განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/1----18
№09----------
21სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–------–----–--ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რე----------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--------–----------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------–--------------ში.
ადვოკატი - ალ-------------–----–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. შპს „ელ-----------ს“ (ს/ნ 2--------) დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა - რე----------–-–---–მა, 2018 წლის პირველ მარტს, დღის საათებში, ქ. თბილისში, შპს „ელ-----------ს“ ს/ნ (2--------) სახელით გასაღების მიზნით დაამზადა ფიქტიური სასაქონლო ოპერაციის ამსახველი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერიითა და ნომრით: ეა-1---------, ელექტრონული სასაქონლო ზედნადები სერიითა და ნომრით: ელ-0---------, 2018 წლის 0---------თ დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი N1-------, რომელთა თანახმად, ზემოაღნიშნულმა საწარმომ, შპს „გრ----–---ს“ (ს/ნ 4--------) თითქოსდა მიაწოდა 500 ერთეული პრინტერის კარტრიჯი, საერთო ღირებულებით 30 000 ლარი, რის შედეგადაც, დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 4576,27 ლარი. რე----------–-–---–მა იმავე დღეს, დაახლოებით 14:23 საათზე, ქ. თბილისში, პ--–-------------------ის წინ ზემოაღნიშნული ელექტრონული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადები 10 000 ლარად გაასაღა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართულ პირზე - გო-------------–---–ზე.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 სასამართლოს დასკვნა რე----------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ რე----------–-–---–ის ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გო-------------–---–ის და ნი----–------------ის გამოკითხვის ოქმებით მიღებულ ინფორმაციას, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ მასალებს და დოკუმენტებს, პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ფულად თანხას.
2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ რე----------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. პოლიციელებმა/კონფიდენტებმა არ უნდა მოახდინონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (Ramanauskas v. Lithuania, 74420/01, 2008 წლის 5 თებერვალი); თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია(Malininas v. Lithuania, 10071/04, 2008 წლის 1 ივლისი); ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებულიდანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი (Miliniene v. Lithuania, 74355/01, 2008 წლის 24 ივნისი). ამდენად, თუ ფარული აგენტის მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ პასიური მოქმედებით, მაშინ კონვენცია არ ირღვევა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების გაანალიზებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ფარული თანამშრომლის მონაწილეობა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში შემოიფარგლა მხოლოდ პასიური მოქმედებით. მას არ ჰქონია არავითარი გავლენა და აქტიური როლი ბრალდებულის განზრახვის ფორმირებაში და არც დანაშაულის ჩადენის პროცესში.
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია რე----------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ რე----------–-–---–ს ჰქონდა განზრახვა გასაღების მიზნით დაემზადებინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რაც განახორციელა კიდეც.
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი საკრედიტო ან საანგარისწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. მოცემული დანაშაულის საგანია საკრედიტო, საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტები, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო სხვა საგადასახადო დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საგადასახადო დავალება, ჩეკი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადება გულისხმობს როგორც მათი ნაწილის გაყალბებას, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას. ამასთან, ხსენებული დოკუმენტების გასაღება მდგომარეობს როგორც მათ უშუალოდ გამოყენებაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ.
3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს რომ იყენებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს ეს ქმედება.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.4. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - რე----------–-–---–მა ჩაიდინა ისეთი ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რე----------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რე----------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
5.5 სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულ რე----------–-–---–ს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ რე----------–-–---–ის სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------- განაჩენით რე----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.
5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ რე----------–-–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას შესაბამისად, კერძოდ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2-------- განაჩენი რე----------–-–---–ის მიმართ გასაჩივრებულია საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში და შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
ელექტრონული დისკები და საქმის მასალების ასლები მოთავსებული ერთ პაკეტში, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
რე----------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარი, რომელიც ინახება ს----------–------------------------------------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ს----------–------------------------------------------------------ის ეკონომიკურ დეპარტამენტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რე----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ რე----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 0---------დან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკები და საქმის მასალების ასლები მოთავსებული ერთ პაკეტში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
რე----------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარი, რომელიც ინახება ს----------–------------------------------------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს ს----------–------------------------------------------------------ის ეკონომიკურ დეპარტამენტს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი