განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
330100118002547819
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 1 ოქტომბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---------------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ---------------–-------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------, დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები თ---–--–---–----–----------------------------–-------------------------------------------ში.

 

ადვოკატი - გ-----------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლიდან დღემდე, მ--------------–---–ი ყოფილ მეუღლეს ნ---------------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. ხოლო, 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ--------------–---–ი იმყოფებოდა თბილისში, ბ-----------------, რა დროსაც ყოფილ მეუღლეს ნ---------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სიგარეტის ნამწვი დააწვა მარცხენა ფეხის ზედა ნაწილში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ--------------–---–ი ყოფილ მეუღლეს ნ---------------ეს დაემუქრა, რომ მოკლავდა, აღნიშნულის შემდეგ ნ---------------ე წავიდა თბილისში, ი-------------–---–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 23:15 საათზე, კვლავ მივიდა მ--------------–---–ი და დაემუქრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც ნ---------------ემ განიცადა მორალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მ--------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებმა, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ცალ-ცალკე ან/და ერთობლიობაში.

 

2.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ს--------------–--ის, ნ---------------ის, ი-------------ის, მ--------------------ის, ა-–-----------------ას, შ--–-----------ას გამოკითხვის ოქმებს, ვიდეო ჩანაწერს, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებული მასალათა ერთობლიობა.

 

2.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების ს--------------–--ის, ნ---------------ის, ი-------------ის, მ--------------------ის, ა-–-----------------ას, შ--–-----------ას გამოკითხვის ოქმებით, ვიდეო ჩანაწერით და ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ 2016 წლიდან დღემდე, მ--------------–---–ი ყოფილ მეუღლეს ნ---------------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა, ხოლო 2018 წლის 14 ივნისს ბრალდებულმა მ------–---–მა ყოფილ მეუღლეს ნ---------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სიგარეტის ნამწვი დააწვა მარცხენა ფეხის ზედა ნაწილში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

3.5. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. აღსანიშნავია, რომს მუქარის განხორციელების დროს, აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამდენად მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში, ამდენად არ არის აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად, დამნაშავეს შესაძლებელია არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან ყოფილი მეუღლე და პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების ს--------------–--ის, ნ---------------ის, ი-------------ის, მ--------------------ის, ა-–-----------------ას, შ--–-----------ას გამოკითხვის ოქმებით, ვიდეო ჩანაწერით და ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ივნისს მ--------------–---–ი ყოფილ მეუღლეს ნ---------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------------–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - მუქარის (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

3.8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთათვისაც მ--------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სისხლის სამართლის საქმის მასალებით, არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომელიც შეურიგდა ბრალდებულს და არ აქვს მის მიმართ პრეტენზია, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

5.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

5.5. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.

 

5.6. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

5.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების პირობებში ითვალისწინებს მ--------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს - მ--------------–---–ი როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა მისი ოჯახის წევრზე, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ზიანს - იყო მუდმივად დაძაბული, არ ჰქონდათ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევა შესაძლებელი იქნება მ--------------–---–ის მიმართ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით, ვინაიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების (ახალი დანაშაულის ჩადენის) რისკი არის რეალური, რომლის აღმოფხვრა და სასჯელის ერთ-ერთი ძირითადი მიზნის - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება შესაძლებელია, მხოლოდ ამ სასჯელის გამოყენებით.

 

5.8. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით, ხოლო სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველის ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ--------------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

5.9. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, მ--------------–---–ს, რომელიც ნასამართლობის არმქონეა, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

2. მ--------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 ივნისიდან.

 

3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - 2 ცალი СD დისკი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე