გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2018
საქმის ნომერი
330210118002405152
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11476-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე შპს „ი-----–----------–-----–------------“

წარმომადგენელი უ--------–---–ი

მოპასუხე მა---------- ბა------

წარმომადგენელები ვ-------------------ი, ა---–----------ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მა---------- ბა------ს, შპს „ინ----–-----ი სამ–-----–-- კო------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 169 951.78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 60 000 ლარი, სარგებელია - 35 791.78 ლარი, პირგასამტეხლოა - 74160 ლარი.

 

სარჩელის მიხედვით, მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ინ----–-----მა სამ–-----–-- კო------მ“ მსესხებელს 6 თვის ვადით სესხის სახით გადასცა 160 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლი განისაზღვრა 20%-ის მოცულობით. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, ვადამოსული გადასახდელის გადახდის დაგვიანების შეთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც შეადგენს 0.15%. მსესხებლის მიერ დაფარულია სესხის ძირითადი დავალიანებიდან 100 000 ლარი. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად, რის გამოც არსებული ვალდებულება შეადგენს 169 951.78 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თახაა - 60 000 ლარი, სარგებელია - 35 791.78 ლარი და პირგასამტეხლოა - 74160 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა---------- ბა------მ სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანების 60 000 ლარის და სარგებლის მხოლოდ 8580 ლარის ნაწილში. მოპასუხემ სესხზე დარიცხულ სარგებელთან მიმართებაში განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება სარჩელში დასახელებული სარგებლის ოდენობას, ვინაიდან იგი არასწორად იქნა დათვლილი. მოსარჩელის მიერ დასახელებულ პირგასამტეხლოს ნაწილში მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.

 

(სხდომის ოქმი 4.10.2018წ. 14:18:44. 14:19:27. 14:21:26)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 9 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ინ----–-----მა სამ–-----–-- საინჟინრო კო------მ“ მსესხებელს 6 თვის ვადით სესხის სახით გადასცა 115 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის 20%-ის დარიცხვით, რაც 2015 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 11 531.5 ლარს. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, ვადამოსული გადასახდელი გადახდის დაგვიანების შეთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.15%.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 19-22)

 

3.1.2. 2015 წლის 9 ივნისს მხარეებს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა სესხის ხელშეკრულების პირველ პუნქტში და სესხის ოდენობად განისაზღვრა 160 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 20%, რომელიც 2015 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით (ხელშეკრულების მოქმედების ვადით) შეადგენს 16 000 ლარს.

 

ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ 23)

 

3.1.3. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ და კრედიტორს აუნაზღაურა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, 100 000 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ 24-25)

 

3.1.4. შპს „ინ----–-----ი სამ–-----–-- საინჟინრო კო------ს“ რეორგანიზაციის და სახელწოდების ცვლილების შედეგად სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობს შპს „ინ----–-----ი სამ–-----–-- კო------ს“ სახელით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 26-28)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ინ----–-----ი სამ–-----–-- კო------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 403-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. უდავოა, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 9 ივნისს სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო მოსამზადებელ ეტაპზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ კერძოდ 60 000 ლარის და სარგებლის 8580 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

უდავოა, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც. სარგებლის ოდენობასთან მიმართებაში როგორც მოსარჩელე ასევე მოპასუხე მხარე განსხვავებულ მოსაზრებას ავითარებენ.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლს, მისი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც წარმოადგენს იმ ზიანს, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო.

 

ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.

 

განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად მოპასუხის ვალდებულების შესახებ გადაიხადოს ხელშეკრულებაში განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი. საქმეში არ მოიპოვება მხარეთა შეთანხმება ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდის შესახებ და მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე, რომლის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ირკვევა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა, მათ შორის სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული შესაბამისი პროცენტი კონკრეტული თანხის მითითებით. კერძოდ, დამატებითი შეთანხმების მიხედვით სესხის თანხა განისაზღვრა 160 000 ლარით, საპროცენტო სარგებელი 20% მოცულობით, რომელიც მთლიანობაში მხარეთა მიერ განისაზღვრა 16 000 ლარით.

 

დასახელებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხზე დარიცხული სარგებლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარეებს შორის არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე და ვინაიდან მანოუჩერ ბა------ს მიერ სარგებლის გადახდა არ დასტურდება მოპასუხეს დამატებით უნდა დაეკისროს 16000 ლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2015 წლის 9 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, ვადამოსული გადასახდელი გადახდის დაგვიანების შეთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.15%.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 74160 ლარი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს - 1000 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 2017,5 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟი 297,5 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ინ----–-----ი სამ–-----–-- კო------ს“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1მა---------- ბა------ს, შპს „ინ----–-----ი სამ–-----–-- კო------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს - 77000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 60 000 ლარი, სარგებელია - 16 000 ლარი და პირგასამტეხლოა - 1000 ლარი.

 

1.2 შპს „ინ----–-----ი სამ–-----–-- კო------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 92951,78 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ინ----–----- სამ–-----–-- კო------ს“ დაუბრუნდეს სარჩელზე 18.04.2018 წელს #7 საგადახდო დავალებით გადახდილი 5000 ლარის ნაწილი 2017,5 ლარი.

 

3. მა---------- ბა------ს, შპს „ინ----–-----ი სამ–-----–-- კო------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 297,5 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე