გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-35-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე: შპს „და----------–------–ი“
წარმომადგენელი: თა---------–--–---–ი, და-----------–-------ე
მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: ცი----------ძე
მესამე პირი: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: ქე-----------–--ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8------------11 (07.07.2017წ.) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №8------------12 (20.08.2017წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №3----- გადაწყვეტლების ბათილად ცნობა.
1.4. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს გამოსცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შპს ,,და----------–------–ი"-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ქ. რ-------–----–---------------- მიმდებარედ არსებულ 12904.74 კვ.მ. უძრავ ნივთზე 2017 წლის 9 ივნისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტების საფუძველზე.
მოსარჩელის განმარტებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშეუსაბამოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2.1 მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს, ეთანხმება მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, და 2012 წლის 1 იანვრიდან ამ პირებისათვის საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამგვარი დოკუმენტი კი მოსარჩელეს არ წარუდგენია.
მოპასუხის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულად იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მას შეეძლო სარეგისტრაციოდ წარედგინა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ შენობა–ნაგებობებზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, რის შემდგომაც შესაძლებელი იქნებოდა შენობების ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და განმარტა, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან მოპასუხის მიერ სრულყოფილად არს შესწავლილი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 9 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისში შპს „დ-----------–----ლის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) დირექტორის დავით თავაძის (პირადი ნომერი 3----------) წარმომადგენელმა და------------მ (პირადი ნომერი 3----------) წარადგინა №8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ რ-------–----–---------------ზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 12904.74 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №8----------- სარეგისტრაციო განცხადება თ/დ მასალით (ტომი I; ს.ფ 118 - 136)
3.2. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენ დოკუმენტად მოსარჩელე მხარის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილია საარქივო ცნობა, ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №1856 გადაწყვეტილება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №8----------- სარეგისტრაციო განცხადება თ/დ მასალით (ტომი I; ს.ფ 118 - 136)
- 2017 წლის 21 მაისის №A-------------03 საარქივო ცნობა (ტომი I; ს.ფ 120)
- ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №1856 გადაწყვეტილება (ტომი I; ს.ფ 121)
3.3 საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა მიმართა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან, რომელმაც N14/31558 წერილით განმარტა, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათ არქივში არ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 20 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №231620 წერილი (ტომი I; ს.ფ 138)
- სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის წერილი (ტომი I; ს.ფ 141)
3.4 ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------05 (20.06.2017) გადაწყვეტილება და მოსარჩელეს განემარტა, რომ №8----------- სარეგისტრაციო განაცხადით წარდგენილ მიწის ნაკვეთზე იყო ინსტრუქციის განსაზღვრული ზედდება 0------------------------------------- და 0----------------- საკადასტრო კოდებით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემებთან. 0-------------------------------------- და 0----------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------05 (20.06.2017) გადაწყვეტილება (ტომი I; ს.ფ 140)
- სიტუაციური ნახაზი (ტომი I; ს.ფ 145)
- სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივნისის წერილი (ტომი I; ს.ფ 141)
3.5 ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8------------11 (07.07.2017) გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და მოთხოვნილ იქნა აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი მხოლოდ შენობა-ნაგებობების გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8------------11 (07.07.2017) გადაწყვეტილება (ტომი I; ს.ფ 147)
3.6 ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8------------12 (20.08.2017) გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8------------12 (20.08.2017) გადაწყვეტილება (ტომი I; ს.ფ 148)
3.7. მოსარჩელის მიერ, 2017 წლის 25 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის №8------------11 (07.07.2017) გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 25 ივლისს ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი I; ს.ფ 149-154)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილება (ტომი I; ს.ფ 195-199)
3.8 2012 წლის 09 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს N3-122-12 ბრძანებით ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის - შპს „და----------–------–ი“-ს საკუთრებაში არსებული 2006 წლის 11 დეკემბრის დაყადაღების (აღწერის) აქტში ჩამოთვლილი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 09 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს N3-122-12 ბრძანებით ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე (ტომი I; ს.ფ 175-179)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, და 2012 წლის 1 იანვრიდან ამ პირებისათვის საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამგვარი დოკუმენტი კი მოსარჩელეს საჯარო რეესტრში არ წარუდგენია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
„საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
6.2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
6.3 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
6.4 სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
6.5 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
6.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავდა რეგისტრაციის ცნებას, რომლის თანახმად, რეგისტრაცია გულისხმობს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტი განმარტავს სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას - სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო 22-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „და----------–------–ს“ მიწის ნაკვეთი გადაეცა უვადო სარგებლობაში, თუმცა მოსარჩელის მიერ არ წარდგენილა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შემდომ, ვინაიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, და 2012 წლის 1 იანვრიდან ამ პირებისათვის საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
6.7 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” მიღებული იქნა 1998 წლის 28 ოქტომბერს და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე (№ 1663 - Iს).
ამ კანონის 1-ლი მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით განმარტებულია, თუ რა იგულისხმება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადებად - ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მათ სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭება;
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1998 წლამდე კერძო საკუთრება არ არსებობდა და ამგვარი მიწები ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებს გადაეცემოდათ მხოლოდ სარგებლობაში, ხოლო აღნიშნული კანონის შემდეგ შესაძლებელი გახდა სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე კერძო საკუთრებაში გადაცემა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებული პირია ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-74 მუხლის თანახმად, „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ, საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დგინდება, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირებს, რომლებსაც გააჩნდათ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწა, შეეძლოთ, თავის სახელზე აღერიცხათ ეს მიწა 2012 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ამ დროის შემდეგ მათ დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ (აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ) მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია (საარქივო ცნობა, ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №1856 (28.11.1990) გადაწყვეტილება) არ წარმოშობდა ქალაქ რ-------–----–---------------ზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 12904.74 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე შპს „დ-----------–----ლის“ (ს/ნ: 2--------) საკუთრების უფლებას. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ №8----------- სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და დღეის მდგომარეობით წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრება საკადასტრო კოდით 0------------------------------------- და 0-----------------. რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები კი დარეგისტრირდა უძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში.
ამასთანავე, საქმეში მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ 2012 წლის 09 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს N3-122-12 ბრძანებით ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის - შპს „და----------–------–ი“-ს საკუთრებაში არსებული 2006 წლის 11 დეკემბრის დაყადაღების (აღწერის) აქტში ჩამოთვლილი ქონება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას, რის გამოც არ არსებობს სადავოდ გამხდარი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,დ-----------–----ლის” მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „დ-----------–----ლის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი