა ტუჩის შიდა მხარეს აღენიშნება წერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომლებიც დაკავებული პირის განმარტებით მიიღო 2018 წლის 28 მაისს მ------- ლ-------------ძესთან კონფლიქტის დროს.
2.6. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ოჯახში ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებულების მხრიდან მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებით, კერძოდ, მსხვერპლები ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე იმის გამო, რომ ისინი მატერიალურად დამოკიდებული არიან მოძალადეზე, სურთ მოძალადესთან თანაცხოვრების გაგრძელება, ან ეშინიათ მოძალადის. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულის ქცევიდან გამომდინარე, რომელიც გამოიხატა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმით, გამოძიებისათვის თავიდანვე განჭვრეტადი უნდა გამხდარიყო, რომ დაზარალებული არ გეგმავდა სამომავლოდ გამოძიებასთან თანამშრომლობას, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენცია, რომელიც 2017 წელს რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მიუთითებს, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, _ არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. საქმის მასალებით დგინდება, რომ მეუღლეებს შორის ინციდენტის გარკვეულ ეპიზოდს ესწრებოდა მ------- ლ-------------ძისა და მ--------------- ჯ----–-ს მენეჯერი სახელად ,,ჰასანი“. სასამართლოსთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ მოხდა დაზარალებულის მიერ დასახელებული პირის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე, პირს, რომელსაც დაზარალებულისგან განსხვავებით ვერ ექნებოდა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის იმუნიტეტი. როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, საქმეში შესაფასებელი დარჩა მხოლოდ ორი პირის დ----- ჩ-----–--ის და ლ---- გ------–---–ის ჩვენებები, რომლებიც თავის მხრივ არიან ირიბი მოწმეები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. ასეთი გამონაკლისის დაშვება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ამის პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მსჯელობს, რომ მხოლოდ ირიბი ჩვენება არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის მიღების საფუძველი.
2.7. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა მ--------------- ჯ----–-ს ბრალეულობა, თუ არ ჩავთვლით ორ ირიბ მტკიცებულებას, სხვა პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებული ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. განსახილველ შემთხვევაში, პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ დადგინდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, ასევე ვერ დადგინდა დანაშაულის კონსტრუქციისთვის სავალდებულო პირობა - ფიზიკური ტკივილის განცდა.
3.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი წესით არ დადასტურდა ბრალდებულ მ--------------- ჯ----–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--------------- ჯ----–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით მ--------------- ჯ----–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მ--------------- ჯ----–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
3. მ--------------- ჯ----–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა