გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-39-2018
(130310018002458656)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ბარბაქაძე
მოსარჩელე - გ---–---- დ-----–---–ი
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - მ------ ი--–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 2 აპრილის N61/11/გ გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის N01/145129/გ გადაწყვეტილება;
1.3. დაევალოს მოპასუხეს გასცეს მოსარჩელის სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე;
თავდაპირველად სარჩელი შემოტანილი იყო გ---–----- დ-----–---–ის სახელით. მოსარჩელე, ასევე, სადავოდ ხდიდა ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებას იმ ნაწილშიც, რომლითაც მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის კანონიერ პირად მონაცემად განისაზღვრა „გ---–---- დ-----–---–ი“ ნაცვლად „გ---–----- დ-----–---–ისა“. სასამართლოს დროებითი განჩინების შემდეგ მოსარჩელის სახელზე გაცემულ იქნა დროებითი პირადობის მოწმობა „გ---–---- დ-----–---–ის“ მონაცემებით. მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ მისი მონაცემების (კერძოდ, სახელის) შესახებ სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე სადავოდ არ ხდის და თანახმაა, რომ მის სახელად მითითებულ იქნეს „გ---–----“. აქედან გამომდინარე, სასამართლომ საოქმო განჩინებით მოსარჩელის სახელად ნაცვლად „გ---–----- დ-----–---–ისა“ მიუთითა „გ---–---- დ-----–---–ი“.
მოსარჩელე უთითებს, რომ 2018 წლის 6 მარტს მიმართა ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, რაზეც ეთქვა უარი. მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებებს და უთითებს, რომ კანონით მას მინიჭებული აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის აღების უფლება და ზოგადადაც ასეთი მოწმობა გაიცემა, ხოლო ელექტრონული მოწმობა გაიცემა როგორც ალტერნატივა. თუმცა იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სამსახურები როგორც წესი გასცემენ პირადობის მოწმობებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით, ხოლო მის გარეშე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მინისტრის ბრძანება არის კანონქვემდებარე აქტი და უპირატესობა უნდა მიენიჭოს იერარქიით ზემდგომ საკანონმდებლო აქტს. სასამართლოს სხდომაზე, ასევე, განაცხადა, რომ არის სასულიერო პირი და მისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, არ სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, შესაგებელში მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტს (იუსტიციის მინისტრის ბრძანება) შორის რაიმე სახის კოლიზიას ადგილი არ აქვს. კანონი აწესებს საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც, შესაძლებელია, არ მოხდეს პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით. ამგვარ შემთხვევებს მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არ აქვს.
მას შეუძლია, მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა და თავისუფლად განახორციელოს მისთვის მინიჭებული სამოქალაქო უფლებები.
3. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირი საქმეში არ ჩართულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელემ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაცემული გ---–----- დ-----–---–ის სახელზე სხვა საბუთებთან ერთად დაკარგა მგზავრობისას 2017 წლის 27 იანვარს. მან 2018 წლის 6 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობების გაცემა. ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 2 აპრილის N61/11/გ გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პირადობის მოწმობაში აღნიშნული მოქალაქის სახელი „გ---–-----“ და მამის სახელი „მ-----–ი“ იყო შეცდომა, დაბადების აქტის N63 ჩანაწერში მითითებული იყო განსხვავებული მონაცემი, კერძოდ, სახელი - გ---–----, მამის სახელი - ა-–---- (აღნიშნული დასტურდება საქმეზე დართული წერილობითი მასალით). ამ ჩანაწერის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მოქალაქის კანონიერ მონაცემად განსაზღვრა „გ---–---- ა-–----ს ასული დ-----–---–ი“ (ს.ფ. 12-14; 31-32; 88-93).
4.2. ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება 2018 წლის 13 აპრილს მოსარჩელემ გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის N01/145129/გ გადაწყვეტილებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 15-17).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის უარი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მასზე გასცეს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, კანომდებლობით დაშვებულია თუ არა ამგვარი შესაძლებლობა.
7.2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია ბრძანების პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.
7.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.
7.5. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.
7.6. სასამართლო მიუთითებს, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორის სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც „სახალხო სუვერენიტეტის“, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.
7.7. მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.
7.8. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
7.9. ამავე კანონის III თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი).
7.10. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
7.11. დადგენილია, რომ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
7.12. სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტოს ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 2 აპრილის N61/11/გ და სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის N01/145129/გ გადაწყვეტილებებით მოსარჩელეს განემარტა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ თანახმად, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაცემულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელი იყო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა და იგი არ გაიცემოდა გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.13. მოსარჩელე არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ კანონი მას აძლევს საშუალებას (ალტერნატივას) მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი ამის ვალდებულებას შეიცავს, რის გამოც მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამეთუ მოსარჩელე მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს ნების გამოვლენას, სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.
7.14. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
7.15. წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა.
7.16. ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
7.17. სასამართლო არ იზიარებს ნორმატიული აქტის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სახით განმარტებას და მიუთითებს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ სისტემური და ლოგიკური განმარტების შედეგად უნდა მივიჩნიოთ, რომ კანონმდებლის ნებაა საქართველოში გაიცეს, როგორც წესი, პირადობის მოწმობები ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით, ხოლო მის გარეშე მხოლოდ გამონაკლის - კანონითვე გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებითი მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. სადავო არ არის, რომ იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი რომელიმე ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.
7.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ, საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მხოლოდ ამ დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედებას ვადა გაუვიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო, გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.
7.20. მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს მისი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას და ითხოვს კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.
7.21. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
7.22. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
7.23. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.24. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
7.25. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
7.26. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის გადაწყვეტილებები არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება (ამ გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოცემის წესის არსებით დარღვევაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია), შესაბამისად, მათი ბათილობისა და არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის დავალების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
8. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის N3-39-2018 დროებითი გაჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, მოცემული დავის დასრულებამდე მოსარჩელის სახელზე გაეცა არაელექტრონული პირადობის მოწმობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ეს განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. გ---–---- დ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი