გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
190310018002542413
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-188-18 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ნ---ა თ----–---–ი

სხდომის მდივანი: ე-–--- ო----ე

მოსარჩელე - გ------- ვ--------–---–ი,წარმომადგენელი - კ------- შ------–---–ი,მოპასუხე - №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება,წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–ი,დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელე მოითხოვს №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შ----- ტ--------ს 2018 წლის 05 ივლისის №6----- განკარგულების ბათილად ცნობას.

 

მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 05 იანვრის №55 ბრძანების თანახმად, სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებული იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის ივნისის თვეში №7 პენიტენციური დაწესებულების დახურვის შემდგომ მსჯავრდებული ეტაპირებული იქნა №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცაღა 2018 წლის 05 ივლისს მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს ბათუმის №3 დაწესებულებიდან აცნობეს, რომ მოსარჩელე გადაყვანილი იქნა ხსენებულ დაწესებულებაში და იმავე დღეს №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით 2 თვის ვადით შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება, განკარგულების შინაარსი კი მდგომარეობს შემდგომში, რომ თითქოსდა 2018 წლის 04 ივლისს დაახლოებით 19 საათზე პირველი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არსებულ №17 საკანში განთავსებული მსჯავდრებული გ------- ვ--------–---–ი საკნის სარკმლიდან ხმამაღალი გადაძახილით უკავშირდებოდა სხვა საკნებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, მის საკანთან გასაფრთხილებლად მივიდნენ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორები ლ---- ს------–--ე და კ--- თ---------ე, რომლებმაც მოუწოდეს მსჯავრდებულს შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ გაითვალისწინა მორიგე განმწესის წევრების კანონიერი მოთხოვნა და კვლავ გააგრძელა ხმამაღალი გადაძახილი სხვა მსჯავრდებულებების მისამართით, რითაც მსჯავრდებულმა დაარღვია წესრიგი, გამოწვია ხმაური და ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

მოსარჩელის მითითებით, ყოველივე აღნიშნული არ შეესაბამება სიმანდვილეს, ვინაიდან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ყოველივე მიმართულია მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად, რასაც ადასტურებს ისიც, რომ 2018 წლის 05 ივლისს მსჯავრდებული №6 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა სრულიად უსაფუძვლოდ ბათუმის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში და ამასთან ორი თვის ვადით შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება. №6 დაწესებულების ადმინისტრაციამ შეგნებულად და მიზანმიმართულად მოახდინა ყოველივე ხსენებული, რათა მსჯავრდებული მოცილებული ყოფილიყო ოჯახის წევრებს. №3 დაწესებულებაში ეტაპირებით მსჯავრდებულს და მის ოჯახის წევრებს მოუსპეს ერთმანეთთან კონტაქტისა და მონახულების საშუალება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს სადავო განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელე კონკრეტულად ვერ ასაბუთებს თუ რომელი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება არ გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ. მოსარჩელე აცხადებს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. დაწესებულების დირექტორის მიერ განკარგულების გამოცემა მოხდა იმ მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. პატიმრობის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე დირექტორმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა გ------- ვ--------–---–ის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტს და დააკისრა ჩადენილი დარღვევის პროპორციული, მსჯავრდებული პიროვნების, მისი ქცევის, დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის შესაბამისი დისციპლინური სახდელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლების მიერ 2018 წლის 04 ივლისს 20:15 საათზე შედგენილი იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი. ოქმის თანახმად, დარღვევის შინაარსი გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 04 ივლისს დაახლოებით 19:00 საათზე პირველი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე №17 საკანში განთავსებული მსჯავრდებული გ------- ვ--------–---–ი საკნის სარკმლიდან ხმამაღალი გადაძახილით უკავშირდებოდა სხვა საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს. აღნიშნულ საკანთან გასაფრთხილებლად მივიდნენ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორები ლ---- ს------–--ე და კ--- თ---------ე, რომლებმაც მოუწოდეს მსჯავრდებულ გ. ვ--------–---–ს შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, მაგრამ მან ყურად არ იღო მათი კანონიერი მოთხოვნა და კვლავ გააგრძელა ხმამაღალი გადაძახილი სხვა მსჯავრდებულების მისამართით. აღნიშნული ქმედებით ამ უკანკნელმა დაარღვია წესრიგი და ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

მსჯავრდებულ გ------- ვ--------–---–ის მიმართ, 2018 წლის 04 ივლისს 21:30 საათზე შედგა დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობის ოქმი, რომელზედაც მან ხელის მოწერასა და ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

№6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 05 ივლისის №6----- განკარგულებით მსჯავრდებულ გ------- ვ--------–---–ს შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება ორი თვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

№6 პენიტენციური დაწესებულების 2018 წლის 04 ივლისის ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის ოქმი; (ს.ფ. 43-44)

 

2018 წლის 04 ივლისის დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობის ოქმი (ს. ფ. 47-48);

 

№6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 05 ივლისის №6----- განკარგულება (ს. ფ. 40-41);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. №6 პენიტენციური დაწესებულების 2018 წლის 04 ივლისის 18 საათიდან 20 საათამდე №17 საკნის დერეფნის სამეთვალყურეო ჩანაწერით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ივლისს 18:56:05, 19:00:45 და 19.02.52 საათზე №17 საკანთან გასაფრთხილებლად მივიდნენ სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომლები, ხოლო №17 საკანის ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, 2018 წლის 04 ივლისს 18:54:33 საათზე გ------- ვ--------–---–ი მიდის ფანჯარასთან, მიუხედავად სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომლების გაფრთხილებისა იგი კვლავ აგრძელებს ფანჯარასთან დგომას 18:56:50 საათამდე.

 

3.2.2. მოპასუხე - №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 05 ივლისის №6----- განკარგულება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან №6 პენიტენციური დაწესებულების 2018 წლის 04 ივლისის ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის ოქმში მითითებული ქმედების ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ,,კ" ქვეპუნქტისა და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გ------- ვ--------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი

4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; პატიმრობის კოდექსი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულება;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - გ------- ვ--------–---–ის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა'' ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის" პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამინისტროს მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.

 

საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის" მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები, ხოლო მესამე და მეოთხე ნაწილების თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობის მიზნით იქმნება საკონსულტაციო საბჭო. საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 121-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ 2018 წლის 04 ივლისს 20:15 საათზე შედგენილი იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი. ოქმის თანახმად, დარღვევის შინაარსი გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 04 ივლისს დაახლოებით 19:00 საათზე პირველი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე №17 საკანში განთავსებული მსჯავრდებული გ------- ვ--------–---–ი საკნის სარკმლიდან ხმამაღალი გადაძახილით უკავშირდებოდა სხვა საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს. აღნიშნულ საკანთან გასაფრთხილებლად მივიდნენ სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორები ლ---- ს------–--ე და კ--- თ---------ე, რომლებმაც მოუწოდეს მსჯავრდებულ გ. ვ--------–---–ს შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, მაგრამ მან არ შეასრულა მათი კანონიერი მოთხოვნა და კვლავ გააგრძელა ხმამაღალი გადაძახილი სხვა მსჯავრდებულების მისამართით. აღნიშნული ქმედებით ამ უკანასკნელმა დაარღვია წესრიგი და ხელი შეუშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

მსჯავრდებულ გ------- ვ--------–---–ის მიმართ, 2018 წლის 04 ივლისს 21:30 საათზე შედგა დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობის ოქმი, რომელზედაც მან ხელის მოწერასა და ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

№6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 05 ივლისის №6----- განკარგულებით მსჯავრდებულ გ------- ვ--------–---–ს შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება ორი თვით.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) №6 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე. დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის დებულებით, დადგენილი წესით. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით.

 

საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის" მე-80 მუხლის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; აღნიშნულ დათქმას ასევე ითვალისწინებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტი, რომლის შესრულება სავალდებულოა დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე. ხსენებული დებულების 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია: დაიცვას დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები, ხოლო მე-5 პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება: განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დღის განრიგს, დებულებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,პატიმრობის კოდექსის” XIV თავი, რომლის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის „გ'' და ,,მ'' ქვეპუნქტების შესაბამისად, ასეთ ქმედებად მიიჩნევა, დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა. დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი. ამავე საკანონმდებლო აქტის 82-ე მუხლი კი ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის სახეებს, რომლის პირველი ნაწილის ,,თ'' ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეა - სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 04 ივლისს პირველი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე №17 საკანში მყოფი მსჯავრდებულ გ------- ვ--------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საკნის სარკმლიდან სხვა საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებთან გადაძახილს, საკანთან გასაფრთხილებლად მივიდნენ სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომლები, რასაც არც მოსარჩელე უარყოფს. აღნიშნული უტყუარად დგინდება საკნის ვიდეო ჩანაწერის შინაარსითაც.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,პატიმრობის კოდექსის'' 84-ე მუხლის შინაარსზე, რომელშიც მოცემულია დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურაზე. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის 85-ე მუხლით დისციპლინური გადაცდომისთვისთვის დაწესებულების დირექტორს, მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება შეუფარდოს მსჯავრდებულს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს ან ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე - №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 05 ივლისის №6----- განკარგულება მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამინისტროს მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 05 ივლისს მსჯავრდებული №6 პენიტენციური დაწესებულებიდან უსაფუძვლოდ იქნა გადაყვანილი ბათუმის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, რითაც მსჯავრდებულს და მის ოჯახის წევრებს მოუსპეს ერთმანეთთან კონტაქტისა და მონახულების საშუალება, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი და იგი სცილდება განსახილველი დავის საგანს.

 

სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნა, რადგან თვლის, რომ ადგილი არ ჰქონია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძველს და წინააღმდეგობაში არ არიან საკითხის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი უწორობის გასწორების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

 

დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლოს მიერ დაშვებული იქნა უსწორობა, კერძოდ სასამართლოს არ უმჯელია №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან 2018 წლის 04 ივლისის 18 საათიდან 20 საათამდე №17 საკნის და დერეფნის გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დაბრუნების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თავისი ინიციატივით ზეპირი მოსმენის გარეშე განახორციელებს დაშვებული უსწორობის გასწორებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების მხარეთათვის დაკისრების დებულებებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ განხორციელებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა

 

1. გ------- ვ--------–---–ის სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 05 ივლისის №6----- განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;

 

3. №3-188-18 ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მოპასუხეს დაუბრუნდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---ა თ----–---–ი