გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2018
საქმის ნომერი
140310118002566594
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310118002566594

საქმე № 3/201-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ი--------–---

 

მოპასუხე: დ----- მ----------ი

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, დ----- მ----------ი (პირ. № 0----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

 

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 3 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რის გამოც მისი პოზიცია ამ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დ----- მ----------ი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 19 სექტემბრიდან;

 

მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 სექტემბრის ბრძანება № MOD 2 16 00005899.

 

3.2.2. დ----- მ----------ს 2016 წლის 19 სექტემბრიდან გაურფორმდა კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ";

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ----- მ----------ს შორის გაფორმებული, 2016 წლის 19 სექტემბრით დათარიღებული კონტრაქტი № 4341/16.

 

3.2.3. კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 ლარი; ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდება ამ მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა წარმოიშვება მის ირგვლივ.

 

იმავე მუხლის 7.4.1 და 7.4.3. ქვეპუნქტების მიხედვით, 7.3. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1., 9.1.4., 9.1.5., 9.1.7. და 9.3.1., 9.3.2. და 9.3.3. პუნქტებით ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტისას;

 

მტკიცებულება: კონტრაქტი.

 

3.2.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 აპრილის დადგენილებით დ----- მ----------ი ცნობილი იქნა დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და დაჯარიმდა 250 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულება: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 აპრილის დადგენილება (საქმე № 1205100182420771, საქმე № 4/146-18)

 

3.2.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 30 მაისის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) დ----- მ----------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 30 მაისის ბრძანება № MOD 2 18 00003060.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის № 683 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა დ----- მ----------მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;

 

დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 აპრილის დადგენილებით დ----- მ----------ი ცნობილი იქნა დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის.

 

დ----- მ----------ი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 30 მაისის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და დ----- მ----------თან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას).

 

დ----- მ----------თან მიმართებაში კონტრაქტის 9.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს;

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 000 ლარი - ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში არის გონივრული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

აღსანიშნავია, რომ დ----- მ----------ს პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნასა და მის ოდენობასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს - მას არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა კანონშესაბამისია, რითაც დ----- მ----------თან მიმართებაში დაცულია როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რაც უნდა იყოს არანკლებ 50 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, 3 000 ლარის 3%-ი 90 ლარია, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისისა და 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებებით ყადაღა დაედო დ----- მ----------ის საკუთრების/თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს, მდებარე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-------ში, საკადასტრო კოდით: 6--1--2--0-- და საკადასტრო კოდით 6--1--2------

 

იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ეს ღონისძიებები უნდა დარჩეს ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე დ----- მ----------ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 2016 წლის 19 სექტემბრის № 4341/16 კონტრაქტით გათვალისწინებული 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

2. დ----- მ----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

3. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისისა და 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო დ----- მ----------ის საკუთრების/თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს მის წილზე, მდებარე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-------ში, საკადასტრო კოდით: 6--1--2--0-- და საკადასტრო კოდით 6--1--2--0--- დარჩეს ძალაში ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი