გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2018
საქმის ნომერი
140310018002563388
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002563388

საქმე № 3/200-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ი--------–---

 

მოპასუხე: თ------ ს-----–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

ხელფასის სახით გაცემული თანხის - 367,60 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, კაპრალი თ------ ს-----–---–ი (პირ. № 5----------) მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის რადიოკავშირების ოცეულის მე-2 რადიოკავშირების ათეულის რადიოკავშირების მანქანის 1-ლი ეკიპაჟის უფროსად, საიდანაც კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათავისუფლდა 2017 წლის 18 ნოემბრიდან. მისი თანამდებობრივი სარგო და დანამატი ხელზე მისაღები თანხის სახით განსაზღვრული იყო 848,32 ლარით; მას 2017 წლის 20 ნოემბერს ზედმეტად ჩაერიცხა 13 დღის თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი პირად ანგარიშზე 367,60 ლარი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით; შესაბამისად, მას ეს თანხა ზედმეტად აქვს აღებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. კაპრალი თ------ ს-----–---–ი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის რადიოკავშირების ოცეულის მე-2 რადიოკავშირების ათეულის რადიოკავშირების მანქანის 1-ლი ეკიპაჟის უფროსად, საიდანაც კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათავისუფლდა 2017 წლის 18 ნოემბრიდან. მისი თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 848,32 ლარით;

 

მტკიცებულება: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2013 წლის 17 აგვისტოს № 2826, 2013 წლის 18 ოქტომბრის № 3557, 2014 წლის 25 მარტის № 996, 2016 წლის 1 აპრილის № 1908, 2016 წლის 19 დეკემბრის № 7950, 2017 წლის 9 თებერვლის № 708, № MOD 7 17 00008368 ბრძანებები, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 17 ნოემბრის № MOD 2 16 00001348 ბრძანება, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 2018 წლის 1 მაისის № MOD 9 18 00421883 მიმართვა.

 

3.2.2. თ------ ს-----–---–ს 2017 წლის 20 ნოემბერს სრულად ჩაერიცხა 848,32 ლარი პირად ანგარიშზე, საიდანაც 424,16 ლარი გადაირიცხა სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" ანგარიშზე;

 

მტკიცებულება: საგადასახადო მოთხოვნები: № 541876, № 541877, № 543535.

 

3.2.3. თ------ ს-----–---–ი 2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, ხოლო 2017 წლის 6 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე - შვებულებაში ოჯახური პირობების გამო. 2017 წლის 18 ნოემბრიდან დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან; იგი ნოემბრის თვეში განწესში არ იმყოფებოდა.

 

მტკიცებულება: სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 2018 წლის 17 ოქტომბრის № MOD 3 18 01047954 მიმართვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ხელფასის ნაწილი 13 სამუშაო დღისთვის, რაც მას რეალურად არ შეუსრულებია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე;

 

იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო; მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს; შრომითი გასამრჯელო მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.

 

დადგენილია, რომ თ------ ს-----–---–ი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებულიბრიგადის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის რადიოკავშირების ოცეულის მე-2 რადიოკავშირების ათეულის რადიოკავშირების მანქანის 1-ლი ეკიპაჟის უფროსად, და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები შრომითი გასამრჯელოს მიღების ნაწილში.

 

მისი თანამდებობრივი სარგო ხელზე მისაღები თანხის სახით განისაზღვრა 848,32 ლარით.

 

დადგენილია, რომ თ------ ს-----–---–ი 2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, ხოლო 2017 წლის 6 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე - შვებულებაში ოჯახური პირობების გამო. 2017 წლის 18 ნოემბრიდან დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, და ამ 18 დღიდან დაკისრებული მოვალეობები არ შეუსრულებია 13 დღის განმავლობაში;

 

მას 2017 წლის 20 ნოემბერს პირად ანგარიშზე საქართველოს თავდაცის სამინისტროსგან ჩაერიცხა სრული თვის - 2017 წლის ნოემბრის ხელფასი, თუმცა იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 2017 წლის 18 ნოემბრიდან და თანაც ამ 18 დღიდან მას 13 სამუშაო დღე არ უმუშავია; შესაბამისად, მან მიიღო სახელფასო ანაზღაურება იმ დღეებზეც, რაც მას არ უმუშავია - 367,60 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 367,60 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულების შეუსრულებლობამ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე თ------ ს-----–---–ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის ნოემბერში ზედმეტად მიღებული სახელფასო თანხის - 367 (სამასსამოცდაშვიდი) ლარისა და 60 თეთრის გადახდა.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი