გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.10.2018
საქმის ნომერი
140310018002426299
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002426299

საქმე № 3/101-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: ლ---- კ----------–ი

წარმომადგენლები: გ------- გ----- და ზ------ ჟ----ე

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენლები: თ----- ა---–-------, მ------ თ----------

 

მესამე პირები: მ-----– მ---------–ი და ზ------ კ------–-–---–ი

წარმომადგენელი: ი----- მ---------–-

 

მესამე პირი: კ------------------------–-----------------ი

წარმომადგენელი: ჯ----– ჩ--–-–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------–-ში მდებარე 402 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 179,37 მ2 შენობა-ნაგებობის მ-----– მ---------–ის (პირ. № 2----------) საკუთრებაში № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის № 882015019412-10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ლიმონათის საამქროსთან ზედდების ნაწილში.

 

სარჩელის თანახმად, ლ---- კ----------–მა (პირ. № 0----------) კ-------------------–--------------ისაგან 1993 წელს შეისყიდა კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში მდებარე ლიმონათის საამქრო, რაც უშუალოდ ესაზღვრება პურის საცხობ საამქროს; პურის საცხობი შეიძინა მ-----– მ---------–მა, თუმცა 2015 წლის 25 თებერვალს № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით, პურის საცხობთან ერთად, თავის სახელზე დაირეგისტრირა მიწის ის მონაკვეთიც, სადაც განთავსებულია ლიმონათის საამქრო. ეს რეგისტრაცია განხორციელდა იმდაგვარად, რომ მ-----– მ---------–მა საკადასტრო აზომვით ნახაზში შენობად აღნუსხა მხოლოდ პურის საცხობი, ლიმონათის საამქრო კი რეგისტრირებულ მონაცემებში არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ლიმონათის საამქროს ქვეშ არსებული მიწა მოექცა მ-----– მ---------–ის საკუთრებაში; მან შემდგომ ეს ქონება გაასხვისა ზ------ კ------–-–---–ზე (პირ. № 2----------).

 

2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირებმა - მ-----– მ---------–მა და ზ------ კ------–-–---–მა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ რეგისტრაცია განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. მ-----– მ---------–ის მითითებით, ლიმონათის საამქროს შენობა ნამდვილად ეკუთვნის ლ---- კ----------–ს, რაც იმდაგვარადაა მიშენებული მის კუთვნილ პურის საცხობზე, რომ საცხობის შესასვლელს ნაწილობრივ, ხოლო ფანჯარას მთლიანად ფარავს. მისი მიზანია, მოიშალოს ლიმონათის საამქრო, რომ სრულყოფილად შეძლოს კუთვნილი პურის საამქროს შენობით სარგებლობა. როგორც მ-----– მ---------–ი, ასევე ლ---- კ----------–ი ადრე წლებში ცდილობდნენ ორივე შენობის დარეგისტრირებას, თუმცა ვერ ახერხებდნენ.

 

კ------------------------–-----------------ის განმარტებით, პურის საცხობიც და ლიმონათის საამქროც თავის დროზე გასხვისდა ლ---- კ----------–სა და მ-----– მ---------–ზე, კ-------------ს მიღებული აქვს შესაბამისი საფასურიც და ამ ქონებაზე კ-------------ს რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კასპის რაიონის სოფელ ქ---------–ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1959 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით დადგინდა კასპის სოფლის კ-------------ისათვის პურის საცხობის ასაშენებლად 0,04 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, ქ---------–ის საკოლმეურნეო ბაზრის ნაკვეთის დასავლეთის მხარეს, მდინარე ლეხურის პირას;

 

მტკიცებულება: კასპის არქივის 2015 წლის 9 იანვრის № AA2014074003-04 საარქივო ცნობა.

 

3.2.2. კ-------------------–--------------ის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ---------–ის პურის საცხობის გამგის - მ-----– მ---------–ის განცხადება და დადგინდა ც----–---ის გ-------ის 1991 წლის 1 ოქტომბრის № 203 და რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 18 მაისის დადგენილებების სრული შესაბამისობით 1960 წელს აშენებულ ქ---------–ის კუსტარული წარმოების პურის საცხობის მიყიდვა;

 

მტკიცებულება: კ-------------------–--------------ის 1993 წლის 3 მაისის დადგენილება (სხდომის ოქმი № 4), კასპის არქივის 2014 წლის 2 დეკემბრის № AA2014068138-03 საარქივო ცნობა.

 

3.2.3. კ-------------------–--------------ასა და ქ---------–ის პურის საცხობის უფროსს მ-----– მ---------–ს შორის 1993 წლის 31 აგვისტოს შედგა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლითაც გ-------ამ ივალდებულა, შეასყიდოს მ-----– მ---------–ს პურის საცხობი კ-------------------–--------------ის 1993 წლის 3 მაისის და რწმუნებულთა კრების 1993 წლის 11 თებერვლის დადგენილებების საფუძველზე, რ-----------–---ის საპრივატიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი შეფასების ცნობის შესაბამისად; მ-----– მ---------–მა ივალდებულა, შესყიდვის დღიდან 5 წლის განმავლობაში ითანამშრომლოს კ-------------------–---თან სამუშაო პროფილის შეუცვლელად;

 

მტკიცებულება: 1993 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 

3.2.4. კ-------------------–--------------------–----------იასა და ქ---------–ის პურის საცხობის გამგეს მ-----– მ---------–ს შორის 1993 წლის 31 აგვისტოს შედგა აქტი იმის შესახებ, რომ მ-----– მ---------–მა, ც----–---ის გ-------ის პ-----------–----------იის 1993 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ნამდვილად გადაიხადა კ-------------------–---ის სალაროში ქ---------–ის პურის საცხობის ღირებულება;

 

მტკიცებულება: 1993 წლის 31 აგვისტოს აქტი.

 

3.2.5. კასპის არქივის 2014 წლის 2 დეკემბრის № AA2014068138-03 საარქივო ცნობის საფუძველზე მ-----– მ---------–ის სახელზე 2015 წლის 25 თებერვალს № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით აღირიცხა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------–-ში მდებარე 402 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 179,37 მ2 შენობა-ნაგებობა;

 

მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის № 882015019412-10 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.6. მ-----– მ---------–სა და ზ------ კ------–-–---–ს შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება;

 

მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის № 8820166008773-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.7. კ-------------------–--------------ის გადაწყვეტილებით აღინიშნა, რომ ქ---------–ის ლიმონათის საამქრო აგებულია 1962 წელს, რომლის ტექნიკური გადაიარაღება არ მომხდარა, მოწყობილობები და დანადგარები თითქმის მთლიანად ამორტიზებულია; საამქრო იძარცვება და მიზანშეწონლია მისი პრივატიზაცია, როგორც ზარალიანი ობიექტი; დაკმაყოფილდა ლ---- კ----------–ის განცხადება და დადგინდა ც----–---ის გ-------ის 1991 წლის 1 ოქტომბრის № 203 და ამავე წლის 1 ივლისის № 168 განკარგულების შესაბამისად, ქ---------–ის ლიმონათის საამქროს მიყიდვა;

 

მტკიცებულება: კ-------------------–--------------ის 1993 წლის 5 ივლისის დადგენილება (სხდომის ოქმი № 7), კასპის არქივის 2015 წლის 19 მარტის № AA2015018127-03 საარქივო ცნობა.

 

3.2.8. კ-------------------–--------------ასა და ქ---------–ის ლიმონათის საამქროს უფროსს ლ---- კ----------–ს შორის 1993 წლის 6 ივლისს შედგა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლითაც გ-------ამ ივალდებულა, შეასყიდოს ლ---- კ----------–ს ლიმონათის საამქრო კ-------------------–--------------ის 1993 წლის 5 ივლისის და რწმუნებულთა კრების 1993 წლის 11 თებერვლის დადგენილებების საფუძველზე, რ-----------–---ის საპრივატიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი შეფასების ცნობის შესაბამისად; ლ---- კ----------–მა ივალდებულა, შესყიდვის დღიდან 5 წლის განმავლობაში ითანამშრომლოს კ-------------------–---თან სამუშაო პროფილის შეუცვლელად;

 

მტკიცებულება: 1993 წლის 6 ივლისის ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

 

3.2.9. ლ---- კ----------–ის მიერ 1993 წლის 17 აგვისტოს კ-------------------–---ის სასარგებლოდ გადახდილი იქნა ქ---------–ის ლიმონათის საამქროს პრივატიზების თანხა;

 

მტკიცებულება: სალაროს შემოსავლის ორდერი № 350 (ქვითარი).

 

3.2.10. ლ---- კ----------–მა, მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ლიმონათის საამქროს საკუთრებაში რეგისტრაცია, თუმცა რეგისტრაცია ვერ მოხერხდა ზ------ კ------–-–---–ის საკუთრებაში მყოფ № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონების მონაცემებთან;

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ოქტომბრის № 882017904445-03, 2017 წლის 14 ნოემბრის № 882017904445-06, 2017 წლის 24 ნოემბრის № 882017904445-09, 2017 წლის 28 დეკემბრის № 882017904445-15 და 2018 წლის 30 იანვრის № 882017904445-16 გადაწყვეტილებები, სიტუაციური ნახაზი (ორთოფოტო).

 

3.2.11. ზ------ კ------–-–---–ის მიერ სასამართლოში აღძრულია სარჩელი ლ---- კ----------–ის მიმართ უკანონო ხელშეშლისა და შენობის დემონტაჟის შესახებ, რომლის თანახმადაც, მის კუთვნილ № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ლიმონათის საამქრო, რაც წარმოადგენს ლ---- კ----------–ის საკუთრებას, და მოსარჩელეს ხელი ეშლება თავის საკუთრებით სარგებლობაში.

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 140210017001797600, საქმე № 2/204-17).

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მ-----– მ---------–ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ლიმონათის საამქროს რეგისტრაციის ნაწილში, რამდენადაც დადგენილია, რომ სადავო აქტით მ-----– მ---------–ის საკუთრებაში მოექცა ლ---- კ----------–ის კუთვნილი შენობა-ნაგებობა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ მ-----– მ---------–ის საკუთრებაში 2015 წლის 25 თებერვალს № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით აღირიცხა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------–-ში მდებარე 402 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ის ნაკვეთი, რომლის ნაწილზეც განთავსებულია ლ---- კ----------–ის კუთვნილი შენობა-ნაგებობა - ლიმონათის საამქრო, რაზე საკუთრების უფლებაც მ-----– მ---------–ს არ გააჩნია;

 

თვით მ-----– მ---------–ის განმარტებითვე ირკვევა, რომ მისი საკუთრების რეგისტრაციისას მოხდა ლიმონათის საამქროს შენობის ქვეშ არსებული მიწის რეგისტრაცია, და ეს საამქრო ნამდვილად ეკუთვნის ლ---- კ----------–ს. მ-----– მ---------–ის მიზანია, მოიშალოს ლიმონათის საამქრო, რომ სრულყოფილად შეძლოს კუთვნილი პურის საამქროს შენობით სარგებლობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სადავოდ არ არის გამხდარი მ-----– მ---------–ისა და ლ---- კ----------–ის უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია; ორივე პირს გააჩნია ერთი და იგივე შინაარსისა და ფორმის დოკუმენტაცია - კ-------------------–---თან გაფორმებული აქტები, და ეს აქტები დაედო საფუძვლად მ-----– მ---------–ის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების რეგისტრაციას.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეში მესამე პირად ჩართულ კ------------------------–-----------------ი ადასტურებს პურისა და ლიმონათის საამქროების გასხვისებას ამ პირებზე და რაიმე სახის პრეტენზია ამ ქონებაზე არ გააჩნიათ.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას;

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რაზეც განთავსებულია ლ---- კ----------–ის კუთვნილი ლიმონათის საამქრო, მ-----– მ---------–ს არ გააჩნია საკუთრების უფლება, რის გამოც ამ ნაწილზე არ უნდა განხორციელებულიყო რეგისტრაცია.

 

აღსანიშნავია, რომ მ-----– მ---------–ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი იმდაგვარად, რომ მასზე ასახულია მხოლოდ პურის საცხობი, ხოლო ლიმონათის საამქრო - არა; ამავე დროს, საქმეზე თანდართული ორთოფოტოდანაც ნათლად იკვეთება, რომ სადავო ტერიტორიაზე განთავსებულია სხვა შენობა-ნაგებობაც (ასევე წარმოდგენილია ფოტოსურათიც).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

აქედან გამომდინარე, მითითებული რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ ლ---- კ----------–ის კუთვნილ ლიმონათის საამქროს ნაწილში;

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი, თუმცა იმის გამო, რომ იგი არ შუამდგომლობს ამ ხარჯის ანაზღაურებაზე, სასამართლო ვერ იმსჯელებს ამის შესახებ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ---- კ----------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------–-ში მდებარე 402 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 179,37 მ2 შენობა-ნაგებობის მ-----– მ---------–ის საკუთრებაში № 6--0--4--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის № 882015019412-10 გადაწყვეტილება ლიმონათის საამქროსთან ზედდების ნაწილში;

 

2. ზ------ ჟ----ის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი