განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1--7-18
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ-------------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტ---------------------–-–-----–--ლი (დაბადებული - 1----–-–----- სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0---------1, ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------–-----------------------------------ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.
ადვოკატი: მ-----------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დისპოზიცია: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში 26 მაისის მოედნის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ--------–-–-----–---–ი უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდვე შეძენილ კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რაც ამოღებული იქნა მისი ზედაპირული შემოწმების დროს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ტ--------–-–-----–ვლის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე - თ--------------------------------- გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 24 მარტის პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 24 მარტის გამოკვლევის №7----- დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 26 მარტის ქიმიური ექსპერტიზის №6-------------- დასკვნა, ასევე ბრალდებულ ტ--------–-–-----–---–ის აღიარებითი ჩვენება და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ტ--------–-–-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულისიგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. რაც შეეხება უშუალოდ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით, კანონმდებელი მის დანაშაულის საგნად აცხადებს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ფსიქოაქტიური ნივთიერებებს. თავად დასახელებული კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით და ასევე, იმ ნივთიერებებზეც, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კატეგორიას და განსაზღვრულია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით. ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად კი, ამავე კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, ფსიქოაქტიური ზეგავლენა არის აღქმის, გუნება-განწყობის, ცნობიერების, შემეცნებისა და ქცევის შეცვლის თანამდევი ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, აკრძალულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.
3.3. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნაში. მოცემულ შემთხვევაში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ფსიქოაქტიური ნივთიერების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
3.4. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - თ--------------------------------- გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 24 მარტის პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 24 მარტის გამოკვლევის №7----- დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 26 მარტის ქიმიური ექსპერტიზის №6-------------- დასკვნით, ასევე ბრალდებულ ტ--------–-–-----–---–ის აღიარებითი ჩვენებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი 2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში 26 მაისის მოედნის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდვე შეძენილ კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რაც ამოღებული იქნა მისი ზედაპირული შემოწმების დროს.
3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ტ--------–-–-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. ტ--------–-–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ქმედების ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ ეტაპზე მას არ გააჩნია. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ტ--------–-–-----–---–ი 2018 წლის 3 აგვისტოს გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 6 აგვისტოს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით), რა დროსაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც დღემდე არ არის გადახდილი (დააზუსტა სასამართლო პროცესზე). გამომდინარე აქედან, სასამართლომ მის მიმართ უნდა გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული წესი და ტ--------–-–-----–---–ს განუსაზღვროს სამართლიანი სასჯელი.
4.5. ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს ტ--------–-–-----–---–ის აღიარებას, ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ოდენობას, მის წარსულ ცხოვრებას - პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით ტ--------–-–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ტ--------–-–-----–---–ის რესოციალიზაციას.
4.6. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში (ქმედების ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი) ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
4.7. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ტ--------–-–-----–---–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე განაჩენის 4.4. პუნქტში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
4.8. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, მსჯავრდებულს დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
4.9. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ--------–-–-----–---–ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებები.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მ--------------–-ბის ადმინისტრაციულ შენობაში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ--------–-–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც 63-ე მუხლის მიხედვით ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ - 2 წელი, მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ტ--------–-–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც 63-ე მუხლის მიხედვით ჩაეთვალოს პირობითად და 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
3. მსჯავრდებულ ტ--------–-–-----–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
4. მსჯავრდებულ ტ--------–-–-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ტ--------–-–-----–---–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. ტ--------–-–-----–---–ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.
7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ:
- ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მ---------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე